Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტობა ზრდის ვაჭრობის მოცულობას


პეკინის ოლიმპიადა 2008
პეკინის ოლიმპიადა 2008
ოლიმპიადის მსგავსი დიდი სპორტული ღონისძიების მასპინძლობა ნამდვილად არის დიდი პრესტიჟის საქმე და ჯილდო, რასაც მსოფლიოს ბევრი ქალაქი და მთავრობა ესწრაფვის. მაგრამ მოაქვს თუ არა ამგვარ ძვირად ღირებულ საქმეს ეკონომიკური სარგებელი? ახალი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ დიახაც, სპორტული ასპარეზობა ძალიან უწყობს ხელს ვაჭრობის ზრდას. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ გამოკვლევის ავტორები იმასაც ამტკიცებენ, რომ სპორტული ღონისძიების მასპინძლობის წარუმატებელი მსურველებიც კი ანალოგიურ სარგებელს იღებენ.

ოლიმპიადის მასპინძლობის საზღაური ძალზე დიდია. ლონდონის 2012 წლის თამაშები, როგორც მოელიან, დაახლოებით 13, 5 მილიარდი დოლარი ეღირება. 2014 წლის სოჭის ზამთრის თამაშები კი - დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი.


აქამდე მგავსი ღონისძიებების მასპინძლობის ეკონომიკური გამართლება რთული იყო, რადგან დანახარჯები, ჩვეულებისამებრ, აღემატებოდა შემოსავლის სახით მიღებულ პირდაპირ სარგებელს. მაშ, რატომ არიან ქვეყნები ოლიმპიადის ჩატარების მოსურნენი?

ორმა ამერიკელმა ეკონომისტმა, სავარაუდოდ, მიაგნო ამ შეკითხვაზე პასუხს.

ახალ გამოკვლევაში ენდრიუ როსი და მარტ შპიგელი ამბობენ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებს ან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს მასპინძლობენ, ვაჭრობის ზრდა დიდ მასშტაბებს აღწევს. ისინა ამას ”ოლიმპიურ ეფექტს” უწოდებენ.

აი, რას ამბობს ენდრიუ როსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი:

”ქვეყანაში, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, ვაჭრობის მოცულობა 30 პროცენტით იზრდება. და ეს არის პერმანენტული და არა დროებითი ეფექტი. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ,ოლიმპიური ეფექტი მდგომარეობს ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვან გაზრდაში იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობენ,”

ეს ეფექტი კი უკავშირდება ვაჭრობის ლიბერალიზაციას.

2001 წელს ჩინეთმა მოიპოვა უფლება ემასპინძლა 2008 წლის ოლიმპიადისათვის, რამდენიმე თვის შემდეგ კი ჩინეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიღეს. იაპონიამ ოლიმპიურ თამაშებს პირველად 1964 წელს უმასპინძლა, ხოლო იმავე წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი გახდა. სამხრეთ კორეის მიერ ოლიმპიადის ჩატარება 1988 წელს ქვეყანაში პოლიტიკური ლიბერალიზაციით აღინიშნა.

მაგრამ ამერიკელი მეცნიერების, როსისა და შპიგელის, კვლევაში ყველაზე გასაოცარი, შესაძლოა, იყოს აღმოჩენა, რომ თურმე ოლიმპიადის მასპინძლობის ასპარეზობაში დამარცხებული ქვეყნებიც კი მსგავს ეკონომიკურ სარგებელს ღებულობენ.

ენდრიუ როსი განმარტავს, რომ როდესაც ქვეყნები გამოთქვამენ დიდი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის სურვილს, ეს არის ერთგვარი სიგნალი, რომ მათ სერიოზულად სურთ ვაჭრობის ლიბერალიზება.

”ჩვეულებრივ, როდესაც თქვენ ამჟღავნებთ სერიოზულ სურვილს მეგა-ღონისძიების ჩასატარებლად, ადამიანები და ინვესტორები ხვდებიან, რომ ამ ქვეყანას სერიოზულად სურს ვაჭრობის ლიბერალიზება, რის გამოც იწყება უხვი ინვესტიციების ჩადება ეკონომიკის სექტორებში, რომელთა ლიბერალიზებით დიდი მოგების მიღება შეიძლება.”

თუმცა ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევა ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ ხსნის.

მაგალითად, იმას, თუ რატომ ცდილობს ოლიმპიადის სამგზის მასპინძელი იაპონია, რომელიც ძალზე განვითარებული სახელმწიფოა, კიდევ ერთხელ მოიპოვოს ოლიმპიადის მასპიძელი ქვეყნის უფლება, ამჯერად 2016 წელს.
ან რატომ ცდის კვლავ და კვლავ ბედს ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა, მაგალითად, არგენტინა, რომლის ყველა მცდელობა მოეპოვებინა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება,ოთხივეჯერ წარუმატებლად დამთავრდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG