Accessibility links

logo-print
კი ბატონო, ვიცი: დასავლეთის ქვეყნებშიც რთავენ საარჩევნო კამპანიაში არტისტებს. მახსოვს, როგორ დაუჭირა მხარი შვარცენეგერმა მაკკეინს ან, თუნდაც, სიუზან სარანდონმა - ბარაკ ობამას. თუმცა, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, ობამას რომელიმე მხარდამჭერს მაკკეინის ხალხისთვის ეთქვა, თქვენზე მეტად გვიჭერს მხარს არტისტული ელიტა, ან, ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მეტი ინტელიგენცია გვყავსო...

ამერიკელებისგან განსხვავებით, საქართველოში ამბობენ. უფრო მეტიც, საქართველოში "ცნობადი სახეებისთვის" მიტინგებზეც კი საუკეთესო დროს გამოყოფენ ხოლმე. როცა არტისტების რიცხვი მიტინგზე თუ კარავში მნიშვნელოვნად იზრდება (აქ რაოდენობაა მთავარი!), დაპირისპირებული მხარე თავისი მხარდამჭერი არტისტების ძებნას იწყებს.

ახლაც ასე არ მოხდა? "დიალოგის მომხრე" შემოქმედებითი ელიტა - ზოგი, ნიჭიერი, ზოგიც უნიჭო, ზოგი ძალიან ნიჭიერი და ზოგიც ძალიან უნიჭო - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. სიტყვები "დიალოგი" და "მომხრე" ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ აშკარა იყო - ეს ხალხი ხელისუფლებას უჭერდა მხარს... და, თუ პირდაპირ არ უჭერდა, ის მაინც ნამდვილად არ მოსწონდა, რაც "საკნებში" ხდებოდა. ეგაა, რომ ასე გადაჭრით ვერავინ თქვა, მე მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კურსსო!

ვერ თქვა იმიტომ, რომ ინტელიგენციას - ქართულ საბჭოთას და პოსტსაბჭოთასაც - ყოველთვის ახასიათებდა ეს კომპლექსი; როგორც წესი, რცხვენოდა ხელისუფლების გვერდით ყოფნა და, ამავე დროს, ვერ ბედავდა მისგან გამიჯვნას - ზოგი ამიტომ და ზოგიც იმიტომ.

მაგრამ ინტელიგენციას - ქართულ საბჭოთას და პოსტსაბჭოთასაც - არასდროს რცხვენოდა უმრავლესობის გვერდით და უმრავლესობაში ყოფნისა. სწორედაც რომ პირიქით, ყველაფერს აკეთებდა, რათა მასების სიყვარული დაემსახურებინა; ზოგი იმით იყო ბედნიერი, რომ ბაზარში ცნობდნენ, ზოგს მოსწონდა, რომ ავტოინსპექტორი ქრთამს არ ართმევდა... ზოგსაც უფრო მეტი უნდოდა: საზღვარგარეთ მოგზაურობა, "ჩეკების მაღაზიები" და მოსაწვევები კინოს სახლის დახურულ სეანსებზე.

ინტელიგენცია შეიძლება დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ინტუიცია კი კარგი ჰქონდა. ამიტომ 1989 წელს გამსახურდიას გვერდით დადგა. შეიძლება დიდად არ იზიარებდა ეროვნული მოძრაობის ფასეულობებს, მაგრამ ხედავდა, რომ უმრავლესობას მოსწონდა. მერე, როცა გამსახურდიას გაუჭირდა, შევარდნაძე არჩია. ახლა ხედავს, რომ სააკაშვილი პოპულარული აღარაა, მაგრამ სხვა არაა ვინმე, მხარი რომ დაუჭიროს. ჯერ არაა ის ვინმე, რომელიც უმრავლესობას მოსწონს. როგორც კი გაჩნდება, ქართული ინტელიგენცია აუცილებლად მის გვერდით აღმოჩნდება.

ბაზრები და "ჩეკების მაღაზიები" დაიხურა, ავტოინსპექტორები პატრულმა შეცვალა. არც მოგზაურობაა დიდი პრობლემა. მაგრამ არტისტულ ელიტას მაინც იქ უნდა, სადაც უმრავლესობაა. ინტელიგენციის ერთ ნაწილს ჰგონია, რომ უმრავლესობა დღეს ქუჩაშია, "საკნებთან", ამიტომაც აქ მოსწონს დგომა. მეორე კი დარწმუნებულია, რომ ეს ხალხი არ გამოხატავს მთლიანად, საქართველოს საზოგადოების ნებას და რომ ხელისუფლებას ჯერ არ დაუკარგავს ავტორიტეტი. ამიტომაც არ ამბობს უარს პარლამენტში "გამოძახებაზე".

ინტელიგენცია ისევ გვმოძღვრავს. მაგრამ ისევ ძალის, სიმტკიცის გამომხატველ ფონზე. ერთგან ეს ფონი ოპოზიციაა. მეორე მხარეს -ხელისუფლება. არიან, რა თქმა უნდა, არტისტები, რომლებიც ცდილობენ, ერთსაც მოარიდონ თავი და მეორესაც. მაგრამ იმას მაინც ვერავინ ბედავს, რომ ძალის, სიმტკიცის გამომხატველ ამ "ბექგრაუნდს" დაუპირისპირდეს; გამოვიდეს და თქვას: "თქვენ ერთნაირები ხართ, ძმებო და დებო... თქვენი რიტორიკა აბსოლუტურად ერთნაირია. მაშ, რატომ იბრძვით? მოეხვიეთ ერთმანეთს!"

ცემით, შეიძლება, არ ცემონ, მაგრამ ის ერთ მხარეს ესემესების გმირი გახდება, მეორე მხარეს კი - იუმორისტული გადაცემების; დასცინებენ, დაამცირებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ ერთი-ორი წაუთაქონ თავში. გააჩნია, რამდენად მკვახედ იტყვის. თუკი მართლა ძალიან გაამწარა ეგ ჩვენი "ბექგრაუნდი", შეიძლება ჩაქოლონ კიდეც.

პიერ-პაოლო პაზოლინი ბედნიერი იქნებოდა, ასეთ გარემოში რომ ეცხოვრა. რამდენი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ სანუკვარი მიზნისთვის მიეღწია: სახარების ციტატად ექცია საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ფეხით ასულიყო გოლგოთაზე. სრულიად მარტო. ყველასგან მიტოვებული და შეურაცხყოფილი.

მისი აქაური "ძმა", სერგო ფარაჯანოვიც ბედნიერი იქნებოდა.

სოფიკო ჭიაურელმა მიამბო, 1987 წელს, კინემატოგრაფისტთა კავშირის ყრილობაზე, ტრიბუნიდან რომ ვთქვი, რა მოხდა, სერგო ფარაჯანოვმა "შუშანიკი" რომ გადაიღოს, რატომ არ ვაძლევთ, ხალხო, ამის საშუალებას-მეთქი, უნდა გენახა, რა ხდებოდა დარბაზშიო.

"გაასომხებს, გაასომხებს!" - აყვირდა ჩვენი კინემატოგრაფიული ელიტა, ჩვენი სანუკვარი ქართული ინტელიგენცია და სოფიკო ტრიბუნიდან ჩამოაგდო. ფარაჯანოვს რომ უამბეს, გასცინებია... მაშინ გამიკვირდა, რა აცინებდა, თავისი საოცნებო პროექტი ჩაეშალა-მეთქი. მოგვიანებით მივხვდი - ეს მართლა გულწრფელი და ბედნიერი ღიმილი იქნებოდა. თავისი საიათნოვას, აშუღ ყარიბის მსგავსად, ფარაჯანოვსაც უნდოდა, გამიჯვნოდა უმრავლესობას, რომელიც ყველგან და ყოველთვის აგრესიულია. მაშინაც, როცა მართალია და მაშინაც, როცა მტყუანია.

"შუშანიკის" გადაღებაც ამიტომ მოინდომა ალბათ. ამბისა ქალზე, რომელიც სულ მარტო დარჩა კოლაბორაციონისტი, კონფორმისტი, გულგრილი უმრავლესობის ფონზე, ქალზე, რომელიც გამოეყო ამ ფონს და დაიღუპა...

არა გვყავს ჩვენ ასეთი გმირები. არა გვყავს გმირი, რომელიც იმ რამდენიმე აქტივისტს, ტრიბუნასთან რომ დგას, მიტინგზე, ეტყვის: "ძმაო, 7 ნოემბერს, მანიფესტანტების ცემას რომ აპროტესტებ, ბარემ ისიც გაიხსენე, როგორ უჭერდი მხარს უიარაღო ახალგაზრდების დახვრეტას 1992 წელს"... რომელიც იქ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, "დიალოგის აუცილებლობაზე" მსჯელობასთან ერთად, ხელისუფლებას მოსთხოვს, სასწრაფოდ გამოიძიოს ახალგაზრდების წამების, ცემის ფაქტები, და იმასაც იკითხავს, რატომ არავინ ისჯება ხელისუფლებაში პოლიტიკური კრიზისის გამო, მედიაზე ზეწოლის გამო, ბიზნესის დატერორების გამო. ამას იკითხავს და პასუხს რომ ვერ მიიღებს, შეხვედრას დატოვებს. გამოვა გარეთ და ძალიან მარტო იგრძნობს თავს.

მარტო, მაგრამ ჭეშმარიტებასთან ერთად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG