Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენები შეშფოთებული არიან რუსეთის მცდელობით


კონგრესმენები გინგრი (მარცხნივ) და ბერკლი
კონგრესმენები გინგრი (მარცხნივ) და ბერკლი
დღევანდელი “უხილავი ფარდის”თემაა რუსეთის მცდელობა, კვლავ აღადგინოს თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში, აგრეთვე - დემოკრატისთვის ბრძოლა ამავე არეალში და აშშ-ის პოზიცია ამ საქმეში. რადიო თავისუფლებას პრაღაში სტუმრობდნენ ევროპელ და ამერიკელ კანონმდებელთა შეხვედრის მონაწილეები, აშშ-ის კონგრესის წევრები, რესპუბლიკელი ფილ გინგრი და დემოკრატი შელი ბერკლი.
ეს ორი კონგრესმენი აშშ-ის ორივე პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენს. ორივეს აზრით, წინა და ახლანდელი ადმინისტრაცია ვაშინგტონში ისეთ პარტნიორებს, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, გარეგნულად განსხვავებულად უდგება. დემოკრატი შელი ბერკლი ასე ფიქრობს:

“ცხადია, რომ წინა - ჯორჯ ბუშის - ადმინისტრაცია ძლიერ ემხრობოდა მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელების კონცეფციას. მე ვემხრობი ამ პოზიციას და ვიზიარებ ამ ფასეულობას. ასევე ვფიქრობ, რომ ობამას ადმინისტრაცია (მართალია,ის ერთობ ახალგაზრდა და ახალია და შეიძლება არც გაიზიაროთ მისი მიდგომა ზოგიერთი ქვეყნისადმი) არ ცვლის კურსს და აშშ-ის აქცენტებს. და მე,როგორც კონგრესის წევრი, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ კვლავაც შევუწყობთ ხელს მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას.”

კონგრესის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ფილ გინგრი ამბობს, რომ ის, როგორც რესპუბლიკელი, აშშ-ის წინა ადმინისტრაციას სავსებით ემხრობოდა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა ძალიან გვიყვარს და ვთვლით, რომ აქაური ექსპერიმენტი წარმატებული იყოო, გვითხრა მან. მაგალითად ერაყი რომ ავიღოთ, იქაც კი წარმატებულად ვმოქმედებთ, თუმცა ისიც ვიცით, რომ ამერიკის მსგავსი დემოკრატია იქ ვერ იქნებაო. გინგრი ქვეყანას ადარებს სპორტულ გუნდს, რომლის წარმატებაც მთლიანად მწვრთნელზეა დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ის სპორტსმენების უნარს. გინგრი ბუშისა და ობამას მიდგომებს შორის სულ მცირე, არარეალურ განსხვავებას ხედავს.
ამ კონტექსტში, ცხადია, საინტერესოა, რას ფიქრობენ ამერიკელი კანონმდებლები რუსეთზე. ჩვენმა კორესპონდენტმა მათ ჰკითხა, როგორ უნდა მოექცეს აშშ ამ ქვეყანას, როცა მისი ახლო მეზობელი, კერძოდ, საქართველო, ესწრაფვის დასავლეთთან დაახლოებას, კონკრეტულად კი, ნატოში გაწევრიანება სურს.

დემოკრატი კონგრესმენი შელი ბერკლი: “ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთისკენ,ნატოსკენ მის სწრაფვას. ჩვენ ჩაბმულნი ვართ ტრანსატლანტიკურ დიალოგში და გვქონდა კიდეც შეხვედრები ევროკავშირელ კოლეგებთან პრაღაში. აქ ჩამოსვლამდე, ესტონეთსა და ლიტვას ვეწვიეთ და ეს არ იყო შემთხვევითი ვიზიტი. ჩვენ, ცხადია, ძალიან შევშფოთდით, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა და, როგორც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს, გვსურდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ჩვენი სოლიდარობა გვეჩვენებინა, ამის დემონსტრირება მოგვეხდინა. ამიტომაც ჩავიდა დელეგაცია ესტონეთსა და ლიტვაში. შევხვდით ბელორუსიის დისიდენტებსაც, რათა გამოგვეხატა მხარდაჭერა დემოკრატიებისა და ისეთი ქვეყნისადმი, როგორიცაა ბელორუსია, ევროპის უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც თავი უნდა დაიხსნას დიქტატურის რეპრესიებისაგან.”

რუსეთთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ფილ გინგრმა:

”ვფიქრობ, ბევრად მნიშვნელოვანია, ისინი - განსაკუთრებით რუსეთი - ჩვენ პატივს გვცემდნენ, ვიდრე მოვწონდეთ. რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, მათი მხრიდან პატივისცემაც ყოფილიყო და სიმპათიაც - და შეიძლება ეს დღეც დადგეს, ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად უნდა ვიმუშაოთ. იმასვე ვიტყოდი ჩინეთზეც, ირანზეც და ყველა სხვა ქვეყანაზე, რომლებიც, შესაძლოა, ყველაფერში არ გვეთანხმებოდნენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენს ქმედებებში ძალა გამოსჭვიოდეს. ამიტომაცაა საჭირო ძლიერი ჯარის ყოლა - ჯარისა, რომლის რაოდენობაც მსოფლიოს დღევანდელი ვითარების შესაბამისი იქნება. მაგრამ აქ თქვენთან ერთად ყოფნა და რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების ეთერში გამოსვლა ზუსტად იმდენადვეა მნიშვნელოვანი, რამდენადაც სამხედრო ძალის ყოლა ან ის, რომ სხვები პატივს გვცემდნენ. ჩვენ თქვენს მსმენელებს რბილად ვესაუბრებით - თუმცა, ვფიქრობ, [ყოფილი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი] მართალი იყო, როცა ამბობდა, ამავე დროს, ჯოხიც თან უნდა ვიქონიოთო.”

დემოკრატი კონგრესმენი შელი ბერკლი განავრცობს რესპუბლიკელის მიერ გამოთქმულ აზრს და ამბობს, რომ პროცესი, რასაც გავლენის სფეროების გაცვლა ჰქვია, დასრულებულია:

”ჩვენ ძალიან გვაშფოთებს რუსეთის მცდელობა, თავისი გავლენა აღადგინოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე. ეს მართლაც დამაფიქრებელია. ჩვენ არ ვიზიარებთ მოსაზრებას გავლენის სფეროების არსებობის შესახებ - რომ, მაგალითად, ჩვენ რუსეთს რომელიმე ქვეყანას დავუთმობთ და, სამაგიეროდ, ის ჩვენ მოგვცემს სხვას. ასეთი პროცესები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და, ჩვენი რწმენით, უკვე დასრულებულიცაა. ამასთან, ჩვენ გადაჭრით არ ვეთანხმებით რუსეთის მხრიდან ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას. ასეთი ქმედება არ შეეფერება დემოკრატიულ საზოგადოებას და თავისუფალ ხალხს. თუკი არსებობს ისეთი ქვეყნები, რომლებიც ნავთობისა და ენერგეტიკის მიწოდების სფეროში მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებული, ამან შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნას, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პირობებში.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG