Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 24 აპრილი 2009


”24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერ ზურაბ ნოღაიდელთან. ”მე კარგად ვხედავდი და ახლაც ვხედავ, რომ ჯერჯერობით ქართულ საზოგადოებაში ხელისუფლების ცვლილებისთვის საკმარისი მუხტი არ არის. პროცესი დაიწყო, მაგრამ პროცესის დასრულებას დრო სჭირდება. ჩვენი შეფასებები იმით განსხვავდებოდა ბევრისგან, რომ ბევრის აზრით, ამ მოვლენების შედეგად, სააკაშვილი წავა. ჩვენ კი მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის წასვლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთი ეტაპია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და მას მივყვებით”, - აცხადებს ნოღაიდელი და იმავე ინტერვიუში იმასაც აღნიშნავს, რომ სააკაშვილი და ”ნაციონალური” მოძრაობა რაც უფრო მალე წავლენ ხელისუფლებიდან, მით უფრო მეტი შანსი ექნებათ შეინარჩუნონ პოლიტიკური მომავალი: ”თუ სააკაშვილის ხელისუფლებას გააგდებენ, რისი ალბათობაც მაღალია, შესაბამისად, სააკაშვილს და ”ნაციონალურ მოძრაობას” აღარანაირი პოლიტიკური მომავალი არ ექნებათ, ქონების, საჯარო სამსახურში მონაწილეობისა და სხვა პრივილეგიების ჩათვლით.”

”ნოღაიდელს არ აქვს უფლება ოპოზიციონერების გვერდით იდგეს. ბურჯანაძე სხვა ვითარებაა. მას ამისთვის უკეთესი პირობები ჰქონდა”, - აცხადებს ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე, და დასძენს იმასაც, რომ ბურჯანაძეს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და პასუხს მომავალ არჩევნებში აგებს. ინტერვიუს ”ვერსია” ბეჭდავს. ამავე გაზეთს ესაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი: ”ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მომხრეა დიალოგის, მეორე ნაწილი უარს აცხადებს. შიგნით დიდი კონკურენციაა, მიდის ბრძოლა - ვინ გაიმარჯვებს და დაიკავებს ოპოზიციურ ნიშას. თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ამ ნაწილს შორის არანაირი კონსპირაციული შეხვედრები არ იმართება. რაღაც მეგობრული ურთიერთობები არსებობს. წლების განმავლობაში ზოგი მეგობრობდა, ზოგიც ერთად მუშაობდა. ის, რომ ახლა ვიღაცამ პარტია შექმნა და ლიდერი დაირქვა, ხომ არ ნიშნავს, რომ ხმა აღარ უნდა გავცეთ?!” - კითხულობს წერეთელი, რომლის აზრითაც,ოპოზიცია საზოგადოების უმეტესი ნაწილის ხელისუფლების წინააღმდეგ მობილიზაციას ვერ ახერხებს, ”რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს ეს გზა სწორად არ მიაჩნია”, - აცხადებს წერეთელი და ”ვერსიისთვის” მიცემულ იმავე ინტერვიუში პრეზიდენტისადმი თანაგრძნობასაც გამოხატავს: ”მე მის ადგილას ყოფნას კოშმარშიც არ ვისურვებდი, იმიტომ რომ ამას სხვა მუხტი სჭირდება”, - ამბობს გიგი წერეთელი და დასძენს: ”ძალიან რთულია, როცა შენს უკან მდგომი ქვეყანა მუდმივად გივარდება და გართმევს თავისუფლებას.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” ტრადიციონალისტთა ლიდერ აკაკი ასათიანთან ინტერვიუს გაეცნობით. ის აქციების დროში გაწელვის სირთულეზე ლაპარაკობს: ”ეს იოლი არ არის, რთული მდგომარეობაა. რადიკალურ გზებს არ მივმართავთ, რადგან ჩვენ არ ვიცით, რუსეთი რას მოიმოქმედებს. ჭკუა არა აქვს რუსეთს და ამიტომ ანგარიშს ვუწევთ, რომ ჩვენი მიზეზით არ მოხდეს რამე”, - აცხადებს აკაკი ასათიანი. ”საქართველოს რესპუბლიკაშივე” გაეცნობით ინტერვიუს ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძესთან: ”როდესაც საპროტესტო მუხტი ქუჩის აქციებშია გადასული, ლოკალურ პერიოდში, ბუნებრივია, ეს მოქმედებს ეკონომიკაზე. ასეთ მდგომარეობაში სიტუაციის გარკვევამდე ინვესტორები თავს შეიკავებენ აქტიური მოქმედებებისგან. მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. პროტესტს საფუძვლად უდევს რაღაც. თუ ეს რაღაც არ გასწორდა, თუ ამ პროტესტის პოლიტიკური საფუძვლები არ გასწორდა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესი მაინც დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ამიტომ ბიზნესს სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან თოფს აქ არავინ ისვრის და არც არავინ აპირებს სროლას”, - ამბობს გიორხელიძე.

”რეზონანსი” წერს, რომ ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებო ზომებია მიღებული. მოწმდება ბარგი და მგზავრის ხელჩანთა. როგორც აეროპორტის საბაჟო სამსახურში გვითხრეს”, - წერს ავტორი, - ”მათ მიღებული აქვთ საგანგებო ბრძანება - სტამბულის, ასტანის, ბაქოსა და ალმა-ატას რეისების ბარგების შემოწმებასთან დაკავშირებით. ”საქართველოს ავიახაზების” წარმომადგენელი გიორგი კოდუა განმარტავს, რომ მან არაფერი იცის ამის შესახბე. შსს-ში კი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ”, - წერს ”რეზონანსი”, რომელთან საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სამხედრო ექსპერტები და ამბობენ, რომ ”შსს ეძებს ფულს, რომელიც, მათი ინფორმაციით, თითქოსდა ოპოზიციამ უნდა მიიღოს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG