Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში, მიცვალებულთა ხსენების დღეს, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროებიც გაიხსენეს. მუხათგვერდის მშენებარე საძმო სასაფლაოზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც დაიფიცა, რომ დაღუპული ჯარისკაცების საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მოგვიანებით კი სააკაშვილმა აგვისტოს ომში დამარცხებული ქართული არმიის გენერლები წმინდა გიორგის ორდენებით დააჯილდოვა, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საქმე ისაა, რომ წმინდა გიორგის ორდენი გამარჯვებისთვის განკუთვნილი უმაღლესი ჯილდოა, საქართველოს არმია კი აგვისტოს ომში დამარცხდა. რა უნდა იმალებოდეს საქართველოს პრეზიდენტის საომარი რიტორიკისა და მის მიერ უმაღლესი საბრძოლო ჯილდოების უხვად დარიგების უკან?

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 აპრილის დღე ქართველი სამხედროების გარემოცვაში გაატარა. უმაღლესი მთავარსარდალი თავდაპირველად მუხათგვერდის მშენებარე საძმო სასაფლაოზე ავიდა, ნუგეში სცა და მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებს და დაიფიცა, რომ დაღუპულთა მიერ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ვინმეს რომ არ ეფიქრა, საქართველო იარაღს აჟღარუნებს და ოკუპირებული ტერიტორიების ომით დასაბრუნებლად ემზადებაო, მიხეილ სააკაშვილმა იქვე განმარტა, რომ მხოლოდ თბილისის დაცვას გულისხმობდა:

”დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავიფიცეთ ჩვენი ბიჭების საფლავზე, რომ მათი საქმე მიყვანილი იქნება ბოლომდე. ის, რომ დღეს თბილისი დგას, ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ცოცხალია და ვითარდება, - ეს არის ამ ბიჭების დამსახურება.”

ნახევარსაათიან სიტყვაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მიხეილ სააკაშვილი შეეხო აგვისტოს ომში მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის რაოდენობას და რუსეთს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ისეთი გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში, რაც, მოსკოვზე რომ არაფერი ვთქვათ, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია.

”იმ პირობებში, როცა ჩვენთან შემოვიდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არმია, ყოველ შემთხვევაში, ამ არმიის პრაქტიკულად ყველა ბრძოლისუნარიანი შენაერთი, რამდენიმეათასიანი სატანკო კოლონა; როდესაც ჩვენ გვბომბავდა რამდენიმე ასეული თვითმფრინავი გაუჩერებლივ; როდესაც ჩვენ საზღვარზე გადმოვიდა უფრო მეტი ტანკი, ვიდრე თავის დროზე შევიდა ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში და ავღანეთში - 3 ათასზე მეტი ჯავშანტექნიკა იყო შემოსული საქართველოში.”

რუსეთის სამხედრო შემოჭრის მასშტაბები აგვისტოში დიდი იყო, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასახელებულ მონაცემებს ზომაზე მეტად გადაჭარბებულს და არარეალურს უწოდებენ სამხედრო საქმის მცოდნე ადამიანები, მათ შორის, 1992-93 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი, რომელმაც გახმაურებული დასკვნა წარმოადგინა აგვისტოს ომის მიმდინარეობასა და მასში მონაწილე სამხედრო ძალების რაოდენობაზე:

” ასი თვითმფრინავი ჰაერში ერთდროულად როგორ უნდა დაეტიოს, არ გადამრიო? ორ-ორი თვითმფრინავი დაფრინავს საჰაერო სივრცეში, მეტი სად უნდა დაეტიოს? ან ათასი ტანკი როგორ უნდა შემოვიდეს? ინტერვალს თუ აიღებ მარშზე 50 მეტრს, მაშინ კოლონა 50 კილომეტზე უნდა იყოს გაჭიმული.”

მაგრამ ყველაზე უფრო მეტი გაუგებრობა გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, რომელიც ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ზემოხსენებული სიტყვა დაასრულა. საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენებით, დააჯილდოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი დავით ნაირაშვილი, რომელიც სააკაშვილმა შეცდომით პოლკოვნიკად მოიხსენია:

” ჩვენ დავაჯილდოვეთ ბევრი დაღუპული მებრძოლი, მაგრამ იყვნენ ოფიცრები, რომლებიც ცოცხლები არიან და ძალიან მაგრად იბრძოლეს. მე მინდა ვთქვა ჩვენს საჰაერო ძალებზე. ჩვენი საჰაერო ძალები იყო ძალიან მომცრო შენაერთი. პირველივე რამდენიმე გაფრენით, მათ გაანადგურეს უზარმაზარი სატანკო კოლონა მოწინააღმდეგის, რომელიც იყო შემოსული როკის გვირაბიდან. მე მინდა ახალგაზრდა ქართველ პოლკოვნიკს დავით ნაირაშვილს გადავცე წმინდა გიორგის ორდენი.”

ფანფარების ხმაზე მიხეილ სააკაშვილმა წმინდა გიორგის ორდენით ასევე დაჯილდოვა გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელიც აგვისტოს ომის დროს არტილერიას ხელმძღვანელობდა. როგორც სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ისე ქართველმა არტილერისტებმა აგვისტოს ომის დროს მართლაც ისახელეს თავი. თუმცა საკითხავი ისაა, თუ რამდენად მართებულია უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით დამარცხებული ქვეყნის გენერლების დაჯილდოება. ”პრეზიდენტს, ჩანს, დაავიწყდა, რომ წმინდა გიორგის სახელობის ორდენი, კანონმდებლობის თანახმად, ენიჭება იმ პირს, ვისაც საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილიო”, - აღნიშნა ისტორიის პროფესორმა იგორ კვესელავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში:

”მსოფლიოს ისტორიში არ არსებობს პრეცედენტი, რომ დამარცხებული კაცი ღებულობდეს რაიმე ორდენს - ან მთავარსარდალი, ან მისი გენერლები. ეს, ჯერ ერთი, ორდენის გაუფასურებაც არის და გაუფასურება არის ქართული არმიის. მაგალითად, ჩემთვის ეს იყო გამაოგნებელი და ვერ დავიჯერე. და რა მიზანს ემსახურებოდა ეს, არ ვიცი. ეს ისევ ”პიარით” უნდა ავხსნათ, მეტით არაფრით.”

აღსანიშნავია, რომ წმინდა გიორგი სახელობის გამარჯვების ორდენის მინიჭებას ერთხელ უკვე ახლდა აზრთა სხვადასხვაობა. საქართველოს ისტორიაში უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, რომელსაც 2005 წლის 10 მაისს ეს ორდენი პირადად მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. ისევე როგორც დღეს, საზოგადოების ერთი ნაწილი მაშინაც აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს ისტორიის, რეალობისა და კანონების მიმართ თვითნებური დამოკიდებულების გამო. პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას დაკვირვებით, დამარცხებული არმიის გენერლების დაჯილდოებით, საქართველო ლათინური ამერიკის მოდელზე გადადის:

”როდესაც ეს ხდება იმის გამო, რომ სამხედრო ელიტის წარმომადგენლების მოსყიდვა ან კორუფცია განხორციელდეს. ბუნებრივია, როდესაც ასეთ პირობებში, როდესაც იძაბება ქვეყანაში სიტუაცია და პოლიტიკური კრიზისიდან ესკალაციაში გადადის, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მოქრთამვა, რათა, შესაბამისად, ისინი იყვნენ ანგარიშვალდებულნი და მევალეები იმავე პოლიტიკური რეჟიმის მიმართ.”

თუმცა მიხეილ სააკაშვილი არ ფიქრობს, რომ ქართული ჯარი აგვისტოს ომში დამარცხდა და უმაღლესი ჯილდოები დაუმსახურებლად დაარიგა. ”დღეს, საერთაშორისო ლეგიტიმაციის კუთხით, აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავითო”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 20 აპრილს, სამხედრო მოსამსახურეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.
XS
SM
MD
LG