Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს სასტუმროში მართავს


პარლამენტში გასამართი შეხვედრები სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” იმართება. 25 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ იქ ორი ასეთი შეხვედრა დანიშნა - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან და ესპანეთის პარლამენტის დელეგაციასთან. ესპანურ დელეგაციას შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთანაც ჰქონდა. ერთი დღით ადრე მათ არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებსაც მოუსმინეს. ამ პროცესების პარალელურად კი თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება.

თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. მატულობს საკნების რაოდენობა. რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩა გადაკეტილია. პარლამენტში გასამართმა სამუშაო შეხვედრებმა კი სასტუმრო ” შერატონ მეტეხი პალასში” გადაინაცვლა. იქ 25 აპრილს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის ძიების თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ესპანელ პარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან გამართა შეხვედრები.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე სასტუმროში დანიშნული შეხვედრით გამოწვეულ უკმაყოფილებას ვერ მალავდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატებს სასტუმროში არ უნდა იბარებდეს:

”ვწუხვარ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანის ქმედების გამო პარლამენტის თავმჯდომარე იძულებულია ჩვენთან სამუშაო შეხვედრა სასტუმროში გამართოს. ეს კანონსაწინააღმდეგოა და ძალიან ვწუხვართ, რომ რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა უკანონოდ, დემოკრატიული ინსტიტუტების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. მისაღები არ არის, რომ ჩვენ იძულებული ვართ სასტუმროში მოვიდეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხევედრაზე. ეს დასანანია.”

დავით ბაქრაძემ კი პასუხად თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იმაზე მეტს ითმებს, ვიდრე რომელიმე ევროპული ქვეყნის მთავრობა მოითმენდა: ”ამ ქვეყანაში დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის გულისთვის დღეს ხელისუფლება შეიძლება ითმენს ბევრ ისეთ პროცესს, რასაც არ მოითმენდნენ დასავლეთ ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების მთავრობები. თუმცა, მე ვფიქრობ,ეს არის აუცილებელი, რომ მოსახლეობამ თავისი თვალით იხილოს ყველაფერი და თავად გამოიტანოს დასკვნები.”

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ შეზღუდვებსა და, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბარია საჭირო დიპლომატიურ კორპუსთან იმისათვის, რომ სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდნენ: ”ჩვენ შევეცდებით ელჩებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, რას ფიქრობს ხელისუფლება.”

საფრანგეთის ელჩის დღევანდელ განცხადებას ოპოზიციის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. პარტია ”თავისუფლების” ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლას არავინ უშლის, ხოლო თავად ერიკ ფურნიეს, მისი თქმით, ემოციური და მოულოდნელი განცხადებების გაკეთება ახასიათებს.

რაც შეეხება ესპანური დელეგაციის ვიზიტს, ეს ვიზიტი, უმრავლესობის ერთ -ერთი წევრის, აკაკი მინაშვილის, თქმით, ქვეყანაში საპროტესტო ტალღის აგორებამდე გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი. შესაბამისად, ეს შეხვედრებიც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება:

”მე უკვე მქონდა მათთან შეხვედრა და ისინიც, როგორც ჩვენი არაერთი მეგობარი ქვეყანა, აღიარებენ, რომ საქართველომ გადადგა არაერთი სერიოზული ნაბიჯი დემოკრატიის კუთხით - არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ ოპოზიციამაც. ეს არის ნიშანი საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებისა. მეორე თემაა დიალოგის თემა, რაც უკეთესს გახდის თითოეული მოქალაქის ცხოვრებას საქართველოში. ყველა ჩვენი მეგობრისთვის ცალსახაა, რომ გამოსავალი არის კონსტრუქციული დიალოგი, რომ ყველა ჯგუფი მაგიდასთან დაჯდეს და ისაუბრონ იმ საკითხზე, რომელიც გამოიწვევს რეფორმების გაგრძელებას საქართველოში, ეკონომიკურ განვითარებას და ა.შ.”

ესპანეთის პარლამენტის დელეგაცია ერთი დღით ადრე არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდა, მათ შორის, “ალიანსი საქართველოსთვის ” ლიდერს ირაკლი ალასანიას, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა ქვეყანაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით.: “ავუხსენით, რა პროცესები მიმდინარეობს დღეს საქართველოში. მათი მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ უნდა შედგეს დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სწორედ ამ გზით უნდა მოგვარდეს შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. მათი დიდი დაინტერესება გამოიწვია ტერორის ფაქტებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მსვლელობისას, რამაც, ჩვენი აზრით, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უნდობლობა გაზარდა, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ესპანეთის დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან: ”ის ფაქტები, რაც მე მათ ვუამბე, დაწყებული დემოკრატიული პროცესების შეფერხებით, ომის შედეგებით, ე.წ. დიალოგის თემით, რომელსაც თან გვთავაზობს და თან აბუჩად იგდებს საზოგადოებას, და სხვა არაერთ თემაზე, ვფიქრობ, მათ ამ ყველაფერზე ადეკვატური რეაქცია ექნებოდათ.”

ესპანეთის პარლამენტის წევრმა ალექს ნუბერმა კი ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დიალოგი არის საუკეთესო საშუალება შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსასვლელად.”

ესპანურმა დელეგაციამ 25 აპრილს საპარლამენტო ოპოზიციასაც მოუსმინა.

ამ შეხვედრების პარალელურად, მიუხედავად ცუდი ამინდისა, აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში დადგმულ საკნებში კვლავ ათევენ ღამეს. რეგიონებიდან კი მათი მხარდამჭერების ჩამოსვლა გრძელდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG