Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 25 აპრილი 2009


მიმდინარე კვირის დასაწყისში, ორშაბათს, ”კვირის პალიტრამ” “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან, ინტერვიუ დაბეჭდა.

“მიმაჩნია, რომ შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. - პირადად უნდა გავაცნოთ მას ჩვენი სამართლიანი მოთხოვნის საფუძველი”, - უთხრა მან გაზეთს. - ” შეხვედრა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ როდესაც შეხვედრაზე მიდიხარ, აუცილებელია, მეორე მხარესაც მოუსმინო და გაიგო - რას გთავაზობს ის მოლაპარაკების პროცესში. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია თმობს თავის მოთხოვნას პრეზიდენტის გადადგომასა და ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, თითოეულ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის ინტერესები არის უზენაესი, რაც ყველა მოთხოვნაზე მაღლა უნდა დავაყენოთ”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, სათაურით “რეფერენდუმის იდეის ჩაგდებით ხელისუფლებასა და ხალხს შორის ბზარი კიდევ უფრო გაღრმავდა”.

ირაკლი ალასანიას სიტყვით, წინასწარ შეუძლებელია თქმა, რა კომპრომისზე შეიძლება წავიდნენ მხარეები მოლაპარაკების პროცესში. ” არ მაქვს იმედი, რომ შეხვედრა აუცილებლად წარმატებულად გაიმართება, - თქვა მან. - მე, უბრალოდ, ამის სურვილი მაქვს. გამოსავლის ძიება ყოველთვის მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი. სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს”... - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სამშაბათს ”ახალი თაობა” წერდა: “ცნობილი ნაციონალები სააკაშვილის მიტოვებას ჯერ არ ჩქარობენ. რამდენიმე მათგანი მართლაც სააკაშვილის ერთგულია. უმეტესობა კი ასე იმიტომ იქცევა, რომ ნაციონალების ხომალდს ჯერ ჩაძირვა არ ემუქრება. ამას ოპოზიციაში მყოფი ადამიანებიც გრძნობენ. ამიტომაც არის, რომ შარშან ბევრი ვითომ ოპოზიციონერი ჩაჯდა სააკაშვილის გემში. ისინი ახლაც ამ გემით მგზავრობენ. განსხვავება ისაა მხოლოდ, რომ მათ კაიუტას “ოპოზიცია” აწერია. როცა ეს გემი ჩაძირვას დაიწყებს, იქ მყოფები აუცილებლად დაიწყებენ მაშველი ნავების ძებნას. ამ დროისთვის ისინი გადახტომას არ ჩქარობენ, რაც მიანიშნებს, რომ სააკაშვილის გემზე ჯერ ყველაფერი რიგზეა”, - ვკითხულობთ “ახალი თაობის ” პუბლიკაციაში, სათაურით ”ვინ არის ოპოზიციაში მთავარი ’ნასედკა’ ”.

შაბათის ”რეზონანსი” კი უკვე იმაზე ლაპარაკობდა, რომ ”დათო ბაქრაძე, შესაძლოა, ოპოზიციაში წავიდეს”. სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი პუბლიკაციას, რომელშიც ამგვარი ვარაუდებია გამოთქმული. თუმცა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ”რეზონანსს” უთხრა: ,, არა მგონია, იგი ოპოზიციაში წავიდეს”, - და დასძინა: ” თუმცა ნუ დაგვავიწყდება სხვა ფაქტორები, თუნდაც ის, რომ მას საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს და ოპოზიციასთან დიალოგი არ გაუჭირდება.”

მთავარ პუბლიკაციას კი შაბათის ”რეზონანსი” ასეთი შეკითხვით იწყებს: ”პრეზიდენტი წასასვლელად ემზადება?” გაზეთი დღეს საქართველოში შექმნილ ვითარებას აღწერს და წერს: ”ოფიციალურად სააკაშვილი გადადგომას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როცა იგი კარტოფილის მოსალოდნელ მოსავალზე საუბრობს, მისი უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციასთან ისაუბრებენ ყველაფერზე, გარდა სააკაშვილის გადადგომისა”. - თუმცა კულუარებში საუბრობენო, - განაგრძობს ”რეზონანსი”, რომ ”სააკაშვილი გადადგომის გადაწყვეტილებას უკვე შეგუებულია, ვინაიდან მას ამერიკიდან და ევროპიდან საერთოდ აღარ აქვს მხარდაჭერა, და ახლა ოპოზიციასთან მოლაპარაკებას იმაზე მართავს, რომ საკუთარი და მისი ხალხის ხელშეუხებლობის გარანტია მიიღოს. ” რაოდენობაც კი სახელდებაო, წერს ”რეზონანსი”: ”სააკაშვილი 24-26 ადამიანის ხელშეუხებლობას ითხოვს და ოპოზიცია ამაზე უარზეაო.” ”რეზონანსი” იქვე ამატებს: რადგან ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, ამ ყველაფერს დრო გამოაჩენსო.

” პრეზიდენტს გადადგომისა არაფერი ეტყობა”, - ეს კი უკვე გია ნოდიას სიტყვები გახლავთ, ვრცელი წერილიდან, რომელიც შაბათის ”24 საათმა” დაბეჭდა.
ოპოზიცია ამბობს, სანამ არ გადადგება, არ დავიშლებითო, - განაგრძობს გია ნოდია,- ორივე ირწმუნება, ძალას არ გამოვიყენებთო. სიტყვა დიალოგი ოპოზიციამ ეშმაკის ენად შერაცხა. ესე იგი რა იქნება? - კითხულობს გია ნოდია და ამბობს, რომ ამაზე ფიქრში მისი ყურადღება მიიპყრო მსგავსმა ვითარებამ, რომელიც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განვითარდა. შემდეგ გია ნოდია ამ ვითარებას აანალიზებს და მორიგ კითხვას სვამს: ” რა უნდა მოხდეს, რომ ჩვენმა ოპოზიციამ ჰეზბოლას გზას გადაუხვიოს?” - და განაგრძობს:” ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობა, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილიც კი მას ,,ეშმაკის გზის” ასარჩევად, ანუ ხელისუფლებასთან დიალოგისკენ უბიძგებს. რატომ უძალიანდება ის ამ გზას ასე ძალიან? კიდევ აქვს ხელისფლების გადაყენების რეალური იმედი და იმიტომ? არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას აქვს, მაგრამ ოპოზიიის ყველა ლიდერზე მიჭირს ამის თქმა”, - წერს გია ნოდია და დაასკვნის: ” ძირითადი პრობლემა ოპოზიციის სიჭრელეა: დიალოგის პროექტის განხორციელება გარდაუვლად გამოიწვევს მის დაშლას, სადაც სუპერრადიკალები უბრალოდ რადიკალებს განუდგებიან. ამისა ოპოზიციას ცეცხლივით ეშინია, იმიტომ რომ ცალ-ცალკე მას არც ერთი სერიოზული პარტია ან ლიდერი არ ჰყავს”, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

შემდეგ გია ნოდია წერს, რომ ”მოპროტესტეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება ხელს აძლევს ოპოზიციას და არ უნდა ხელისუფლებას.” სტატიის ბოლოს კი ვკითხულობთ: ” მაგრამ შეიძლება ხელისუფლებას რაღაც ეტაპზე მართლა სხვა გაზა არ დარჩეს, თუ არა ძალა გამოიყენოს, რადგან არაოპოზიციონერი საზოგადოების უფლებაცაა დასაცავი. ” ეს ძალიან სახიფათო მომენტი იქნებაო, - წერს გია ნოდია.
პუბლიკაცია კი ამ სიტყვებით მთავრდება: ” მაგრამ ასეთ ვარიანტზე აქედანვე მშვიდად და ისტერიკის გარეშე უნდა ვისაუბროთ...” –
სრულად ამ წერილს შაბათის ”24 საათში” წაიკითხავთ.


XS
SM
MD
LG