Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ კულტურული ცხოვრება მხოლოდ "საჩვენებელი" არ იქნება...


ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება საქართველოში ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად ვითარდება. ანდა კულტურა ისევ და ისევ ყურადღების გადატანის საშუალებად გამოიყენება - მსუბუქი ხელოვნება იმის ილუზიის შესაქმნელად, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა (ან ყველაფერი კარგად იქნება), უფრო სერიოზული კი - თუკი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება იჩენს ყურადღებას სერიოზული ხელოვნების მიმართ - იმის დამამტკიცებლად, რომ ყველაფერი კარგადაა თავად ხელოვნებაში - ძიების პროცესი გრძელდება.

ოპოზიციის აქციებმა კულტურის ჩინოვნიკები რომ გამოაფხიზლა, ეს გამოჩნდა არა მხოლოდ დათმობებში (მხედველობაში მაქვს მწერალთა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი), არც იმ ინდაურებში, საახალწლოდ რომ გაეგზავნათ ქართველ ხელოვანებს... ამ კვირაში კულტურის სამინისტრომ სრულიად ორიგინალური ფესტივალის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო - მაისში, ”ევროვიზიის” პარალელურად, საქართველოში იგეგმება ფესტივალი ”ალტერვიზია”... კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განმარტებით, იმ მუსიკოსების ფესტივალი, რომლებიც მხოლოდ ცოცხალ მუსიკას უკრავენ და ხელოვნებაში შეზღუდვების წინააღმდეგ ილაშქრებენ...ეს იქნება იმის ნიშანიც, რომ ”საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, სადაც არავის არაფრის ეშინია”, - უთქვამს ნიკოლოზ რურუას.

ასეთი - "საჩვენებელი" - ხასიათი აქვს კიდევ ერთ ფესტივალს, რომელიც აღდგომა დღეს, 19 აპრილს, გაიხსნა თბილისში - ”აღდგომიდან ამაღლებამდე”. ამ მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებლები არიან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, კაკი რამიშვილის ფონდი ”ტრადიცია და ინოვაცია”... ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანი ტრადიციული და აკადემიური ხელოვნების პოპულარიზაცია, ხოლო პრიორიტეტი უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა შემოქმედების სამშობლოში წარმოჩენაა. 2008 წლის ფესტივალი ასახულია დოკუმენტურ ფილმში ”აღდგომიდან ამაღლებამდე”, რომლის პრემიერა წლევანდელი ფესტივალის გახსნის დღეს გაიმართა.

”აღდგომიდან ამაღლებამდე” ერთ-ერთია იმ ფესტივალებს შორის, რომელთაც მხარს უჭერს ქართული ეკლესია. მუსიკალური ფესტივალის გარდა, საქართველოში ტარდება მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალიც, რომლის პროგრამა ყოველწლიურად უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება, გეოგრაფია კი - უფრო ფართო...ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილს ვკითხეთ, რა განაპირობებს რელიგიის მიმართ ასეთ ინტერესს ქართულ კულტურაში. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ეს ტენდენცია მხოლოდ ქართულ ხელოვნებაში არ შეიმჩნევა:

”არ არსებობს პრობლემა, რომელზედაც მხატვრული ნაწარმოების გაკეთება არ შეიძლებოდეს. მათ შორისაა რელიგია. საკითხი, ალბათ, უნდა დაისვას ისე, თუ როგორ იქნება ის მოწოდებული... თუ გავიხსენებთ პაზოლინის ”მათეს სახარებას”, მივხვდებით, რომ სწორედ მინიმალიზმია ამ სათუთი თემის კინემატოგრაფიული ასახვის ერთადერთი გზა”, - ამბობს თეო ხატიაშვილი.

ეს, რაც შეეხება ფორმას... სისადავესა და უბრალოებას მართლმადიდებლური კულტურაც უპირატესობას ანიჭებს, თუმცა, როგორც წესი, მხოლოდ ტრადიციული ფორმებისა და გამომსახველობითი საშუალებების ფარგლებში. ამიტომაცაა, ალბათ, რომ მუსიკალური ფესტივალიც კი აკადემიური ხელოვნების პროპაგანდის მიზნით ტარდება. თუმცა თეო ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ პროპაგანდა და მხარდაჭერა დღეს არა აკადემიურსა და ტრადიციულს, არამედ სწორედ ექსპერიმენტულს, ინოვაციურს სჭირდება... როგორც ქართულ მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში, ასევე კინოში - ხელოვნების იმ დარგში, რომელშიც რელიგია დამკვიდრდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის აკრძალული იყო:

”60-იანი წლების რეჟისორები, ვისთვისაც ეროვნულობის თემა მნიშვნელოვანია, მართლმადიდებლურ სიმბოლიკას ხშირად იყენებენ... თუმცა ასეთი აფიშირება მაინც უფრო 90-იანი წლებიდან იწყება - იგივე, რაც ხდება ჩვენს კონკრეტულ ცხოვრებაში.. საქართველოში ეს, ალბათ, უფრო ზედაპირული, ილუსტრირებული ფორმითაა წარმოდგენილი და ეს ბუნებრივად მიმაჩნია... რეალურადაც ხომ ასეა? რელიგია ბევრისთვის მოდად იქცა... უფრო გარეგნული რიტუალია.. ფილმშიც ასეა - სწორხაზოვნად გადატანილი”, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

თეო ხატიაშვილის თქმით, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქართულ კინოში შეიმჩნეოდა რელიგიური სიმბოლიკის სწორხაზოვანი გამოყენება, ერთგვარ დეკორაციად ქცევა, რამაც რელიგიური კიჩის ხასიათი მიანიჭა ასეთ ფილმებს - ერთი მხრივ, ეროტიკა, ბილწსიტყვაობა, მეორე მხრივ, სანთლები და ხატები ქართული კინოს ატრიბუტად იქცაო, - ამბობს თეო ხატიაშვილი...და იმასაც აღნიშნავს, ასეთი ტენდენცია ქართული ხელოვნების სხვა დარგებშიც შეიმჩნევაო. შესაძლოა, ამ ტენდენციას ქართული ეკლესიაც ამჩნევდეს, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, - და სწორედ ამიტომაა, რომ ცდილობს აკადემიური, ტრადიციული, მაგრამ მაღალმხატვრული ხელოვნების პროპაგანდასო... ფესტივალი ”აღდგომიდან ამაღლებამდე” სწორედ ამის მაგალითია. გაგახსენებთ, რომ პირველ ფესტივალს, რომელიც 2002 წელს ჩატარდა, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი უძღვებოდა, მეორეს - კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე, მესამე ფესტივალის კონსულტანტი ლიანა ისაკაძე იყო. მეოთხე ფესტივალს, რომელიც 28 მაისს ბათუმში დაიხურება, ნიკა მემანიშვილი უხელმძღვანელებს. მანამდე კი, 10 მაისს, ფესტივალი თბილისიდან ბორჯომში გადაინაცვლებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ ფესტივალის საღამოებზე დასწრება უფასოა, რაც, მისი ორგანიზატორების თქმით, უფრო მასშტაბურს გახდის ამ ღონისძიებას.

”კარგი იქნება, რომ მომავალში ასეთ ფესტივალებზეც ინოვაციას დაუჭირონ მხარიო”, - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში თეო ხატიაშვილი... და შეგვახსენებს, რომ რელიგიური თემა შეიძლება ყოფით სიუჟეტებში წარმოჩნდეს... ხელოვნების ნაწარმოები, შესაძლებელია, შენიღბულად ატარებდეს რელიგიურ ნიშნებს.

”რელიგიური თემა არ ნიშნავს მხოლოდ ბიბლიური სიუჟეტის ინტერპრეტაციას. კინოს ისტორიაში უამრავი მაგალითია, როცა ფილმი არარელიგიურ თემას ეძღვნება, მაგრამ ძალიან რელიგიურია, განსხვავებით იმავე ძეფირელის ”იესოსგან”, რომელიც ძალიან პოპულარული იყო საქართველოში”, - გვითხრა თეო ხატიაშვილმა.

საქართველოში პოპულარული იყო რელიგიის თემაზე გადაღებული ის ფილმები, რომელთა აღქმა განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებდა - თუნდაც, ტვინის დაძაბვას...არადა, რელიგიაა სწორედ ის სფერო, რომელიც აზრისა და გრძნობის სიმდიდრეს, სიღრმეს მოითხოვს. თუკი იმ რელიგიურ ფესტივალებზე, რომლებიც ტარდება საქართველოში, სამეცნიერო სემინარებიც ჩატარდება, თუკი დაშვებული იქნება დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა, რელიგიური კულტურა მით უფრო მრავალფეროვანი იქნება და მით უფრო დააინტერესებს სხვადასხვა თაობებს, - ამბობს ჩვენთან საუბარში ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი

თუმცა ეს მოსაზრება, ალბათ, მხოლოდ რელიგიური კულტურის ფესტივალებს არ ეხება. თუკი კულტურული ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ”საჩვენებელი” არ იქნება, შესაძლოა, მან მართლაც შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საზოგადოების განვითარებასა და ახალი თაობის აღზრდაში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG