Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელთა 72 პროცენტი დიალოგის მომხრეა


პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნიშნები ვერც ოპოზიციის საპროტესტო აქციების მეცხრამეტე დღეს გამოიკვეთა. აქცია მომიტინგეთა თავშეყრის ეპიცენტრებში ჩვეული რადიკალიზმით გაგრძელდა, მოვლენათა განვითარების ზოგადი პერსპექტივა კი კვლავაც ბუნდოვანი დარჩა: ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტის უპირობო გადადგომის მოთხოვნით გამოსვლებს განაგრძობენ, პოზიციებს არც ხელისუფლება თმობს, საზოგადოება კი მაინც დიალოგის მოლოდინშია.

დაპირისპირებულ მხარეთა შორის პოზიციათა შეჯერების უმთავრეს საშუალებად დიალოგს მიიჩნევს თბილისის მოსახლეობის 72 პროცენტი. ასეთია ერთ-ერთი მაჩვენებელი იმ სოციოლოგიური გამოკითხვისა, რომელიც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ინიციატივით „სამოქალაქო მანიფესტის“ ფარგლებში 23-25 აპრილს ჩატარდა. სატელეფონო გამოკითხვის ინტერესის საგანი ამჯერად დიალოგის საჭიროება, შესაძლებლობები და წინაპირობები იყო. კითხვების ჩამონათვალი მცირე პილოტური გამოკითხვით შემუშავდა, გამოკითხვაში კი შემთხვევითი წესით შერჩეულმა 500-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი განმარტავს, კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო დიალოგისათვის საჭირო წინაპირობების განსაზღვრა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან. გამოკითხვის შედეგების თანახმად, იმისათვის, რომ დიალოგისათვის მზაობა აჩვენოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ოპოზიციას საეთერო დროის 50 პროცენტი უნდა დაუთმოს, ხელისუფლებამ კი თანამდებობიდან უნდა გადააყენოს ძალოვანი მინისტრები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. დიალოგისთვის ოპოზიციის მზაობის ინდიკატორებად კი გამოვლინდა დიალოგის დასრულებამდე მიტინგების დროებით შეჩერება, გარკვეულ ადგილებში პიკეტირების მოხსნა, საკნების რაოდენობის შემცირება და ასე შემდეგ. მოკლედ, „სამოქალაქო მანიფესტის“ სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური კრიზისის ამ ეტაპზე საზოგადოების დაკვეთა ვითარების გამწვავება კი არა, ჩიხიდან გამოსვლა და მოლაპარაკებების დაწყებაა. ვრცელდება ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ დიალოგის დაწყებას ხელისუფლება მიმდინარე კვირიდან გეგმავს, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას რადიკალები. სახელდება ხელისუფლების მიერ განსჯისათის მონიშნული თემებიც: ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა და საარჩევნო სისტემა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შენიშნავს იმასაც, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინათ ხელისუფლებას რადიკალური ოპოზიციის ერთ ნაწილთან შესაძლო მოლაპარაკებების ფორმატისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების შესახებ კონფიდენციალური კონტაქტები ჰქონდა. ამ კონტაქტებს უარყოფს რადიკალური ოპოზიცია. რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი კი აზუსტებს, რომ ამგვარი დეზინფორმაციით ხელისუფლება ოპოზიციის რიგებში განხეთქილების შეტანას ცდილობს. სხვათა შორის, სწორედ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ოპოზიციის ერთიანობის ნიშნად, გასულ კვირას საზოგადოებას გააცნო ერთობლივი განცხადება, რომლის მთავარი პოსტულატები დღეისთვისაც ძალაში რჩება. საქმე ეხება პრეზიდენტის უპირობო გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნებს.
XS
SM
MD
LG