Accessibility links

logo-print
საქართველო-რუსეთის ომი და მის ჰუმანიტარული შედეგები, კვლავ იქნება ყურადღების ცენტრში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელმაც 27 აპრილს დაიწყო მუშაობა. საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში ასევე შეტანილია დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა მოლდავეთში და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი გენერალური მდივნის არჩევის პროცედურილი საკითხი, რომლის განხილვაც, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების მსგავსად, 29 აპრილსაა დაგეგმილი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუჩმა ”სამარცხვინო” უწოდა იმ ფაქტს, რომ არ სრულდება ევროსაბჭოს იანვრის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე, უპირობოდ შეასრულოს მედვედევ-სარკოზის 11 აგვისტოს შეთანხმება და შეწყვიტოს სამხედრო ბაზების მშენებლობა ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე.
ლუის მარია დე პუჩი

”ვითარება ნათელია, ევროსაბჭოსათვის სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია და ამ მიდგომაში არაფერი შეცვლილა.” - განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია პუჩმა 27 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. თუმცა, იქვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ევროსაბჭო ვერაფერს უხერხებს რუსეთის პოზიციას, რომელსაც ”არ სურს რეზოლუციებში წაყენებული მოთხოვნების შესრულება.”

შესაბამისად, რაც უფრო ზომიერია თავის შეფასებებში ევროსაბჭოს ხელმძღვანელობა, მით უფრო ხისტი პოზიცია უკავია რუსეთს. რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, კომუნისტმა გენადი ზიუგანოვმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთი არათუ არ აპირებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე უარის თქმას, არამედ განაგრძობს ძალისხმევას, რომ ამ ნაბიჯს სხვებიც შეუერთდნენ.

გენადი ზიუგანოვი
"არავინ არ წაიღებს აღიარებას უკან. ეს მშვენივრად მოგეხსენებათ. დროა სხვებმაც აღიარონ ისინი. რატომ არა აქვთ სამხრეთ ოსებსა და აფხაზებს საკუთარი სუვერენიტეტისა და ღირსების უფლება? რატომ უნდა იცხოვრონ მათ სააკაშვილის ფრთის ქვეშ, რომელმაც საკუთარი რესპუბლიკა დააყენა კატასტროფის ზღვარზე? მან 30-ჯერ გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი. ასეთი მილიტარიზაცია ფაშისტურ გერმანიასაც კი არ ჰქონია თავის დროზე. რატომ აიარაღებენ მას კვლავ და რატომ უნდა უხელმძღვანელოს მან იმათ, ვისაც არ სურს მასთან ერთად ცხოვრება? რატომ? დაწყნარდით. ჩვენ გავაგრძელებთ სვლას შემდგომი ინტერგაციის გზაზე, პირველ რიგში სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთანო", უთხრა რუსეთის კომუნისტების ლიდერმა რადიო თავისუფლებას.

რუსეთის დელეგაცია იმითაც კმაყოფილი ჩანდა, რომ 27 აპრილის ბიუროს გადაწყვეტილებით რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების თაობაზე მიღებული რეზოლუციების (1647 და 1648) შერულებაზე დებატების დრო შემცირდა. საქართველო-რუსეთის ხარჯზე გამოთავისუფლებულ დროს კი პარლამენტარები დაუთმობენ საპარლამენტო ასამბლეის ახალი გენერალური მდივნის არჩევნების პროცედურის განხილვას. მომავალი არჩევნები კი, რომელიც ივნისშია დანიშნული, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის იმდენად მწვავე საკითხია, რომ შესაძლოა გადაფაროს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მოხსენებაც და დებატებიც. თუმცა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

გიორგი გაბაშვილი
”არა, ნამდვილად, იმიტომ, რომ ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ევროსაბჭოს პოზიცია, და, არა მგონია, რომ პოლიტიკურ ჯგუფებსა და კომიტეტებში, რუსეთმა მოახერხოს და რაიმე შეცვალოს იმ კარგად ჩამოყალიბებულ ტექსტებში, რომელსაც ევროსაბჭო მიიღებს. ეს იქნება ანგარიში, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, ყველა ის პოსტულატი მოხვდება, რომელიც ჩადებულია – რომ რუსეთი არათუ არ ასრულებს ვალდებულებებს, არამედ რეგრესის გზით მიდის და, ასევე მკაფიოდ დაფიქსირდება, რომ ის არ არსულებს ვალდებულებებს ადამაინის უფლებათა დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით.

თუმცა, უკვე ცნობილია, რომ 29 აპრილს, როდესაც საპარლამენტო ასამბლეა საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე იმსჯელებს, მიღებული აღარ იქნება ე.წ ახალი პოლიტიკური რეზოლუცია. დღის წესრიგის თანახმად დეპუტატები იმსჯელებენ მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების ჰუმანიტარულ ასპექტებზე, რომლის შესახებ მოხსენებით გამოვა ჰოლანდიელი დეპუტატი კურიერ იუნკერი.
შესაბამისად საქართველოს დელეგაცია შეეცდება, რათა ჰუმანიტარულ ასპექტებზე ახალ ირეზოლუციის ტექსტში მოხვდეს პოლიტიკური ხასიათის მოწოდება რუსეთის მიმართ, მათ შორის სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ჯარის გაყვანა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

თუმცა, შეკითხვა, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს და რა შედეგით დასრულდება რეზოლუციების ომი რუსეთსა და საქართველოს შორის, - საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, სავარაუდოდ, ისევ პასუხგაუცემელი დარჩება.
XS
SM
MD
LG