Accessibility links

logo-print
ახალი და ძალიან საშიში ღორის გრიპის შემთხვევების გახშირების გამო ჯანდაცვის მუშაკები მთელ მსოფლიოში მობილიზებული არიან. ვირუსთან ბრძოლის მიზნით ზოგიერთ ქვეყანაში მკაცრი ზომები ტარდება. პარალელურად, ექიმები ცდილობენ გრიპზე ინფორმაციამ არ გამოიწვიოს მასობრივი პანიკა.

მას შემდეგ, რაც მექსიკამ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ღორის გრიპის ახალი სახეობით 150-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში ემზადებიან ამ ვირუსთან საბრძოლველად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაავადება ვირუსის უნიკალურ ფორმას წარმოადგენს – ფრინველის, ღორის და ადამიანის ვირუსების კომბინაციას, რომელიც ადამიანებს შორის ხველით, ცემინებით და დაავადებულ პირთან უშუალო კონტაქტით გადადის. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსი ჯერ კიდევ ახალია და შეიძლება მან კვლავაც განიცადოს ცვლილება. გაურკვეველია ეს ცვლილება მას კიდევ უფრო საშიშს გახდის თუ, პირიქით, დაასუსტებს.

დაავადების სიმპტომებია მაღალი სიცხე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი და მშრალი ხველა. დაავადებულებს შორის გულისრევის და კუჭაშლილობის შემთხვევებიც იყო.

კონკრეტულად ღორის გრიპის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს; ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გამოდგება სხვა ვირუსების წინააღმდეგ არსებული ვაქცინები ამ გრიპისგან დასაცავად.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უკვე მუშაობს ახალი ვაქცინის შესაქმნელად. ამასთან, ცნობილია, რომ ორი უკვე არსებული პრეპარატი – ტამიფლუ და რელენზა – ეფექტიანია დაავადებულთა მკურნალობის პროცესში.

შესაძლო პანდემიასთან საბრძოლველად ემზადებიან საქართველოშიც. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, შოთა ცანავამ, ჩვენს რადიოს უთხრა, ქვეყანაში შესაბამის კორექტირებას გადის პანდემიური ვირუსის საწინააღმდეგო ღინისძიებების სტრატეგიული გეგმა. ამასთან, საქართველოში ვირუსის დიაგნოსტიკისთვის საჭირო შესაძლებლობებიც არის:

"საქართველოში არსებობს ამ ვირუსის სადიაგნოსტიკო შესაბამისი, დიდი უსაფრთხოების დონის ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ამ ვირუსის გამოყოფაზე მუშაობა, თუკი ადგილი ექნა ჩვენს ტერიტორიაზე ამ ვირუსის შემოსვლას."

შოთა ცანავას თქმით, საქართველოს გრიპთან საბრძოლველად პრეპარატ ტამიფლუს შეზღუდული რაოდენობაც მოეპოვება.

ეპიდემიის ეპიცენტრად მეხიკო რჩება– ამ 20-მილიონიან ქალაქში დაავადების 1,300-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დაავადებამ ეპიდემიის მასშტაბებს იმ მიზეზით მიაღწია, რომ ექიმებმა თავდაპირველად არ იცოდნენ, საქმე თუ ღორის გრიპის ახალ ტიპთან ჰქონდათ.

საკუთრივ ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, ოფიციალური პირები ცდილობენ აღკვეთონ პანიკის გავრცელება. კვირას, 26 აპრილს, მექსიკის პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა მოსახლეობის დამშვიდება სცადა:

"საუბარია დაავადებაზე რომელიც სერიოზულია, მაგრამ განკურნებას ექვემდებარება – განსაკუთრებით თუკი ადრეულ სტადიაზე მოხდა მისი დიაგნოსტიკა. მექსიკაში ყველა საჭირო მედიკამენტი გვაქვს იმისათვის, რომ დაავადების მომავალ შემთხვევებს გავუმკლავდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაავადება განკურნებას ექვემდებარება და ჩვენ წამალი მოგვეპოვება."

მართლაც, მეცნიერები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი იყო ღორის ან ფრინველის ვირუსს ფორმა ეცვალა და ახალ, ძალიან საშიშ ვირუსად ქცეულიყო, რომელიც ადამიანებში გავრცელდებოდა.

ამ გაფრთხილებების შედეგად, ბევრმა მთავრობამ მოიმარაგა ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, შესაძლო ეპიდემიის აღკვეთის მიზნით. (როგორც გითხარით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, პრეპარატ ტამიფლუს შეზღუდული მარაგი საქართველოშიც არის).

შეერთებულ შტატებში კვირას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შედეგად შესაძლებელი გახდა სხვადასხვა შტატისთვის ტამიფლუსა და რელენზის მარაგიდან 25 პროცენტის გამოყოფა. ეს დაახლოებით 12 მილიონ დოზას უდრის, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

ჯერჯერობით შეერთებულ შტატებში გრიპის 20 შემთხვევა აღირიცხა, ექვსი შემთხვევაა - კანადაში. 27 აპრილს პირველი შემთხვევა აღმოჩნდა ევროპაშიც – ესპანეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მამაკაცი, რომელიც ახლახან დაბრუნდა მექსიკიდან, ღორის გრიპითაა ავად. გამოკვლევები მიმდინარეობს ისრაელში და ახალ ზელანდიაშიც.

რამდენიმე ქვეყანამ აეროპორტებში მექსიკიდან და შეერთებული შტატებიდან ჩასული მგზავრების შემოწმება დაიწყო. გრიპის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მგზავრებს კარანტინის განყოფილებაში ათავსებენ.

თუმცა, როგორც გითხარით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ ხალხში პანიკა არ გაჩნდეს. ისინი ხაზგასმით აცხადებენ, რომ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში ვირუსი ჯერჯერობით ექვემდებარება მკურნალობას.
XS
SM
MD
LG