Accessibility links

ცხოვრება, როგორც სამართლიანობისთვის ბრძოლა - თენგიზ გუდავას გარდაცვალებისთვის


ორშაბათს პრაღაში, წმინდა ფაბიანისა და სებასტიანის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ახლობლები და მეგობრები დაემშვიდობნენ თენგიზ გუდავას - ჟურნალისტს, მწერალს, საბჭოთა პერიოდის დისიდენტს.

თენგიზ გუდავა ჩვენი რადიოს - რადიო "თავისუფლების" - თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში. ბოლოს, სანამ ის რადიოს დატოვებდა, რუსულ რედაქციაში მუშაობდა. უფრო ადრე, როცა რადიოში მოვიდა, ქართული რედაქციის კორესპონდენტი იყო.

თენგიზ გუდავა, 55 წლისა, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრაღაში, სადაც საცხოვრებლად და სამუშაოდ ოჯახთან ერთად დარჩა რადიოდან წასვლის შემდეგ.

გუდავა დისიდენტი იყო საბჭოთა კავშირში, რომელიც 1987 წელს იძულებით დაატოვებინეს უფროს ძმასთან, ედუარდთან ერთად. მისი ჟურნალისტური საქმიანობა უწინარესად პოლიტოლოგიას უკავშირდებოდა, მისი ავტორობით იქმნებოდა პროგრამები პირველ რიგში კავკასიასა და შუა აზიაზე. ერთხელ მას მეგობრებისთვის უთქვამს: ვისაც ერთი დღეც კი გაუტარებია საპატიმროში, თავისუფლების ფასი სხვანაირად ესმისო.

ძმები, ედუარდი და თენგიზი, საბჭოთა ბანაკში ხუთი წელი იმყოფებოდნენ. თავის დროზე ძმები კათოლიკური წესით მოინათლნენ. ამიტომაც იყო, რომ პანაშვიდი პრაღის ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში გაიმართა. როგორც ორშაბათს, წესის აღსრულების დროს, პადრე იანაჩეკმა თქვა, თენგიზი ცხოვრობდა რელიგიური ცხოვრებით და მისი არსებობა სამართლიანობისთვის ბრძოლას წარმოადგენდა.

თენგიზ გუდავა 15 აპრილს, გვიან საღამოს, სახლიდან გავიდა, სიგარეტის საყიდლად და შინ აღარ დაბრუნებულა. ორი დღის შემდეგ, მისი ცხედარს მორგში მიაგნეს. პოლიციია მხოლოდ იმას ამბობს, რომ თენგიზს მანქანა დაეჯახა.

თენგიზ გუდავას, ფერფლს პრაღაში კრემაციის შემდეგ, ხუთშაბათს გადაასვენებენ თბილისში და იქ, მამის გვერდით დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG