Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძემ ექიმებთან შეხვედრაზე პოლიტიკურ დიალოგზე ისაუბრა


ორშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში არსებული მდგომარეობა და პოლიტიკური დიალოგის თემა იყო.

"ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს, რომ დიალოგის პროცესში ჩართვის შედეგად მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების გატარებაში, ეკონომიკური პოლიტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნაში. პოლიტიკურ რეფორმებში იგულისხმება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, ახალი საარჩევნო სისტემის შექმნა და თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები", – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქვეყანაში ქუჩის აქციებით ხელისუფლება ოთხჯერ შეიცვალა და დღეს ქვეყანას აქვს შანსი, რომ ეს ცუდი ტრადიცია დასრულდეს: "ცუდია, როდესაც პოლიტიკოსების მიერ ქუჩის აქციები ბრძოლის მთავარ ხერხად განიხილება. რადიკალიზმი საბოლოო ჯამში საზოგადოების პოლარიზაციას იწვევს. პოლიტიკოსების ბრძოლამ ქვეყანა კი არ უნდა დაანგრიოს, არამედ წინ უნდა წაიყვანოს", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით ბაქრაძემ გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი შედგება: "იმედი მაქვს, რომ დიალოგი შედგება და რადიკალური ოპოზიცია მთლიანად ან მათი ცალკეული ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ ამ პროცესში. ქვეყნისათვის სასიკეთო შედეგების მოტანა მხოლოდ დიალოგს შეუძლია და არა რადიკალურ აქციებს", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ექიმებთან შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG