Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ბერნსმა ”რუსეთის მსოფლიო ფორუმზე” საქართველოზეც ისაუბრა


27 აპრილს ვაშინგტონში გამართულ ”რუსეთის მსოფლიო ფორუმზე” გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსმა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე ისაუბრა. თავდაპირველად მან სამ ძირითად ასპექტზე გაამახვილა ყურადღება: ”პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, სრულიად აშკარაა, მაგრამ მაინც იმსახურებს გამეორებას - რუსეთი მნიშვნელოვანია. რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების ორპარტიული კომისიის ბოლოდროინდელი დასკნვის თანახმად, ცოტა ქვეყანას თუ შეუძლია რუსეთზე მეტი ზეგავლენა მოახდინოს შეერთებული შტატების წარმატებაზე”; ”მეორე საკითხი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ასევე აშკარაა, მაგრამ იმსახურებს აღნიშვნას: დღევანდელი რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი” - აცხადებს ბერნსი და დასძენს: ”მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ახლანდელ მთავრობასთან გაკრვეული უთანხმოებები გვაქვს, ამის მიზეზი არ არის იდეოლოგიური ბრძოლა კომუნიზმსა და კაპიტალიზმს შორის. ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი და არც სარგებელს მოველით მისგან” და ბოლოს, უილიამ ბერნსმა კიდევ ერთ საკითხს გაუსვა ხაზი: ”მიუხედავად იმისა, რომ ზომიერი ოპტიმიზმით ველი მოსკოვის სამიტს, მესამე, რასაც აღვნიშნავდი არის ის, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება თანამშრომლობისა და კონკურენციის რთული ერთობლიობის რეჟიმში” - აღნიშნა ორშაბათის გამოსვლისას აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობის გარდა უილიამ ბერნსმა ისაუბრა იმ საკითხებზეც, რომლებზეც დღეს ორ ქვეყანას შორის შეუთანხმებლობა არსებობს: ”განსაკუთრებული უთანხმოების სფერო, რომელსაც სიფრთხილით სჭირდება მოგვარება, არის საქართველო და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, რუსეთსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობა. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი არ ეთანხმება რუსეთის გადაწყვეტილებას სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების აღიარების შესახებ - ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია აშკარა შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი პატივს არ სცემს თავისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებმა ლონდონში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების შესრულებამ და ჟენევის მოლაპარაკებებმა, რომელსაც, ჩვენი აზრით, ურთიერთნდობის აღდგენისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, უნდა მოიტანოს სტაბილურობა რეგიონში. აშშ გაგებით ეკიდება რუსეთსა და მის მეზობლებს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს, თუმცა, ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა და მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ალიანსთან ურთიერთობის შესახებ.

ჩვენ უნდა მოვაგვაროთ რუსეთისა და ნატოს ურთიერთობაში არსებული შეფერხება ისევე, როგორც რუსეთის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ევროპული ხელშეკრულებიდან გამოსვლით ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურების შესუსტების საფრთხე. ჩვენ მზად ვართ ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე მსჯელობისთვის და გვსურს შევიტყოთ მეტი ევროპის უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე პრეზიდენტ მედვედევის იდეების შესახებ” - განაცხადა უილიამ ბერნსმა გუშინდელ ფორუმზე”, - განაცხადა უილიამ ბერნსმა ”რუსეთის მსოფლიო ფორუმზე” გამოსვლისას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG