Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 28 აპრილი


”შუამავლის პრობლემა” – ”რეზონანსის” პირველ გვერდზე ქვეყნდება ამ სათაურით პუბლიკაცია, რომელიც პოლიტიკური დიალოგისა და შუამავლის საკითხს ეძღვნება. ”პარლამენტის თავმჯდომარესთან საიდუმლოდ ვინ მართავს შეხვედრებს და ვინ - არა, ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბაქრაძე მემუარებს დაწერს. მაგრამ ფაქტია, რომ ბაქრაძემ უკვე განაცხადა, რომ მასთან ოპოზიციის წარმომადგენლები საიდუმლოდ მართავენ შეხვედრებს. ოპოზიციაში მისი ეს განცხადება უკვე ”მიზანმიმართულ ტყუილად” შეფასდა. ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ ბაქრაძემ ამ განცხადებით ოპოზიციასთან დიალოგის გამართვის შანსი დაკარგა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ძნელია იმ მესამე მხარის მოძებნა, ვინც ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიალოგს უზრუნველყოფს და მიღწეული შეთანხმების შესრულების გარანტორი იქნება”, - წერს ”რეზონანსი”. ამავე გაზეთში წაიკითხავთ: ”საკანონმდებლო პროცესებმა საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლა. საპარლამენტო კომიტეტებმა გასვლითი სხდომები კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და გურიაში გამართეს. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ამგვარი მოქმედების შესახებ დავალება საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღეს იმის დასადასტურებლად, რომ საკანონმდებლო ორგანო პარალიზებული არ არის და, აქციების მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები შეუფერხებლად ფუნქციონირებენ”, - წერს ”რეზონანსის” კორესპონდენტი.

”24 საათში” ამერიკელი ავტორი დევიდ სმიტი მიმდინარე თვეში მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გამართული საპროტესტო აქციების მიმოხილვას სთავაზობს მკითხველს და დასძენს, რომ საპროტესტო გამოსვლები ”ნორმალურ დემოკრატიულ ფენომენად ითვლება”. საავტორო სვეტს სმიტი ასე ასრულებს: ”ამერიკაში ხალხს უფლება აქვს გააპროტესტოს მაღალი გადასახადები. პრეზიდენტ ობამას უსაფრთხოების დაცვის უფლება აქვს. ზოგს უფლება აქვს იმუშაოს ფინანსთა სამინისტროში ან გადაჭრას მე-15 ქუჩა, რათა ისადილოს რესტორან ”ოლდ ებიტ გრილში”. ამ რესტორანში მომუშავე ხალხსაც აქვს უფლება, იქ იყვნენ ყოველდღიურად. დაბოლოს, დემოკრატია რეალურად ემყარება თითოეულ მოქალაქეს, რომელიც პატივს სცემს დანარჩენი მოქალაქეების უფლებებს”, - წერს ”24 საათის” სვეტის ავტორი დევიდ სმიტი.

”ახალი თაობა” ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრა. რესპონდენტი ამბობს: ”გამოსავალი ის არის, რომ ხელისუფლება, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის კეთილდღეობის ზრდაზე უნდა ფიქრობდეს და თუკი ამ კეთილდღეობას, თვითმყოფადობას, მის პერსპექტივებს, ოჯახების ღირსებას და მათი შვილების მომავალს საფრთხე ემუქრება, ხელისუფლება სწორედ ამ საზოგადოებას უნდა გაესაუბროს და გაითვალისწინოს მისი კონკრეტული პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების ჯიუტობა, პირველ რიგში, მისთვის იქნება საზიანო. საბოლოო ჯამში, ადრე იქნება თუ გვიან, სიტუაცია გაირკვევა და აჯობებს, რომ ეს კონსტრუქციული გზების გამოყენებით მოხდეს”, - აღნიშნავს გიორხელიძე ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ალია” დაინტერესდა ვინ იქნება გადაცემა ”ნაცნობის” ახალი წამყვანი. როგორც ცნობილია, ორიოდე დღის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პროდიუსერებს პროექტ ”ნაცნობისთვის” ახალი წამყვანის მოძებნა შესთავაზა. რადიო ”უცნობის” დამფუძნებელი ბასა ჯანიკაშვილი ”ალიას” კორესპონდენტს ეუბნება: ”წამყვანის გამოცვლაზე წინასწარ გეტყვით, რომ საუბარი ზედმეტია. ჩვენ არ ვაპირებთ მის გამოცვლას. პირიქით, ჩვენ ვთქვით, რომ მოხდა ადამიანის შეურაცხყოფა და უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ გია კორკოტაშვილი დამნაშავეა, ან ბრალდებულია. მასზე არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და არც მოწმის. უბრალოდ, ფაქტზეა აღძრული საქმე, სადაც მონაწილეობდა, ალბათ, 30 კაცი მაინც. საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებაა დაადანაშაულოს, მაგრამ ჩვენ, დამამზადებელი სტუდია არ ვთვლით, რომ გია კორკოტაშვილი დამნაშავეა”, - ამბობს რადიო ”უცნობის” დამფუძნებელი ბასა ჯანიკაშვილი, რომელსაც ”ალიას” კორესპონდენტი დაუკავშირდა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG