Accessibility links

logo-print
28 აპრილს მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყანა სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა დღეს აღნიშნავს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოში 60 ადამიანი დაიღუპა. გაერთიანებულ პროფკავშირში მიიჩნევენ, რომ დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა განსაკუთრებით შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუარესდა. კრიტიკას არ იზიარებენ საქართველოს მთავრობაში, თუმცა აცხადებენ, რომ მზადდება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ტექნიკური საფრთხის კონტროლისა და შრომის უსაფრთხოების - მათ შორის, ინსპექტირების - საკითხებს მოაწესრიგებს.

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა ხსოვნის დღე გაერთიანებულმა პროფკავშირმა სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის პროექტ „ვარსკვლავების აკადემიის“ ჩამონგრეულ შენობასთან, აღნიშნა. მოგვიანებით გაერთიანებულმა პროფკავშირმა, როგორც მისი ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა - მათ შორის, ტელეკომპანიის დაღუპულ თანამშრომელთა - ხსოვნის აღსანიშნავად ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადა.

„დინამიკა არის მზარდი“, განაცხადა პეტრიაშვილმა, „პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 150 ადამიანი დაზიანდა, მათგან 60-ზე მეტი გარდაიცვალა. და ეს ხდება გაჩერებული ფაბრიკა-ქარხნების პირობებში. საკითხავია, რა მოხდებოდა საქართველოს ეკონომიკა მთელი დატვირთვით რომ მუშაობდეს.“

თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფაბრიკა-ქარხნებზე მეტად ადამიანები მშენებლობებზე იღუპებიან. ირკვევა, რომ 2007-2008 წლებში 60 სასიკვდილო შემთხვევიდან 21 მშენებლობაზე - უფრო ზუსტად კი, სამშენებლო ნაგებობებიდან გადმოვარდნისას - მოხდა. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ხმა, რომელიც მშენებლობაზე მომხდარი ერთ-ერთი უბედური შემთხვევის თვითმხილველს ეკუთვნის: „ქვევიდან ამაგრებდნენ, როცა მეოთხე სართულიდან ჩამოვარდნენ. ხმა გავიგეთ აქ, მაღაზიაში. მივედით. ერთს არა უშავდა, მეორე კი ვერ ლაპარაკობდა.“

საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირში მიიჩნევენ, რომ ტრავმირებულთა მდგომარეობას, სხეულის დაზიანებასთან ერთად, ამძიმებს ის სირთულე, რომელიც სარჩოს დანიშვნასა და ზიანის ანაზღაურებას ახლავს თან. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ბოლო დროს მკვეთრად იმატა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო სარჩელთა რაოდენობამ და ამის მიზეზი, მისივე თქმით, სამი წლის წინ, 2006 წელს, მიღებული შრომის კოდექსია:

„ფაქტია, რომ ხელისუფლებისთვის მეასეხარისხოვანია უსაფრთხო შრომა და ამას გამოხატავენ ინსტიტუციურადაც, იმიტომ რომ ინსტიტუციები მოშლილია ამ კუთხით. არ არსებობს შრომის ინსპექცია, ტექნიკური ინსპექცია, რომელიც შრომას უსაფრთხოს გახდიდა. არ არსებობს არანაირი დებულებები... ეს დებულებები უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებით 2006 წელს იქნა ანულირებული და არც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები გახლავთ რატიფიცირებული.“

ვითარების შესაცვლელად ირაკლი პეტრიაშვილი მთავრობასა და პარლამენტს რჩევით მიმართავს. კერძოდ, პროფკავშირის ლიდერის თქმით, იმისათვის, რომ წარმოებაში მომხდარი ყველა მძიმე და სასიკვდილო ტრავმა გამოკვლეული იქნეს ობიექტურად და გამჭვირვალედ, უნდა შეიქმნას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, შრომის ინსპექცია. პეტრიაშვილის თქმით, ასევე აუცილებელია საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს „წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულება“ და მასში გაითვალისწინოს პროფკავშირების, როგორც გამოკვლევის ერთ-ერთი კომპეტენტური მხარის, მონაწილეობა. თუმცა, კრიტიკის პასუხად, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა ამბობს, რომ შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების დარღვევებს არა აქვს სისტემური ხასიათი:

„ჩვენი კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის ყველა კონვენციას, რომელზედაც საქართველოა მიერთებული. ასე რომ, ასეთი უაპელაციო განცხადების საფუძველი არ არსებობს“, განაცხადა ვახტანგ ლეჟავამ.

ვახტანგ ლეჟავას თქმით, გარდა ამისა, მზადდება რეფორმა, რომლის კონცეფციაც მოწონებულია მთავრობის მიერ და რომელიც მეტად მოაწესრიგებს ტექნიკური საფრთხის კონტროლის, შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებს. სულ, ჯამში, როგორც ლეჟავა ამბობს, სიახლის დანერგვის შემთხვევაში, ინსპექტირება სამი მიმართულებით განხორციელდება:

„ერთი არის დოკუმენტური ინსპექტირება, მეორე - ტექნიკური ინსპექტირება და მესამე ნაწილი შეეხება იმას, თუ როგორ არის დაცული ტექნოლოგიური პროცესები და დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოება ამ პროცესში.“
XS
SM
MD
LG