Accessibility links

logo-print

რას გვასწავლის გენეტიკური ტესტები?


დეზოქსირიბონუკლეინმჟავის სტრუქტურა

დეზოქსირიბონუკლეინმჟავის სტრუქტურა

ბუნებრივია, რომ ადამიანს, რომლის მშობელი გულის დაავადებით ან პროსტატის კიბოთი გარდაიცვალა, მოუნდეს შეიტყოს, რამოდენაა ამავე ავადმყოფობით მისი დაავადების შანსები.

შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მოქმედებს კომპანიები, რომლებიც გენეტიკური ტესტის მარკეტინგს ეწევიან და აცხადებენ, რომ შეუძლიათ წინასწარ გითხრან, რა დაავადების რისკის წინაშე იმყოფებით. თუმცა ხშირად ამ ტესტების ინტერპრეტაცია თავად ექიმებსაც კი უჭირთ ხოლმე. ჟურნალებში, "საიენსსა" და "ნიუ ინგლანდ ჯორნალ ოვ მედისინში" გამოქვეყნებულ სტატიებში ავტორები აფრთხილებენ მომხმარებელს, ამ ტესტებზე დაყრდნობით მცდარი გადაწყვეტილება არ მიიღოს ჯანმრთელობის სფეროში.

ფირმა deCode Genetics-ი, რომელსაც ისლანდიაში უდევს ბინა, 995 დოლარად ჰპირდება მომხმარებელს გენეტიკური ტესტის გაკეთებას იმის დასადგენად, თუ რა დაავადებების რისკის წინაშე დგას ის. ორ ათეულზე მეტ შესაძლო დაავადებას შორის, რომელთა შესახებაც ინფორმაცია შეიძლება მოიპოვოთ, არის დიაბეტი, ფილტვის კიბო, გლაუკომა, მამაკაცის სიქაჩლე და სხვა. კლიენტმა ტესტისთვის მხოლოდ ნერწყვის სინჯი უნდა გაუგზავნოს ფირმას. რამდენიმე კვირაში ის ინტერნეტში, მხოლოდ მისთვის ხელმისაწვდომ ვებგვერდზე შეიძლება შევიდეს და შეიტყოს ტესტის პასუხი.

მაგრამ ბერძნულ ტრაგედიებში მისნის წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით, რომელიც აუცილებლად უნდა ახდეს, გენეტიკური ტესტის შედეგის შეტყობის შემდეგ კლიენტს შეუძლია საკუთარი ბედის ბორბალი სხვაგვარად დაატრიალოს. თუ აღმოაჩენენ, რომ ამა თუ იმ დაავადებისკენ აქვთ მიდრეკილება, წინასწარვე შეუძლიათ თადარიგი დაიჭირონ და პრევენციული მკურნალობით, დიეტით ან სხვა საშუალებებით აიცილონ ის.

ცნობილმა კალიფორნიელმა ტელეპროდიუსერმა ჯესიკა კუელერმა გენეტიკური ტესტის მეშვეობით შეიტყო, რომ ძუძუს კიბოთი დაავადების 90-პროცენტიანი რისკის წინაშე იდგა. მან გადაწყვიტა, პრევენციული ზომა მიეღო და ორივე მკერდი მოეკვეთა. თავისი ამ გადაწყვეტილების შესახებ იგი წერს გახმაურებულ წიგნში "ლამაზია, რაც იცვლება".

გადაწყვეტილების მიღებამდე კუელერმა თავისი გენეტიკური ტესტის შესახებ ექიმებთან საფუძვლიანი კონსულტაცია გაიარა. მაგრამ ეს შეიძლება ყველამ არ გააკეთოს. ამიტომაც ექიმები მთელ მსოფლიოში გამოდიან მოწოდებით, რომ გენეტიკური ტესტების ინდუსტრია უფრო მეტად გაკონტროლდეს.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გენეტიკისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ცენტრის თანამშრომლის, გეილ ჯავიტის სტატია, რომელშიც ის გვაფრთხილებს, რომ არასაკმარისი რეგულაციის გამო მომხმარებლისთვის ძალზე რთული შეიძლება იყოს განსხვავების დადგენა კარგ კომპანიებსა და ისეთებს შორის, რომელთა მიერ ჩატარებული ტესტები არ არის სანდო.

“პრობლემა ის გახლავთ, რომ ძალზე ძნელია იმის დადგენა, მართლაც შეესაბამება თუ არა ტესტის შედეგად მიღებული ინფორმაცია იმას, როგორადაც მას წარმოადგენენ მისი გამყიდველებიო," წერს ჯავიტი.

მისი თქმით, ერთ-ერთი კომპანია ეწევა ე.წ. "ნუტროგენომიკური" ტესტის მარკეტინგს. კომპანიის თანახმად, ასეთი ტესტებით თქვენი გენეტიკური პროფილის შესაბამისად შეიძლება იმის დადგენა, რა ბოსტნეულით უნდა იკვებოთ და ის მომხმარებელს ინდივიდუალურად მორგებულ საკვებ დანამატებს სთავაზობს.

"ეს ეგრეთწოდებული ტესტები”, ამბობს ჯავიტი, “იჩემებენ, რომ იმის მიხედვით, თუ რა რისკები არსებობს თქვენს შემთხვევაში, - მაგალითად, დიაბეტი, ჭარბწონიანობა, ოსტეოპოროზი, - სასურველია მიიღოთ საკვების გარკვეული დანამატები და ასევე ესა თუ ის საკვები."

მაგრამ მისი თქმით, ეს საეჭვო მეცნიერებაა: "ის ემყარება ორ ვარაუდს. პირველი, რომ თქვენი გენეტიკური ვარიანტი კავშირშია თქვენს დაავადებასთან და მეორე, რომ ცხოვრების წესის ან დიეტის შერჩევამ შეიძლება გავლენა იქონიოს. ეს კი ორი დიდი კითხვის ნიშანიაო."

ნაყოფის სქესის დასადგენი ტესტები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მასაჩუსეტსის ქალაქ ლოუელში მოქმედი კომპანია აკუ-გენ ბიოლაბი 250-დან 400-მდე დოლარად ატარებს ასეთ ტესტებს 99,9 პროცენტი სიზუსტის გარანტიით. არასწორი შედეგის შემთხვევაში კომპანია ამ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას კისრულობს.

მაგრამ, ჯავიტის თქმით, სქესის დასადგენი ტესტების მხოლოდ ნახევარი იძლევა სწორ პასუხს. უკანასკნელ ხანებში კომპანიას ასზე მეტმა ქალმა უჩივლა შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოში. ამ საჩივრების შეტანიდან ერთი კვირის შემდეგ ინდოეთის პენჯაბის შტატის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპანიის ვებგვერდის დახურვას აპირებს, ვინაიდან შიშობს, რომ ადგილობრივი მოსახლეები ტესტების შედეგების მიხედვით იკეთებენ აბორტს, თუკი აღმოჩნდება, რომ მათ გოგო უნდა შეეძინოთ.

მიუხედავად იმისა, რომ სქესის ტესტთან დაკავშირებით ასეთი უსიამოვნო ცნობები ვრცელდება, ჯავიტის აზრით, გენეტიკური ტესტების პოპულარობა გაიზრდება. ინტერნეტი, რომლის მეშვეობითაც მთელ მსოფლიოში უფრო იოლად შეიძლება სერვისის მარკეტინგი, და გენეტიკის სფეროს სწრაფი განვითარება, პოტენციური ახალი პროდუქტის გამას უსასრულობამდე აფართოებს.
XS
SM
MD
LG