Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იგულისხმება რუსეთის ხელისუფლების მუქარაში?


ამ ცოტა ხნის წინ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ნატო საქართველოში მორიგი სამხედრო წვრთნების დაგეგმვის გამო გააკრიტიკა, თქვა ისიც, რომ რუსეთი დააკვირდება საქართველოში მოვლენების განვითარებას და იმოქმედებს ადეკვატურად. ვაზიანში ნატოს სამხედრო წვრთნები 6 მაისს დაიწყება. საპასუხოდ რუსეთმა კარგა ხანია დაიწყო მზადება ჩრდილო კავკასიაში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. დაახლოებით ასე იყო შარშანაც, აგვისტოს ომის წინ, თუმცა დღევანდელი ვითარება შარშანდლისგან განსხვავებულია. ამ სხვაობის გამო საქართველოში - როგორც ხელისუფლებაში, ისე ხელისუფლების გარეთ - ნაკლებად ვარაუდობენ, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიაზე წავიდეს, თუმცა რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი ამას ამჯერადაც არ გამორიცხავს.

რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენჰაუერმა რადიო თავისუფლებისთვის ორიოდე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მორიგი სამხედრო მოქმედებების მაღალი ალბათობის პერიოდი აპრილის ბოლოდან დადგება. რუსმა ექსპერტმა მაშინ აღნიშნა, რომ რუსეთის გენერალიტეტს საქართველოს სრული ოკუპაციის გეგმა გვერდზე არ გადაუდვია და თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მიზეზს სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის იოლად მოძებნიან.

”მიზანი არის კასპია-ევროპის ახალი გაზსსადენის მშენებლობის ჩაშლა, სრული კონტროლის დამყარება საქართველოზე, რუსეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი კონტაქტის აღდგენა და ამიერკავკასიის სრულად შემომტკიცებაო ”, - აღნიშნავდა ფელგენჰაუერი. ის იმასვე იმეორებს ”ნოვაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის საომარი მზადება თბილისში მიმდინარე რადიკალების აქციებთანაა სინქრონიზებული.

”რუსი პოლიტიკოსები სააკაშვილს პოლიტიკურ გვამს უწოდებენ, პარალელურად აცხადებენ, რომ უყვართ საქართველო და აფასებენ ქართველ ხალხს. იქმნება პირობები ”ჰუმანიტარული ინტერვენციისთვის, რომლის მიზნადაც დიქტატორისგან საყვარელი ქართველი ხალხის გადარჩენა დასახელდება”, - აღნიშნავს პაველ ფელგენჰაუერი. მისი სიტყვებით, გეგმა და მიზნები ისევ ძალაშია, თუმცა რუსეთის ჯარებს საქართველოში მოქმედების ხელისშემშლელ ფაქტორად ვაზიანის პოლიგონზე დასაწყები ნატოს სწავლებები ევლინება. წვრთნები, როგორც უკვე ვთქვით, 6 მაისს დაიწყება.

მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მოწოდებების და მოთხოვნისა, უარი ეთქვათ საქართველოში სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე, ნატოს ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ წვრთნები თბილისთან, ვაზიანის პოლიგონზე, აუცილებლად ჩატარდება. თუ ფელგენჰაუერის ლოგიკას მივყვებით, ნატოს ღონისძიება რუსეთისთვის ხელ-ფეხის შემკვრელი ერთი თვის მანძილზე იქნება. წვრთნები ივნისის დასაწყისში დასრულდება. ამ წვრთნების პარალელურად კი, რუსეთი მოემზადა ჩრდილო კავკასიაში - ამასთან, აფხაზეთსა და ცხინავლის რეგიონშიც - მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.

რა იქნება ნატოს სწავლებების დასრულების შემდეგ? ერთია, რომ შარშანდელი ომის წინ, სწორედ საქართველოში ნატოს სწავლებების პარალელურად, დაიწყო რუსეთმა წვრთნები ჩრდილო კავკასიაში, მაგრამ შარშანდელი და წლევანდელი რეალობები განსხვავებულია. ექსპერტი შალვა ფიჩხაძე ხაზს უსვამს, რომ შარშანდელი სწავლება ”კავკაზ-2008 ” ჩრდილო კავკასიაში, ალბათ, სპეციალურადაც დაამთხვიეს ვაზიანში ნატოს სწავლების მიმდინარეობას, მაგრამ ეს სწავლება მაინც არ იყო პირდაპირი პასუხი ნატოს სწავლებაზე. ეს უფრო იყო მზადება იმისთვის, რაც მალევე, აგვისტოში, მოხდა. ”ორივე მხარე ამისთვის ემზადებოდა. ვინც რა უნდა თქვას და მე ჩემს აზრს მოგახსენებთ. წელს არის პასუხი ნატოს სწავლებაზე. აი, თქვენ ამას აკეთებთ,მე გავაკეთებ ამას.”

რუსეთის ამჟამინდელ ქმედებებს და მის მძაფრ რეაქციას ვაზიანის პოლიგონზე დასაწყებ წვრთნებზე საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზეწოლის ღონისძიებად განიხილავს ექსპერტი მამუკა არეშიძეც. ”ზეწოლის მცდელობა სახეზეა, მაგრამ მე არ ველი, რომ რუსეთი წავა ღია სამხედრო ქმედებებზეო”, - აღნიშნავს ის და საკუთარ მოსაზრებას შემდეგი ფაქტორებით ხსნის:

პირველი - შარშანდელი ომის დაწყების წინ საქართველოში შიდაპოლიტიკური ფონი სხვაგვარი იყო. დაპირისპირება არჩევნებით ასე თუ ისე განმუხტული იყო, ხელისუფლება შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვებული და ძლიერი იყო, აგრესიულიც. ამჯერად ეს აგრესიულობა არანაირად არ იგრძნობა. მეორე - რუსეთს არ ჰქონდა აგრესორის საერთაშორისო იმიჯი და, მესამე, რუსეთი არ განიცდიდა ეკონომიკური კრიზისის მძიმე შედეგებს. მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ცდება, ვინც ელის, რომ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი აგრესიით რუსეთი შეძლებს თავის ქვეყნის შიგნით მძიმე სოციალური ფონით განპირობებული უკმაყოფილების გადაფარვას, მით უფრო, რომ მოკლევადიანი ომით ეს ვერ მოხერხდება. ექსპერტის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იკვეთება ნიშნები რუსეთის ხელისუფლებაში დაპირისპირებების. მამუკა არეშიძე ერთ დეტალსაც აღნიშნავს:

”იმ საავიაციო სისტემის პირობებში, რაც მათ აქვთ ჩრდილო კავკასიაში, საქართველოს ანტისაავიაციო სისტემას მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია, აგვისტოს ომის დროს არ შეეძლო და ახლა შეუძლია.”

ეს რუსეთში იციან და თუ შევაჯამებთ ყველაფერს, რუსეთის ხელისუფლების მუქარები, მათი სამხედრო მანევრები უფრო დამატებითი ღონისძიებების ფუნქციების მატარებლად გამოიყურება - ზეწოლისთვის, დაშინებისთვის, ვიდრე რეალური ქმედებების წინაპირობადო, ფიქრობს მამუკა არეშიძე .
XS
SM
MD
LG