Accessibility links

logo-print

საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ვალდებულებები შეახსენა


29 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველო-რუსეთის ომის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო. მანამდე კი ევროპელმა პარლამენტარებმა მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული საინფორმაციო ანგარიში მოისმინეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიმართ სანქციები არც ამჯერად ყოფილა მიღებული, ევროსაბჭომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ფუნდამენტურ პრინციპების ფეხქვეს გათელვაში დაადანაშაულა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 29 აპრილის სხდომაზე მთავარი მომხსენებელი დევნილთა და მიგრაციის კომიტეტის თანათავმჯდომარე კორენ იონკერი იყო. 12-13 მარტს კორენ იონკერი უშუალოდ იმყოფებოდა ომის შემდგომ სამხრეთ ოსეთში, სადაც შეხვდა როგორც ოსური, ისე ქართული მოსახლეობის წარმომადგენლებს. იონკერმა განაცხადა, რომ ოსური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დარჩენილ ქართულ სოფლებში ჰუმანიტარული ვითარება კატასტრატროფულია.

"ქართული სოფლები აღარ არსებობს. დარჩენილია მხოლოდ ნანგრევები და არ ჩანს რაიმე ქონების ნარჩენები. რამდენიმე შემთხვევაში შევნიშნე განმარტოებული სახლები, სადაც ვიღაც ცხოვრობს - ძირითადად ხნიერი ხალხი და შერეული წყვილები. სახლების უმრავლესობის სისტემატური ნგრევა იმის ნათელი დასტურია, რომ ისინი შეგნებულად განადგურდა, რათა ქართველებს უკან დასაბრუნებელი ადგილი აღარ ჰქონოდათ. ეს ნათელს ხდის ეთნიკური ქართველებისგან რეგიონის გაწმენდის განზრახვას."

კორენ იონკერმა თქვა, რომ დევნილთა და მიგრაციის კომიტეტის წევრები ყოფილ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან შევიდნენ, რის გამოც არ მიეცათ შესაძლებლობა, ჩასულიყვნენ ახალგორის რაიონში. ანგარიშის თანახმად, ახალგორის მოსახლეობას საკუთარი სახლებიდან წასვლას არავინ აიძულებს, თუმცა რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ეს ტერიტორია რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, რაც ამცირებს იძულებით ადგილნაცვალთა დაბრუნების შანსს. კიდევ უფრო კატეგორიული იყო მონიტორინგის კომიტეტის თანათავმჯდომარე ლიუკ ვან დერ ბრანდე. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მოხსნების თანაავტორმა ბელგიელმა დეპუტატმა განაცხადა, რუსეთმა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ კონფლიქტის ზონაში ”შავი ხვრელის” შექმნას შეუწყო ხელიო.

"უკმაყოფილო ვართ იმით, რომ რუსეთის ფედერაციამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებების უმრავლესობა. საქართველოს მხარესაც აქვს რამდენიმე, ვიმეორებ, რამდენიმე შეუსრულებელი ვალდებულება. მიუღებელია, რომ რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო აღჭურვილობას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ, როგორც ასამბლეა და როგორც ევროპის საბჭო ვერ დავუშვებთ შავი ხვრელის არსებობას ადამიანის უფლებების სფეროში, მოსახლეობის ძირითადი უფლებების სფეროში, როგორც უნდა წარიმართოს ინსტიტუციური დისკუსია."

მოხსენებაში აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში, არსებული ვალდებულებების შერსულების მხრივ, რუსეთმა არათუ პროგრესს არ მიაღწია, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად კონფრონტაციულ ნაბიჯებს დგამდა. ზოგიერთი ცნობილი ფაქტი საპარლამენტო ასამბლეას მონიტორინგის კომიტეტის წევრმა მათიას ეორშიმ შეახსენა.

"რეგიონში კვლავაც გრძელდება სამხედრო აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის რაოდენობის ზრდა. განმუხტვის ნაცვლად, ვითარება კიდევ უფრო იძაბება. ამის თვალნათლივი დასტურია ამასწინანდელი ინციდენტი, როცა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ეუთოს ორი მეთვალყურე დააპატიმრა (ერთ-ერთი მათგანი, სხვათა შორის, უნგრელია, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს). ან ეუთოს მეთვალყურეთა მიერ გავრცელებული ცნობა, რომ რუსეთის ვერტმფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეს არღვევენ. ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდია და ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ რაიმე წინსვლაზე."

თუმცა, საქართველო-რუსეთის ომის ჰუმანიტარულ შედეგებზე მიღებულ ახალ რეზოლუციაში საქართველოს ვალდებულებებზეც არის ლაპარაკი. მასში ხაზგასმულია, რომ ჰუმანიტარული საქმიანობისთვის აშკარად ხელის შემშლელია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოკუპაციის შესახებ. საპარალამენტო ასამბლეის დევნილთა და მიგრაციის კომიტეტის წევრმა კორენ იონკერმა ისაუბრა საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შიშზე, რასაც სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ოს მოსახლეობას ჰქონია.

"განურჩევლად იმისგან, თუ ვის ვესაუბრებოდი, უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი უმთავრესი საფიქრალი - არა მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლების, არამედ ქუჩაში ხალხისთვისაც. მათ ეშინიათ საქართველოს არმიის განახლებული იერიშის და შეშფოთებული არიან ადმინისტრაციულ საზღვარზე ინციდენტებით. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს შეირაღებული ძალები კვლავ აძლიერებენ პოზიციებს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ზონებში და, მათი თქმით, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია თვალს ხუჭავს შეიარაღებული ძალების ამ კონცენტრაციაზე. მე არ შემიძლია იმის განსაზღვრა, ფაქტებზეა დამყარებული ეს შიში თუ გრძნობებზე. მაგრამ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მხრიდან მისი მონიტორინგის შედეგების თაობაზე მეტი გამჭვირვალობა სასარგებლო იქნებოდა. ეს რეგიონის მოსახლეობას დაეხმარებოდა რეალური ვითარების უკეთ გაგებაში."

საბოლოოდ რეზოლუცია საქართველოში ომის ჰუმანიტარულ შედეგებზე საპარლამენტო ასამბლეამ თითქმის უპრობლემოდ მიიღო. თავიდან რუსეთის დელეგაცია ამჟღვანებდა წინააღმდეგობას და მოითხოვდა, რომ ახალგორის მიმართებაში ამოეღოთ ტერმინი ოკუპაცია, ხოლო საქართველო-რუსეთის ომის ნაცვლად ეხმარათ სიტვა "კონფლიქტი". მაგრამ, საბოლოო ჯამში რუსეთის დელგაციის შესწორებები არ გავიდა. თუმცა, ასევე არ გავიდა საქართველოს დელეგაცისი ყველა შესწორებაც, მათ შორის ის, რომელშიც საუბარი იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის იძულებით პასპორტიზების პროცესის დაგმობაზე. მაგრამ საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ ოქტომბერში, როდესაც საშემოდგომო სესია შეიკრიბება, რუსეთის მიმართ პოზიცია კიდევ უფრო გამკაცრებული იქნება და, შესაძლოა, კვლავ დადგეს დღის წესრიგში რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო.
XS
SM
MD
LG