Accessibility links

logo-print

საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა ბაქოში 13 ადამიანი მოკლა


დღეს დილით ბაქოში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა ”ნავთობის სახელმწიფო აკადემიაში” და სულ ცოტა 13 ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა. მსხვერპლი სტუდენტები და მასწავლებლები არიან, მათ შორის ორი უცხოელია. ოფიციალური პირების თანახმად, თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. გავრცელდა ცნობაც, რომ მას მძევლების აყვანა სურდა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ მკვლელი, ფარდა გადიროვი, აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქე იყო. მკვლელობის მოტივი უცნობია.

შემთხვევა მოხდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო აკადემიის შენობაში, დღეს დილით. აკადემია პრესტიჟული სასწავლებელია, რომელიც აზერბაიჯანის სანავთობო მრეწველობისთვის ამზადებს სპეციალისტებს.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტმა მაარიფ აკბერმა შემდეგი გვიამბო: “თავდასხმა მოხდა პირის მიერ, რომელიც აკადემიაში არ სწავლობდა და არ მუშაობდა. როგორც გაირკვა, ეს არის აზერბაიჯანული ეროვნების, საქართველოს მოაქალაქე, მარნეულის რაიონის მკვიდრი. ერთ-ერთმა სტუდენტმა მითხრა, რომ თავდამსხმელი შევიდა შენობაში, გაესაუბრა სტუდენტებს და შემდეგ, პისტოლეტის სროლა დაიწყო. პოლიციის უფროსის მოადგილემ გვითხრა, რომ თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს”.

თვითმხილველები იტყობინებიან, რომ მკვლელმა ერთ-ერთ დაჭრილს თავში ესროლა და სიცოცხლეს გამოასალმა.

როგორც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მრჩეველმა, ალი ჰასანოვმა უთხრა დღეს ჟურნალისტებს, მომხდარი სისხლის სამართლის შემთხვევაა და არავითარი მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, რომ სხვაგვარად ვიფიქროთ.

როგორც დადგინდა, თავდამხმელი იყო 1980 წელს დაბადებული ფარდა გადიროვი.

ჩვენი თბილისელი კორესპონდენტი ტელეფონით დაუკავშირდა მარნეულის გამგებლის რწმუნებულს ყულარის თემში, ვიდადი ჰასანოვს, რომელმაც გვიამბო თავდამხმელის და მისი ოჯახის შესახებ.

“ეს ბიჭი, გულჩათხრობილი ადამიანი იყო და ნაკლებად ურთიერთობდა ხალხთან. ახალგაზრდებს ელაპარაკა მხოლოდ და შემდეგ ბაქოში წავიდა. ამბობენ, რომ ვიღაც მას ბაქოში სამსახურს დაჰპირდა, ზუსტად ამაზე არაფერი ვიცი. სოფელში არავის შეუმჩნევია მისთვის რაიმე ნერვული თვალსაზრისით განსაკუთრებული მდგომარეობა. ახლა სოფელი შეიკრიბა, ტელევიზორს ვუყურეთ და მომხდარს განვიცდით. მას დადებითად ვახასიათებთ, მისგან ასეთ რამეს არ მოველოდით. რადგან ამ ბიჭისგან, მართლაც არ შეიძლება ასეთ რამეს მოელოდე, ის კარგად აღზრდილი, ნორმალური ადამიანი იყო, სოფელში ავტორიტეტის მქონე, უფროსებსა და უმცროსებს შორის”.

ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, იყო თუ არა ფარდა გადიროვი რელიგიური, გამდგებლის რწმუნებულმა უარყოფითად უპასუხა. დასძინა, ერთი დეტალი, რომ ფარდა გადიროვის ბიძამ სოფელს მეჩეთი აუშენა. მისი ნაამბობით, გადიროვს ჰყავს და, იქვე მახლობლად გათხოვილი, და ძმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, თუმცა ჰასანოვმა გვამცნო, რომ გადიროვებს სახლი დაშთაფაში აქვთ, მას ბოქლომი ადევს. ეს იყო, რაც ჩემს კოლეგას, ჯიმშერ რეხვიაშვილს უამბო მარნეულის გამგებლის რწმუნებულმა ყულარის თემში, ვიდადი ჰასანოვმა.
XS
SM
MD
LG