Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 30 აპრილი 2009


”რეზონანსში” წაიკითხავთ: ”არც ერთი მხარე არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ პროცესები ჩიხში შედის. რაიმეს დათმობა კი არც ხელისუფლებას სურს და არც ოპოზიციას. სამი კვირაა ხელისუფლება მხოლოდ დიალოგის უალტერნატივობაზე ლაპარაკობს. ოპოზიცია კი სააკაშვილის უპირობო გადადგომას ითხოვს. გამოსავალი კი, შესაძლოა, ისევ რეფერენდუმის ჩატარების იდეა გახდეს. ამ იდეას ოპოზიცია და ხელისუფლება როგორ მიიღებს, ძნელი სათქმელია. მაგრამ, ”რეზონანსის” ინფორმაციით, ირაკლი ალასანია გეგმავს, რომ ისევ ამ საკითხს დაუბრუნდეს”, - წერს ავტორი.

”ჩვენ არ ვართ რადიკალური ოპოზიცია”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში და განაგრძობს: ”რადიკალური ოპოზიცია ვიქნებოდით, რომ ვამბობდეთ: სააკაშვილი უნდა ჩამოვახრჩოთ, ”ნაციონალური მოძრაობა” უნდა ავკრძალოთ, მერაბიშვილი ხეზე ჩამოვკიდოთ, სანოძე და ახალაიაც - ასევე. მთელი ოპოზიცია, პრეზიდენტის განმარტებით, რადიკალურია და თუ ვინმე ოპოზიციას ეძახის გიორგი თარგამაძეს, ეს მისი პრობლემაა”, - აცხადებს ბურჯანაძე. ”ყველა სიახლეშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურთან. ის ამბობს: ”ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ აქვთ დასაბუთებული არგუმენტი იმისა, რატომ უნდა გადადგეს მიხეილ სააკაშვილი. მათი მხრიდან გაიგონებთ ათას ბრალდებას სააკაშვილის მისამართით, დაწყებულს კულინარიული საკითხებით და დასრულებულს ბულვარული ჭორებით, მაგრამ ვერ მოისმენთ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პოზიციას, რას აპირებს ოპოზიცია, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის მომავალი და უსაფრთხოება...” - აცხადებს წიკლაური. ”ყველა სიახლის” კორესპონდენტი ესაუბრა ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრს, რესპუბლიკელ თინა ხიდაშელსაც. ის ამბობს: ”რაც მეტად გაუძალიანდება ხელისუფლება საკუთარ ხალხს, მით მეტად დაკარგავს მისი მართვის ბერკეტებს, მით მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გართულდეს. ყველა ხედავს, როგორ იქცევა დღეს მთავრობა, მაგრამ ამის პარალელურად კიდევ უფრო იზრდება ჩვენი, ოპოზიციის პასუხისმგებლობა - მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, მეტი მობილიზება, ქუჩების დაგვაც კი ჩვენი საზრუნავი გახდა”, - ამბობს ხიდაშელი ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ახალი თაობის” კორესპონდენტს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ეუბნება: ”ყოველთვის ვამბობ, რომ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულობებისთვის, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი. შეიძლება, რაღაც გარანტიებზეც იყოს საუბარი. შეიძლება, ვიღაცებს გარანტიებიც მისცენ, მაგრამ ეს ჩვენნაირ მოქალაქეებს არ მოეწონებათ. ხალხი არ იქნება კმაყოფილი, თუ დამნაშავე ხელისუფლება არ გასამართლდება, მაგრამ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა სხვა არის, რიგითი მოქალაქეების - სხვა”, - ამბობს ნიკოლაიშვილი.

”ჯორჯიან ტაიმსი” ესაუბრა ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილს: ”ხალხმა უნდა გაიგოს ერთი რამ, რომ ჩვენ ყველა, გარდა სააკაშვილის ათკაციანი ჯგუფისა, ერთნი ვართ, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიაში ვართ და ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ ანკესს არავინ უნდა წამოეგოს. ერთმა ეტაპმა, კონკრეტულად აპრილი მაქვს მხედველობაში, უკვე ჩაიარა და ახლა ახალია დასაგეგმი”, - ამბობს ნათელაშვილი.

”ჯორჯიან ტაიმსი” ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძესთან ინტერვიუსაც ბეჭდავს. შეკითხვაზე - ”თუკი სააკაშვილი გადადგა, რამდენად პირნათლად შეასრულებს ოპოზიცია თავის დანაპირებს?” - ნიჟარაძე პასუხობს: ”წარმოდგენა არა მაქვს, იმიტომ რომ ოპოზიცია ძალიან ჭრელია. 95 პროცენტი იმათგან, ვინც მიტინგზე დგას, მე თუ მკითხავთ, პანღურითაა გასაგდები პოლიტიკიდან. არც ჭკუა აქვთ და არც მორალური თვისებები, ზოგიერთის გამოკლებით. ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალია საპარლამენტო არჩევნები და შემდგომ ახალი პარლამენტის მიერ სააკაშვილის იმპიჩმენტით გადაყენება”, - ამბობს გაგა ნიჟარაძე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG