Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის ორგანიზაცია ღორის გრიპის პანდემიის თაობაზე განგაშის ხარისხს ზრდის


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეორედ გაზარდა განგაშის ხარისხი ღორის გრიპთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს მოსალოდნელ პანდემიასთან გასამკლავებლად სტრატეგიული გეგმების ამოქმედება დაიწყონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღორის გრიპის პანდემიის შესახებ განგაშის ხარისხი მეოთხე საფეხურიდან მეხუთეზე ასწია. ორგანიზაციის შეფასების სისტემაში მეაქიმალურ საფეხურს მეექვსე წარმოადგენს.

”მეხუთე საფეხურის” ამოქმედება ნიშნავს, რომ გრიპის ახალმა ვირუსმა ქვეყნებს შორის საზღვრების გადაკვეთა, ადამიანიდან ადამიანზე გადასვლით და შემდეგ კიდევ უფრო გავრცელებით, შეძლო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მარგარეტ ჩანის თქმით, განგაშის ხარისხის ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ პანდემია ახლოვდება და მთავრობებს ცოტა დრო რჩებათ სტრატეგიული გეგმების გადახედვისა და მათი ამოქმედებისთვის:

”არსებული ინფორმაციის შეფასების, რამდენიმე ექსპერტთან კონსულტაციების შედეგად, გადავწყვიტე გრიპის პანდემიის საშიშროების შესახებ განგაში ამჟამინდელი მეოთხე საფეხურიდან მეხუთემდე გავზარდო. გრიპის პანდემიას სერიოზულად სწორედ იმიტომ უნდა მოვეკიდოთ, რომ მას უნარი აქვს მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოედოს.”

დაავადების ეპიცენტრში - მექსიკაში - პირველიდან ხუთ მაისამდე გაუქმებულია ყველა საჯარო ღინისძიება. ექვს მაისამდე დაიხურა სკოლები. ვირუსისგან თავის დაცვისთვის მოსახლეობას ნიღბები ურიგდება.

მექსიკის მთავრობის ვარაუდით, გრიპის ამ ახალი ვირუსით 168 ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით 3,000 დაავადდა. ნიშანდობლივია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გარდაცვალების შემთხვევებიდან ჯერჯერობით მხოლოდ რვას ადასტურებს. დღესდღეობით დაუდგენელია, სხვა შემთხვევებში გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად ღორის გრიპი იყო თუ არა.

პარალელურად, შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ღორის გრიპი უკვე 11 შტატს მოედო. 29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ტეხასის შტატში, სავარაუდოდ, ამ ვირუსით 23 თვის ბიჭი გარდაიცვალა. ბევრ შტატში, საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვის მიზნით, დროებით დაიხურა სკოლები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამგვარ ნაბიჯებს დადებითად აფასებს. გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კეიჯი ფუკუდა აცხადებს, რომ იმ ადგილებში, სადაც ვირუსი გავრცელდა, საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვა მიზანშეწონილია:

”აშკარაა, რომ ვირუსი ვრცელდება და ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ მისი გავრცელების სიჩქარე კლებულობდეს. მთელი ინფორმაცია, რომელიც მოგვეპოვება - იქნება ეს ოფიციალური ანალიზის შედეგად მოპოვებული თუ ადგილზე მყოფი დამკვირვებლების შეფასებები - მიუთითებს, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის შემთხვევები გვაქვს - და ამგვარი გავრცელება რამდენიმე ადგილას ხდება.”

ამ ეტაპზე ვირუსის შემთხვევები 13 ქვეყანაში აღირიცხა. მექსიკისა და შეერთებული შტატების გარდა, ვირუსით დაავადების შემთხვევები იყო პერუში, კოსტა რიკაში, კანადაში, ჰოლანდიაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ისრაელსა და ახალ ზელანდიაში.

საერთო ჯამში, ევროპაში აღრიცხული შემთხვევები ჯერჯერობით 24-ს უტოლდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევებიდან არც ერთი არ არის სერიოზული. გრიპის შედეგად სიკვდილის შემთხვევები ჯერჯერობით მხოლოდ მექსიკაში და შეერთებულ შტატებში იყო.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ არ აჰყვნენ პანიკას. მათი თქმით, პანდემია მოახლოებულია, მაგრამ გარდაუვალი არ არის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG