Accessibility links

logo-print

ამერიკა ევროპელ მოკავშირეებს გუანტანამოს პატიმრების მიღებას სთხოვს


გუანტანამოს საპყრობილე

გუანტანამოს საპყრობილე

შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა ბერლინში ვიზიტისას ევროპელ მოკავშირეებს მიმართა თხოვნით, თავიანთ ქვეყნებში გადაიყვანონ გუანტანამოს ციხიდან გაშვებული პირები. ჰოლდერის განმარტებით, ვაშინგტონი ამ თხოვნას მალე ოფიციალურ სახეს მისცემს და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობებს მიმართავს. ჰოლდერს ქვეყნები არ დაუკონკრეტებია.

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის თქმით, გუანტანამოს პატიმრების საკითხის გადაჭრისთვის აუცილებელია ევროპის ქვეყნებმა შეერთებული შტატების მიმართ სოლიდარობა გამოიჩინონ.

ჰოლდერის თქმით, გუანტანამოს პრობლემა შეერთებულმა შტატებმა მარტომ შექმნა, მაგრამ მისი გადაჭრისთვის ერთიანი ქმედებაა აუცილებელი.

გენერალური პროკურორის შეფასებით, შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ შემოღებული პრაქტიკა - ტერორიზმში ასობით ეჭვმიტანილის სასამართლოს გარეშე წლობით დაკავება გუანტანამოს ციხეში - კანონის უზენაესობის საუკუნეობრივი ამერიკული ტრადიციის უგულებელყოფა იყო. ამ პრაქტიკამ გამოიწვია მოკავშირეთა გაუცხოება, მტრების გაგულისება და, საბოლოო ანგარიშით, მნიშვნელოვნად შეაფერხა ტერორიზმთან ბრძოლის პროცესი.

ჰოლდერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპელები გამოიჩენენ გუანტანამოს ციხის დახურვის პროცესში თანამშრომლობის სურვილს, ვინაიდან ეს ყველასათვის სასიკეთო საქმე იქნება.


ჰოლდერის თქმით, ამ ვიზიტის დროს ის რამდენიმე ევროპელ ოფიციალურ პირს ამ საკითხზე ესაუბრა, თუმცა კონკრეტული დაპირებები ჯერ არ მიუღია. გენერალური პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს, მაგრამ რამდენიმე კვირაში თხოვნას ოფიციალური ფორმა მიეცემა.

გენერალური პროკურორის განცხადებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ევროპაში დაახლოებით 30 პირის გადაყვანა შეიძლება.

ქვეყნები, რომლებიც მათ მიღებაზე დათანხმდებიან, პატიმრების შესახებ მაქსიმალურად ვრცელ ინფორმაციას მიიღებენ. ამ 30 პირიდან არც ერთი არ ითვლება საშიშად.

ევროკავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივან ლანგერმა, ხუთშაბათს პრაღაში განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, რამდენიმე ევროპული ქვეყანა დათანხმდებოდა მიეღო გუანტამანოს პატიმრები.

მაგრამ ჰოლდერთან და ევროპის ქვეყნების იუსტიციის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ლანგერმა გამორიცხა პატიმრების ჩეხეთის რესპუბლიკაში გადაყვანის შესაძლებლობა.

ჯერჯერობით ევროპელი მოკავშირეები სიფრთხილეს იჩენენ გუანტანამოს პატიმრების გადაყვანის პერსპექტივასთან მიმართებით. მათ სურთ თავიდან აიცილონ თავიანთ ტერიტორიებზე იმ პირების მიღება, რომლებსაც, შესაძლოა, ტერორისტული ტენდენციები ჰქონდეთ ან, წლების მანძილზე პატიმრობის შემდეგ, შურისძიების სურვილი ამოძრავებდეთ.

საფრანგეთმა სიმბოლური ნაბიჯი გადადგა და ერთი პატიმრის მიღებაზე განაცხადა თანხმობა. როგორც ჩანს, რამდენიმეს გადაყვანაზე ბრიტანეთიც დათანხმდება. გეგმის ირგვლივ ინტერესი გამოიჩინეს პორტუგალიამ და ლიტვამ.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი 30-ვე პატიმრის ევროპაში გადაყვანა მოხერხდება, გუანტანამოში დაახლოებით 210 პატიმარი მაინც დარჩება. ჯერჯერობით გაურკვეველია მათ რა ბედი ეწევათ. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არ ავრცელებს ინფორმაციას მათ მიმართ არსებული ეჭვების ხარისხის ან მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ.

პრეზიდენტ ობამას ბრძანებულების თანახმად, გუანტანამოს ციხე უახლოესი ცხრა თვის განმავლობაში უნდა დაიხუროს.
XS
SM
MD
LG