Accessibility links

logo-print

რისკენ მოუწოდებს ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას?


საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მანიფესტაციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე არ გამხდარა საგანგებო განხილვის საგანი. თუმცა, 29 აპრილს საღამოს გამართულ მონიტორინგის კომიტეტის დახურულ სხდომაზე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მონიტორინგის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების დიალოგის გზით გადაჭრას, უფრო ადრე იგივე მოსაზრება გამოთქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტერი დევისმა.

მონიტორინგის კომიტიტის სხდომა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე 29 აპრილის საღამოს დახურულ ფორმატში გაიმართა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროსაბჭოს კედლებში დახურული სხდომის განსახილველი საკითხები პრესისათვის იმაზე უფრო ადრე გახდა ცნობილი, ვიდრე სხდომის ოქმი გამოქვეყნდებოდა. თუმცა, ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით, რადიო თავისუფლებამ კომიტეტზე დამსწრე ქართველ პარლამენტარებს მიმართა. საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ქრისტიან-დემოკრატმა მაგდა ანიკაშვილმა, რომელიც მონიტორინგის სხდომას ესწრებოდა, რადიო თავისუფლებას უამბო, რა საკითხები იდგა დღის წერიგში და ვინ იყო მომხსენებელი:

"კასტრიოტ ისლამი და მათიაშ ეორში არიან ის ადამიანები, რომლებიც ადევნებენ თვალყურს იმას, თუ როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები, რამდენად ასრულებს საქართველო ევროპის საბჭოს რეზოლუციებით ნაკისრ ვალდებულებებს. მათ შორის ერთ-ერთი საკითხი იყო შიდაპოლიტიკური ვითარება. იმიტომ, რომ ისინი მარტის ბოლოს იყვნენ საქართველოში ჩამოსული. შეხვდნენ ხელისუფლებას, საპარლამენტო ოპოზიციას, არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს და, ცხადია, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ მათ აქვთ გარკვეული ინფორმაცია."

მაგდა ანიკაშვილმა არ დაადასტურა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მონიტორინგის კომიტეტი მხარს არ უჭერდეს და ”დემოკრატიული სტაბილურობისათვის უსარგებლოს უწოდებდეს” ვადამდელი არჩევნების იდეას საქართველოში, რაც არასაპარლამენტო ოპიზიციის უმთავრესი მოთხოვნაა:

"არა, ასეთი ტიპის რეკომენდაცია, ცხადია, არ არის. აქ არის ხაზგასმული ის, რომ ევროპის საბჭო მიესალმება იმას, რომ მოვლენები მშვიდობიანად ვითარდება. კონტექსტი არის ასეთი, რომ გარკვეული გამოცდა ჩააბარა ქართულმა საზოგადოებამ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ხელისუფლებამ. რომ დაცული იქნა მოქალაქეთა უფლება, გამოხატონ თავიანთი პროტესტი და წამოაყენონ თუნდაც ყველაზე რადიკალური მოთხოვნა - პრეზიდენტის გადადგომა, ვინაიდან ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი."

რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ სტრასბურგიდან გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, თითქოს მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს კონკრეტულ რეკომენდაციას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოწესრიგების თაობაზე. ჩიორა თაქთაქიშვილმა, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომელიც ასევე ესწრებოდა მონიტორინგის კომიტეტის სხდომას, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიტიკური დაპირისპირების გადაჭრა საქართველოს პოლიტიკური ძალების შიდა საქმეა და ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა მხოლოდ საკუთარი დაბალანსებული შეფასება წარადგინაო.

"ალბათ არ იქნებოდა მიზანშეწონილი, ჩემი აზრით, რომ მონიტორინგის კომისიას საერთოდ ემსჯელა ამ საკითხზე, რამდენადაც ეს გახლავთ ქვეყნის შიდა სუვერენიტეტის საკითხი. ერთი რამ არის ცხადი, რომ მონიტორინგის კომიტეტის პოზიცია გახლავთ აუცილებლობა დიალოგისა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და აუცილებლობა იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები წარიმართოს სწორედ საარჩევნო გზებით და მოხდეს სწორედ ამ გზით ხელისუფლებების ცვლილება. რაც უდაოდ იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში დემოკრატია შემდგარია."

მონიტორინგის კომიტეტის დახურული სხდომის ოქმი შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ მას საიდუმლოების გრიფი უკვე მოეხსნა მას შემდეგ, რაც მისი ცალკეული პუნქტები მედიისათვის ცნობილი გახდა. ეს გავრცელებული პრაქტიკაა ევროსაბჭოში და ამ გაჟონვას დიდი ხმაური არ მოჰყოლია ორანიზაციაში. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირების დიალოგის გზითა და კონსენსუსით მოგვარება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფუძემდებლური პრინციპია. თანაც, მონიტორინგის კომიტეტს ასეთი გაწონასწორებული მიდგომა რომ ექნებოდა, ეს უკვე საპარლამენტო ასამბელის დაწყებისთანავე იყო ცნობილი. ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა 28 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების შეცვლის საკითხი ქუჩაში არ უნდა წყდებოდესო:

“ჩემი აზრით, შეთანხმების მისაღწევად უკეთესი იქნება დისკუსიის გამართვა პარლამენტში და არა, ქუჩაში. დარწმუნებული ვარ, როცა ამას ვამბობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკოსებმა ეს უნდა გააკეთონ პარლამენტში... მე დიდი ხანი გავატარე გაერთიანებული სამეფოს, კონსერვატული მთავრობის ოპოზიციაში. ჩვენ პარლამენტს ვიყენებდით, რათა სამთავრობო პოლიტიკის მიმართ ჩვენი უთანხმოება გამოგვეხატა, აგვეხსნა, რა გვსურდა უკეთ და სხვაგვარად გაგვეკეთებინა. ამისათვის კი პარლამენტში ადგილის დაკავებაა საჭირო”.

XS
SM
MD
LG