Accessibility links

როგორ ესმით სააკაშვილის პოლიტიკურ ოპოზიციაში დიალოგისკენ მოწოდება


საქართველოს ხელისუფლების რადიკალური ოპოზიციის მიერ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, რომელთა გავრცელების არეც ჯერჯერობით თბილისის ცენტრია, დროში საკმაოდ გაიჭიმა. მთელი 20-დღიანი მოძრაობის შემდეგ მხარეთა პოზიციები უცვლელია: აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას, პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს. დიალოგის იდეა ჰაერში გამოკიდებული რჩება. ხელისუფლება აცხადებდა და აცხადებს, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისთვის მზადაა, ოღონდ დიალოგის თემა არ უნდა იყოს ულტიმატუმი; ოპოზიციის ლიდერები იმეორებენ, რომ დიალოგის საგანი შეიძლება იყოს ერთადერთი საკითხი - მიხეილ სააკაშვილის გადადგომა.

თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციების ორგანიზატორები გამოეხმაურნენ იმ რჩევას, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოში განვითარებულ შიდაპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით შეიმუშავეს: საქართველოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის მორიგ ვადამდელ არჩევნებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან მხარეთა მისხდომა და საარჩევნო პროცესის დახვეწაზე მუშაობა აჯობებს. ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი ამოწურულია. სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს წარმომადგენლების რეკომენდაციები საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად შეაფასა. შეფასებები თბილისში, ევროკომისიის ოფისში, აქციების ორგანიზატორებსა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. როგორც კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა კახა კუკავამ გვითხრა, დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია აქციების მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე: ”გავაცანით ჩვენი შეხედულებები ყოველდღიურ თავდასხმებზე. ჩვენი ძალებით რამდენიმე ადამიანი იქნა დაკავებული, ჩვენი ძირითადი განსახილველი საკითხი იყო განხორციელდეს ზეწოლა ამ პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად და შესაჩერებლად.”

კახა კუკავას ვკითხეთ, შეხვედრაზე იყო თუ არა განხილული დიალოგის საკითხი, დიალოგის შესაძლებლობა . ”ამ თემაზე ჩვენს ევროპელ დიპლომატებს ჩვენი პოზიცია გავაცანით და ვუთხარით, რომ მზად ვართ დიალოგისთვის ერთადერთ მოთხოვნაზე - გადადგეს პრეზიდენტი, და ხელისუფლება დიალოგისთვის მზადყოფნას არ ავლენსო”, - გვითხრა მან. რისთვის არის მზად ხელისუფლება? ამასთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 აპრილს, ვარშავაში გამგზავრებამდე, გააკეთა. თავდაპირველად მან თქვა, რომ ისეთი პროცესი, როგორიც დღეს გვაქვს თბილისის ცენტრში, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება, და შემდეგ განმარტა ის, თუ როგორ რეაგირებს ხელისუფლება ამ პროცესზე: ” ჩვენი რეაგირება ამ მოვლენებზე არის არა უმოქმედობა და სისუსტე ( არავის არ უნდა ჰქონდეს ამის ილუზია), ეს არის სიძლიერის პოზიცია. ჩვენ ყველა ჯგუფს ვაძლევთ საშუალებას, თუ რამე აქვთ სათქმელი, გამოთქვას ბოლომდე, საზოგადოებამ დაინახოს ბოლომდე, როგორია მათი მოსაზრებები და მთლიანობაში პოლიტიკური პროცესი დაიწმინდოს.”

”სახეზეა პროცესის დაწმენდა და ვისაც სურს გადავიდეს პოლიტიკური ცხოვრების ახალ საფეხურზე, აქვს შანსი. ვისთვისაც პირადი ინტერესები წარმმართველი არ არის, უნდა წამოვიდეს დიალოგზე და ჩაერთოს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ”, - ასეთი იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ბოლო შეთავაზება რადიკალური ოპოზიციისთვის. როგორ გამოეხმაურნენ ამ წინადადებას ოპოზიციაში? პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადება: ”პირადად მე ვთვლი, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია, საუბარი შეიძლება ერთ საკითხზე: ესაა პრეზიდენტის გადადგომა. ამავდროულად, მე მიმაჩნია, რომ დროა ოპოზიცია უფრო ქმედით და აქტიურ ნაბიჯებზე გადავიდეს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ჩარჩოებში.”
აქვე მოვიყვანთ ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის, კომენტარს: ”მზად ვართ სააკაშვილს შევხვდეთ და ვუთხრათ, რატომ უნდა წავიდეს ის. თუ მას აქვს რაიმე სათქმელი, გვითხრას.”

ბურჯანაძემ თქვა, რომ პირადად ის დიალოგის რესურსს ამოწურულად მიიჩნევს, რომ საუბარი შესაძლებელია ერთ მოთხოვნაზე - წავიდეს პრეზიდენტი; უსუფაშვილმა ”ალიანსის” სახელით განმარტა, რომ დასაშვებად მიიჩნევს დიალოგს, ოღონდ პრეზიდენტის გადადგომის საკითხზე. არის თუ არა ამ ორ პოზიციას შორის პრინციპული განსხვავება? რასაც საჯარო განცხადებებში ვისმენთ, პრინციპული განსხვავება აშკარად არ ჩანს, თუმცა მუდმივად არის ლაპარაკი იმაზე, რომ დიალოგის საკითხთან დაკავშირებით ლიდერების პოზიციები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია - არის უფრო რადიკალური და ნაკლებად რადიკალური პოზიციები. ეს განსხვავება უფრო საჯარო ქცევასა და საჯარო განცხადებების ტონში გამოიხატება, ვიდრე განცხადებების შინაარსში. ლიდერთა ერთი ნაწილი - მათ შორის, ნინო ბურჯანაძე - აცხადებს, რომ დროა საპროტესტო აქციები უფრო აქტიურ ფორმაში გადავიდეს. რადიკალური ოპოზიციის ერთგვარმა არაფორმალურმა ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ 29 აპრილს თავის სატელევიზიო შოუში განაცხადა, რომ მზადაა დატოვოს სატელევიზიო საკანი და სათავეში ჩაუდგეს დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ სახალხო მსვლელობას. სამოქმედო გეგმებს კვირის ბოლოს დავაზუსტებთო, თქვა ჩვენთან საუბრისას კახა კუკავამ. რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩა კი ისევ გადაკეტილია ნახევრად ცარიელი საკნებით.
.
XS
SM
MD
LG