Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ტერორიზმის მთავარ საფრთხედ ალ-ყაიდას და ირანს მიიჩნევს


ირანის გვერდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე
ირანის გვერდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე
ახალ ანგარიშში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ალ-ყაიდის ქსელი, რომელიც თავს ავღანეთის მოსაზღვრე პაკისტანის რეგიონებს აფარებს, დასავლეთს ტერორიზმის ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის. ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ, მართალია, მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების რაოდენობამ იკლო, მაგრამ პაკისტანსა და ავღანეთში ისინი გახშირდა. ამასთან, ანგარიშის თანახმად, ირანი რჩება ”ტერორიზმის მხარდამჭერ ყველაზე აქტიურ სახელმწიფოდ”, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობას ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ლიბანში, ერაყში, ავღანეთში და პალესტინელთა ტერიტორიებზე ირანის მიერ ტერორთან დაკავშირებული ქმედებების მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის მშვიდობას, ეკომონიკურ სტაბილურობას და დემოკრატიას.

ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რონალდ შლიჰერმა, განაცხადა, რომ ირანი სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ქმედებებსა და ჯგუფებს თავისი რევოლუციური გვარდიის ელიტური ქვედანაყოფის - ყუდის - მეშვეობით უჭერს მხარს:

”[ეს ქვედანაყოფი] აქტიურად არის ჩართული, მართლაც, ნეგატიურ და ტერორისტულ ქმედებებში იმ ადგილებში, სადაც ირანს სურს აქტიური იყოს. განსაკუთრებულ შეშფოთებას, ცხადია, ახლო აღმოსავლეთი იწვევს - მაგალითად, ლიბანი; ბოლო წლებში და ახლაც - ერაყი; ჩვენ კვლავაც გვაშფოთებს ინფორმაცია, რომ ირანი, შესაძლოა, თავისი გავლენის განვრცობას მსოფლიოს სხვა ადგილებშიც ცდილობდეს.”

ირანი უკვე გასულ წელს დასახელდა ტერორიზმის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერ სახელმწიფოდ.

ახალ ანგარიშში ამავე კატეგორიაში მოიხსენიეს ირანის მოკავშირე სირია, აგრეთვე სუდანი და კუბა.

ჰავანაში კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა განაცხადა, რომ ვაშიგტონს არა აქვს უფლება სხვებს ჭკუა ასწავლოს, და დასძინა, რომ კუბის მთავრობა ტერორიზმს უარყოფს.

ვაშინგტონი ორმაგი სტანდარტების ქონაში დაადანაშაულა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაქიმ, რომელიც ჰავანაში იმყოფებოდა ვიზიტით:

”შეერთებულ შტატებს, ყველაფერი იმის გამო, რაც მან აბუ ღრაიბის და გუანტანამოს ციხეებში ჩაიდინა, სხვა ქვეყნების შესახებ აზრების ან ბრალდებების გამოთქმის არც უფლება აქვს და არც უნარი.”

ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტი იმ საფრთხეზეც ლაპარაკობს, რომელსაც ალ-ყაიდა უქმნის პაკისტანს და ავღანეთს, სადაც თავდასხმები გახშირებულია. რონალდ შლიჰერმა ეს საფრთხე ასე შეაფასა:

”2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ალ-ყაიდამ და მისმა მოკავშირეებმა [ავღანეთის] საზღვარი გადაკვეთეს და პაკისტანში გადაინაცვლეს. ისინი მთიან რეგიონებს აფარებენ თავს - იქ მათ შეუძლიათ დაიმალონ, ჩაატარონ წვრთნა, დაამყარონ კავშირები თავიანთ მიმდევრებთან, დაგეგმონ თავდასხმები და ავღანეთში წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდასაჭერად თავიანთი მებრძოლები მიავლინონ.”

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ერაყის ჩათვლით, ტერორისტული თავდასხმების რიცხვმა დაიკლო. მაგრამ პაკისტანში ასეთი თავდასხმების სიხშირე ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა. 2007 წელს იქ 890 თავდასხმა მოხდა, 2008-ში - 1,839. გასულ წელს ტერორისტულ თავდასხმებს პაკისტანში 2,293 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტული თავდასხმები გახშირდა ავღანეთშიც.

რონალდ შლიჰერის თქმით, ალ-ყაიდის ოპერაციებში მისი ლიდერების გავლენა და როლი კლებულობს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, 2008 წლის მეორე ნახევრიდან ჩანს, რომ ოსამა ბინ ლადენი და აიმან ალ-ზავაჰირი, მოვლენების დაგეგმვის ნაცვლად, მხოლოდ რეაგირებით შემოიფარგლებიან.

პარალელურად, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა, კონგრესს მიმართა თხოვნით, 83.4 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოიყოს ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ომების დასაფინანსებლად და პაკისტანის სამხედრო სტრუქტურების დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG