Accessibility links

logo-print
ფარდა გადიროვი, რომელმაც ბაქოს ნავთობის აკადემიაში, 13 ადაიანი დახოცა, საქართველოში, მარნეულის რაიონის სოფელ დაშთაფაში დაიბადა. არასრული საშუალო განათლების მიღების შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთში გაემგზავრა.

მარნეულის ცენტრში, იქ, სადაც ტაქსების დიდი რიგი დგას და არც თუ ცოტა ხალხი ირევა ხოლმე, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, თუ სად მდებარეობს სოფელი დაშთაფა, დაუყოვნებლივ, მაგრამ უხალისოდ სამხრეთისაკენ მიგითითებთ და თუ შეგატყოთ, რომ ადგილობრივი არ ხართ და შეიძლება გკითხოთ კიდეც, თქვენ ბაქოში მომხდარი ამბის გამო ხომ არ მიდიხართო.

სწორედ ასეთ ადამიანს, რომელიც მაზიდ ასკეროვად გამეცნო, გადავეყარე მარნეულის ცენტრში. მან არ დაიზარა და დაშთაფას ადგილმდებარეობის მითითებასთან ერთად, ბაქოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ თავისი აზრი გამიზიარა:

”უდანაშაულო ადამიანებს იარაღი ესროლა, ხელი რომ დაერტყა, ამის პატიება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ იარაღის გამოყენება? ამას არც ღმერთი და არც ჩვენ არ ვაპატიებთ.”

მაზიდ ასკეროვთან ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ, მანქანით გავემგზავრე სოფელ დაშთაფისაკენ, რომელიც ქალაქ მარნეულიდან სამხრეთით, დაახლოებით 20 კილომეტრზე მდებარეობს.

დაშთაფაში, რომელიც თბილისი-ერევნის სარკინიგზო მაგისტრალის
სოფლის მეჩეთი ფარდა გადიროვის ბიძამ ააგო
გაყოლებაზე მდებარე ერთი პატარა სოფელია, ძირითადად ერთსართულიანი სახლები დგას. სოფლის ცენტრში, სადაც ადგილობრივი მცხოვრებნი იკრიბებიან ხოლმე, სოფლის კვალობაზე საკმაოდ მოზრდილი მაგრამ ძველი მაღაზია დგას, შარაგზის გადაღმა კი ახლად აშენებული მეჩეთი, რომელიც, როგორც დაშთაფელები ამბობენ, ფარდა გადიროვის ბიძამ, მოსკოვში მცხოვრებმა სამედ გადიროვმა ააშენა.

როცა სოფლის ცენტრში მივედი, იქ გავესაუბრე შუახნის რამდენიმე მამაკაცს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ფარდასგან ასეთ რამეს არავინ ელოდა და მთელი ეს ამბავი ბურუსით არის მოცული.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ფარდა გადიროვი გულჩათხრობილი ადამიანი იყო. გარეთ თუ გამოვიდოდა, მხოლოდ მაღაზიაში რაიმეს საყიდლად. დანარჩენ დროს სახლში ატარებდა.

ამასვე ადასტურებს ილჰამ ჰასანოვი, ფარდას თანასოფლელი და ამავე დროს მარნეულის რაიონის მუნიციპალიტეტის სამხედრო განყოფილების თანამშრომელი:

”რა გითხრათ. შოკში ჩავვარდით, როცა ეს ამბავი შევიტყვეთ. უკანასკნელად თვენახევრის წინ ვნახე. როგორც ყოველთივს, მივესალმეთ ერთმანეთს და დავცილდით. სხვა საუბარი ჩვენ შორის არ ყოფილა. არც ეწეოდა, არც სვამდა - ამას მისი მამიდაც დაადასტურებს, უბრალოდ სულ მუდამ შინ იყო გამოკეტილი, არავისთან ურთიერთობდა. საერთოდ წყნარი ბიჭი იყო, თავის სამყაროში ცხოვრობდა“.

ერთი საგულისხმო დეტალი ფარდა გადიროვის ხანმოკლე ბიოგრაფიიდან: ილჰამ ჰასანოვის თქმით, ფარდა გადიროვი 2001-2002 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, თუმცა ვერ დააკონკრეტა, რომელ ქალაქში.

გადიროვებმა სოფელი 15 წლის წინ დატოვეს. ისევე, როგორც მათმა ბევრმა თანასოფლელმა. გადიროვებს სოფელში დადებითად ახასიათებენ. ფარდას მამა ასად გადიროვი დაშთაფას 4-კლასიანი სკოლის პედაგოგი იყო და ახლა მეუღლესთან ერთად რუსეთში, ქალაქ პოდოლსკში ცხოვრობს.

აი, როგორ ახასიათებს ასად გადიროვს ოჯახის მეგობარი აზალხან ალიევი, მარნეულის რაიონის საკრებულოს დეპუტატი:

”ვიცნობდი როგორც პედაგოგს, მასწავლებლებს შორის აქტიურობით გამოირჩეოდა და ამასთან კომუნიკაბელურიც იყო”.

ფარდას მამიდის, რანა გადიროვას თქმით,
რანა გადიროვა
ფარდას მშობლები პოდოლსკში ვაჭრობით არიან დაკავებული და ამით გააქვთ თავი. ფარდას ჰყავს ძმებიც, რომლებიც, მამიდამისის თქმით, მოსკოვში ცხოვრებენ და ისინიც ვაჭობას ეწევიან.

რანა გადიროვას თქმით, ფარდა სოფელში გასული წლის დეკემბერში ჩამოვიდა და მარტის შუა რიცხვებამდე სოფელში იყო. ძმისშვილი ძირითთადად სახლში იჯდა და ტელევიზორის ყურებით იყო გართული:

”ისიც კი ვკითხე: მარტო რომ ხარ, მოსაწყენი არ არის-მეთქი? მან კი მითხრა: ტელევიზორს ვუყურებ ხოლმეო."

ფარდა სპორტითაც ყოფილა გატაცებული.

”კარატე იტაცებდა, სპორტი უყვარდა, თითქმის ყოველდღე ფეხბურთს უყურებდა. ამბობდა ფეხბურთი მიყვარსო,” გვითხრა გადიროვამ.

რანა გადიროვას თქმით, ძმისშვილი მან ბაქოში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა. ფარდას უთქვამს: ბაქოში მივდივრ - სამუშაო უნდა მოვძებნოო.
XS
SM
MD
LG