Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიზისის დაძლევის გზების საძიებლად შეხვედრები გრძელდება


ამ დროს, რადიკალური ოპოზიციის კიდევ სხვა ნაწილი და საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს თავისუფალი აზრის სახლში უზიარებდნენ მოსაზრებებს. ორივე შეხვედრის საბოლოო მიზანი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიება იყო. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან პიტერ სემნებისთან გამართული შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსების კომენტარები ერთმანეთს ჰგავდა. პოლიტიკური პარტიების - ქრისტიან-დემოკრატების, ქართული დასის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და “ჩვენ თვითონის” წარმომადგენლები ერთხმად აცხადებდნენ, რომ მათ სემნების შექმნილ ვითარებაზე საკუთარი აზრი მოახსენეს. ერთადერთი კონკრეტული ინიციატივა, რომელიც ედპ-ს ეკუთვნოდა, ძირეული კონსტიტუციური ცვლილებების საკითხი იყო. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისათვის ინფორმაციის გაზიარების გარდა, იყო თუ არა საუბარი რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებზე. შეხვედრის მთავარ გზავნილებზე მოგვითხრობს შეხვედრიდან გამოსული დიმიტრი ლორთქიფანიძე, წევრი პოლიტიკური გაერთიანებისა ”ჩვენ თვითონ”:

”ჩვენ სემნებისგან ველოდით იმ კითხვას, რაც მან დაგვისვა - მოკლევადიან პერსპექტივაში კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელი რა გზები არსებობს. ერთ-ერთი, რაც მოვისმინე, იყო ძირეული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ წარმოადგინა და რაც, ჩემი აზრით, არის ალტერნატივა სააკაშვილის უპირობო წასვლის მოთხოვნისა, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არალოგიკური მოთხოვნაა. თუკი რეალურად დაიწყება რეფერენდუმის ინიცირება ახალი კონსტიტუციის შექმნაზე, ამის წინაპირობა არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან, შეიცვლება საარჩევნი კანონმდებლობა და ეს იქნება რეალურად წინგადადგმული ნაბიჯი ინსტიტუციონალ;ური ცვლილებებისა.”

შეხვედრას ასე აფასებს ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი:
”ეს იყო ჩვენი მეგობრების კიდევ ერთი მცდელობა, რომ მათ შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციის საქმეში და ჩვენი მოსაზრებები გავაცანით და, პირიქით, მათი აზრიც მოვისმინეთ.”

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ჯონდი ბაღათურიამ, გვითხრა, რომ გამოსავლის კონკრეტულ გზებზე საუბარი არ ყოფილა:

”მე მომეჩვენა, რომ მათაც არა აქვთ კონკრეტული წინადადებები გამოსავლის გზებზე, გარდა იმისა, რომ დიალოგი საჭიროა.”

მოგვიანებით სემნები ”ალიანსი თავისუფლებისათვის” ლიდერებსაც შეხვდა. კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი პოზიცია ურყევია: ინსტიტუციონალური ცვლილებები, რაც საპროტესტო აქციების პარალელურად უნდა განხორციელდეს.

პიტერ სემნებისთან ბოლო დღეების განმავლობაში გამართულ შეხვედრებს 2 მაისს თავისუფალი აზრის სახლში გამართულ შეხვედრაზე მისული ქართული აკადემიის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია ასე აფასებს:

”ვფიქრობ, რომ სემნებისთან და, საერთოდ, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები არის საჭირო თუნდაც იმიტომ, რომ ყველა დარწმუნდეს, რომ ოპოზიცია არ არის ყველაზე გაბუტული და მარტო ქუჩაში არ არის ჩარჩენილი.”

თავისუფალი აზრის სახლში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გარდა, იმ ძალადობის შესახებაც იმსჯელეს, რომელიც აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ხორციელდება.
საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზის წამყვანი ნინო რატიშვილი ამბობს, რომ პრობლემების ჩამონათვალი გამძაფრებულ პოლიტიკურ ფონზე შესამჩნევად გაიზარდა:

”ავიღოთ თუნდაც ძალადობის ფაქტორი. აბსოლუტურად დაუცველნი არიან მომიტინგეები და ეს ხდება პოლიციის ლუსტრირებული ჩაურევლობის ფონზე. იმავე მასმედიაზე გახშირებული ზეწოლის ფაქტები...”

ისაუბრეს უახლოესი დღეების გეგმაზეც. ნუკრი ქანთარია, რომელიც აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ფიქრობს, რომ დიალოგის პარალელურად ოპოზიციამ ხელისუფლებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ახალი ხერხები უნდა მოიფიქროს:
”ამ ხალხს ახლა იმედი არ უნდა გაუცრუვდეს. ამიტომ მთავარია გონივრული მოქმედებები და არ უნდა ამოეწუროს ოპოზიციას ხერხები, რადგან ერთი და იგივე ხერხი მოძრაობას არ ქმნის.”






















  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG