Accessibility links



“საკანი”, როგორც საპროტესტო გამოსვლების სიმბოლო და “საკნების ქალაქის” რეალობა


ეკა წამალაშვილი

9 აპრილიდან მოყოლებული თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, “საკნების ქალაქი” დგას. მისი ბინადრები - ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან თბილისში ჩამოყვანილი ოპოზიციური პარტიების აქტივისტები და მხარდამჭერები - დღესა და ღამეს პოლიეთილენის პარკებით შეფუთულ რკინის გისოსებში ატარებენ. ისინი სააკაშვილის რადიკალური ოპოზიციის მიერ წამოწყებული აქციების ერთგვარი მოდარაჯეები არიან. საღამოობით კი გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერი თბილისელი მოქალაქეები იკრიბებიან - იმ დროისთვის, როცა საინფორმაციო მიტინგი იწყება. რამდენიმე საათში მიტინგი იშლება, ქალაქელები სახლებს მიაშურებენ და ცნობილი სატელევიზიო შოუს, “საკანი N 5”-ის, ყურებით აგრძელებენ პროტესტის გამოხატვას, “საკნების” მოდარაჯეები კი ქუჩებში რჩებიან.

“საკანში” ნებაყოფლობით ჩაჯდომის იდეა პირველად პოპულარულ შოუმენს, უცნობს, იმავე გია გაჩეჩილაძეს, გაუჩნდა, ოღონდ სატელევიზიო შოუს ფორმატში. შოუს ერთ-ერთ პირველ გადაცემაში მან “საკნის” სტუმრებს და თავის მაყურებელს ასე აუხსნა მდგომარეობა, რომელმაც ის, პოპულარული მომღერალი და, იმავდროულად, შარშანდელი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტის - ლევან გაჩეჩილაძის - ძმა, სატელევიზიო თვითპატიმრობის იდეამდე მიიყვანა: “ჩემზე უფრო შოუ, სიმღერა და ‘გულაობა’ კაცს თუ მოსწონს, რა ვიცი. 5 იანვრის მერე სახლში ჩავიკეტე, ეს ყველა ჩემმა მეგობარმა იცის. დანა პირს არ მიხსნიდა, რა.”

უცნობის” გმირს რომ მართლაც ძალიან უყვარს სიმღერა და “გულაობა”, ეს კარგად ჩანს მისი კლიპიდანაც, რომელიც მისივე სიმღერის - “მოდი,
გავაკეთოთ რამე” - მიხედვითაა გადაღებული. მაგრამ უცნობმა თქვა, რომ შარშანდელი 5 იანვრიდან მისი ცხოვრება შეიცვალა და ნელ-ნელა საქმე მივიდა სატელევიზიო შოუმდე სახელწოდებით “საკანი N 5”. პროექტის ავტორმა, რომლის მიზანიც იყო ფონის მომზადება 9 აპრილის საპროტესტო გამოსვლებისთვის, თქვა, რომ “საკნიდან” არ გამოვა, სანამ არ იქნება მიღწეული მიზანი - არ გადადგება მიხეილ სააკაშვილი.

რატომ უნდა გადადგეს პრეზიდენტი? ამაზე სატელევიზიო შოუში ბევრი ითქვა. მიზეზად სატელევიზიო საკნის მასპინძელი და სტუმრები რას აღარ ასახელებდნენ: “სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოს თავს მოახვია ომი და დაკარგა ტერიტორიები”, “დასავლელი ლიდერები მიხეილ სააკაშვილს აღარ ელაპარაკებიან”, “რუსეთის ხელისუფლება მის პრეზიდენტობას არ ცნობს”, “გაჭირვებული ქვეყნის პრეზიდენტი რესტორნებში დადის”, “თბილისში მასაჟისტი ჩამოიყვანა”, “სადღეგრძელოები არ ეხერხება”, “მატყუარაა”, “მკვლელია”, “პატრიარქს ებრძვის,” “არასერიოზულია”, “მთელი საქართველოს ტერიტორია ერთ დიდ საკნად აქცია” და ა.შ.

სატელევიზიო “საკანში”, სადაც ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია, იზღუდება სიტყვის თავისუფლება, არაფერი დარჩა უთქმელი პრეზიდენტის გასალანძღად და დასაცინად. მიზანი კი ისევ ის არის, რაც შოუს დაწყებისას იყო. უცნობი” და მისი სტუმრები “საკანში” სწორედ ამ მიზანზე მსჯელობდნენ და ვარაუდობდნენ, რომ გაზაფხულზე თბილისის ქუჩებში 200 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდოდა და არ დაიშლებოდა.

ხალხი მართლაც გამოვიდა, ოღონდ არა 200 ათასი. რუსთაველზე საკნები დაიდგა და ვინც ამ საკნებში განთავსდა და არ იშლება, ძირითადად, რაიონებიდან დედაქალაქში ჩამოყვანილი ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან. საკნებში პოლიტიკური ლიდერები არ სხედან, არც აქციების აქტიური მხარდამჭერი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

რუსთაველის თეატრიდან მოყოლებული, თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტერიტორია საკნების ზონებადაა დაყოფილი. თავისუფლების მოედანზე “ეროვნული ფორუმის” საკნებია და მათში ფორუმის აქტივისტები სხედან. ყოფილი უნივერმაღის წინ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის საკნები იწყება და ა.შ. მე ჯერ თავისუფლების მოედანზე დადგმულ ერთ-ერთ საკანს ვესტუმრე. ჩემი მასპინძლები “ეროვნული ფორუმის” ზესტაფონელი აქტივისტები აღმოჩდნენ. მითხრეს, რომ თბილისში ქუჩაში საცხოვრებლად უსამართლობამ ჩამოიყვანა. შეკითხვაზე: “თქვენ თავად თუ შეგქმნიათ პრობლემა? უსამართლობის მსხვერპლი თუ გამხდარხართ?”, ერთ-ერთმა მიპასუხა: “საქმე და სამსახური არ მქონდა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ვიყავიო”. მის ნათქვმს ამავე საკნის მეორე ბინადარმა დასძინა: “უსამართლობა არაა, როცა პრეზიდენტმა ქამრების შემოჭერა მოსთხოვა მთავრობის წევრებს და მას შემდეგ ჩვენი სოფლის გამგებელს ხელფასი გაეზარდაო?” ასე დაიწყო დისკუსია “საკნების ქალაქის” ერთ-ერთ “საკანში”. ჩემი მასპინძლების პასუხები


შეკითხვაზე, რატომ უნდა გადადგეს პრეზიდენტი, ჰგავდა ამავე შეკითხვაზე სატელევიზიო “საკანში” გაშლილ დისკუსიებში
გახმაურებულ აზრებს : “იმიტომ უნდა გადადგეს, რომ რა ფირებიც ვნახე მიშაზე, მსგავსი არ მენახა. ვნახე, სტრასბურგში როგორ ისწორებს შარვალს და საროჩკას (სტილი დაცულია). მეორე, იმიტომ უნდა გადადგეს, რომ რესტორანში დადის. რამდენი სტუმარიც ჩამოდის, რესტორნებში მიჰყავს. არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც რესტორნებში დაჰყავს პრეზიდენტს სტუმრები. არ არსებობს ასეთი ქვეყანა! არ არსებობს-მეთქი! არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი რესტორანში 20 000 ლარად სადილობდეს. ასეა! რომ მეკითხებით, რომელ რესტორანში ჯდება სადილი 20 ათასი, თუ ამას მეკითხები, შემიძლია დაგისაბუთო.”

ეს ადამიანები პრეზიდენტის გადადგომას მარტო შარვლის და პერანგის რაღაცნაირად გასწორების ან რესტორანში სიარულის გამო არ ითხოვენ. უფრო სერიოზულ მიზეზსაც ასახელებენ. ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, “დღევანდელ პრეზიდენტთან ჩვენს მტერს არა აქვს სურვილი, ილაპარაკოს. ვინც წააგო ომი, იმას არ დაელაპარაკებიან. ამიტომ უნდა მოვიდეს ვინმე სხვა.”

“ფორუმის” ზესტაფონელ აქტივისტებს ეროვნული ხელისუფლება სურთ, მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ანტიეროვნულია. მათი საკნიდან რამდენიმე მეტრში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტების საკნები დგას. მათ ტერიტორიაზე ერთ-ერთი საკნის მობინადრემ თავი ოქრუაშვილის პარტიის აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელად გაგვაცნო და პროტესტის მიზეზად მანაც უსამართლობა დაასახელა: დღეს საქართველოში სამი მილიონი ადამიანი ზის ციხეში, ანუ მთელი საქართველო ციხეაო, გვითხრა. ნათქვამის დასასაბუთებლად დაასახელა შემდეგი: არ არსებობს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით რეგიონებში. არ არსებობს სასამართლო, საქართველო არადემოკრატიული ქვეყანაა. ჩემს რესპონდენტს ვკითხე, თუ ასე ძალიან ცუდადაა საქმე, როგორ ხდება ის, რაც დღეს თბილისის ცენტრში ხდება-მეთქი? “საკნის”მობინადრეს ისიც ვკითხე, დაახლოებით რამდენი “საკანი” დგას რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე-მეთქი. სავარაუდოდ ორასიო, - მიპასუხა მან და ისიც ამიხსნა, რომ ერთ საკანში ორზე მეტი ადამიანი არ უნდა იყოს განთავსებული. “გამოდის, რომ 200 საკნით და 400 ადამიანით არის გადაკეტილი ქუჩა?” - ვიკითხე. პასუხად მივიღე, რომ ასე არაა და, თუ კარგად დავითვლით, 700 “საკნამდეც” ავალთ, რადგან “საკნები” მარტო რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე არ დგას. კანცელარიასთანაც დგას და საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც.

აქ საუბარში ჩაერთო იქვე მდგომი საკნის მეორე მობინადრე. ისიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტია და თბილისში ბათუმიდან ჩამოვიდა. მან გვითხრა: “აი, თქვენ იკითხეთ, რატომაა 200 საკნით და 400 კაცით გადაკეტილი რუსთაველიო. ეგ რა შუაშია? 200 ათასმა ადამიანმა თქვა, რომ ამ საკნებში 2-2 ადამიანი არის მისი ნების გამომხატველი, ეს არის მასის პროტესტი.”

“მერედა, სადაა მასა-მეთქი?” - ვკითხე ჩემს თანამოსაუბრეს. “მე ვარ მასის გამომხატველი! 200 ათასი ადამიანი არ დაგინახავთ? 200 ათასი თუ არა, 20 ათასი ხომ იყო?!”- ასეთი იყო პასუხი.

ეს ადამიანები ამბობენ, რომ მასის პროტესტს და მასის მოთხოვნას გამოხატავენ და თბილისში, მთავარ გამზირზე, საკნებში მანამდე იქნებიან, სანამ საპროტესტო აქცია შედეგს არ გამოიღებს. უკან წასვლას არ აპირებენ. ოპოზიციის მხარდამჭერი კარგად ჩაცმულ-დახურული თბილისელები გაუსაძლისი პირობები გამო პროტესტს საღამოობით დახედავენ ხოლმე და იშლებიან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე ”უცნობი”, სატელევიზიო საკანში ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის პროტოტიპია (ის საკანში იბარებს პოლიტიკოსებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს საქვეყნო საქმეების გასარჩევად), რაიონებიდან ჩამოყვანილებით დასახლებული“საკნები” ქალაქი” კი ”უცნობის” გავლენის ზონაა და ზოგადი ”უცნობი”, თბილისის ”ელიტა”, რომელიც ”საკნების ქალაქთან” საღაამოობით გამოჩნდება ხოლმე, თავისი რადიკალური პროტესტის გამოსახატავად მზადაა ჩაჯდეს სატელევიზიო საკანში, ოღონდ არა ქუჩის საკანში, სადაც სხედან თბილისში სამართლისა და უკეთესი პერსპექტივის საძიებლად რაიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები.


ქართული ტელემედია - პოლიტიკოსების სამიზნეში

ჯიმშერ რეხვიაშვილი

ქართული ტელემედია მასპინძლობს დებატებს, ტელე და რადიოსტუდიები ეთმობა ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედის“, რუსთავი-2-ის“, „კავკასიისა“ და „მაესტროს“ ეთერი გაჯერებულია როგორც პოლიტიკური ახალი ამბებით, ასევე დებატებითა და დღის შემაჯამებელი საინფორმაციო პროგრამებით, თუმცა ოპოზიციური პარტიები მაინც ამტკიცებენ, რომ ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი შეზღუდულია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები განსაკუთრებით არ სწყალობენ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს”, რომლის თანამშრომლებს ყოველ დილით სამსახურში მისვლისას ეგრეთ წოდებული „სირცხვილის კორიდორის“ გავლა უწევთ.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” საქმიანობით უკმაყოფილებას ოპოზიცია 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგაც გამოთქვამდა, თუმცა მაშინ ოპოზიციამ თავისი გაიტანა და, თითქმის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ხელისუფლება გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის შეცვლაზე დაიყოლია. ზუსტად ერთი წლის წინ, 2008 წლის 4 აპრილს, საინფორმაციო პროგრამა „მოამბემ“ გამოაქვეყნა ფარული კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვითაც, დირექტორის თანამდებობა ლევან ყუბანეიშვილმა დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ახალ დირექტორს მხარი სამეურვეო საბჭოში ოპოზიციის კვოტით შესულმა წევრებმაც დაუჭირეს, სულ მალე ლევან ყუბანეიშვილის საქმიანობაც კრიტიკის საგნად იქცა.

„არაფერმა უშველა ამ ტელევიზიას“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა. - „შეიცვალა დირექტორი, სამეურვეო საბჭო, თითქოს უკეთესი ადამიანები შეიკრიბნენ, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ძალადობას არიან დაქვემდებარებულები.“

თუმცა, გენერალური დირექტორის გარდა, ოპოზიციის ლიდერთა რისხვას ასევე იმსახურებენ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის”, იმავე პირველი არხის, რიგითი კორესპონდენტებიც. ერთ-ერთ მათგანს, სოფო მდინარაძეს, რომელიც 24 აპრილს დილით იმის გარკვევას ცდილობდა, თუ ვინ და რა მიზნით დაყარა ტელევიზიის წინ ჩამწკრივებულ საკნებში აგურის ნამტვრევები, ოპოზიციის ლიდერმა გიორგი ხაინდრავამ პროვოკატორი, უნამუსო და შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტი უწოდა. მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მომიტინგეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფსაც. მომიტინგეები არ მალავენ, რომ უკმაყოფილონი არიან ტელევიზიების მუშაობით.

„არ მოგვწონს პირველი არხი, „რუსთავი 2“ და „იმედი“, განუცხადა რადიო თავისუფლებას საპროტესტო აქციაში მონაწილე მამაკაცმა, „დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას, რათა წინააღმდეგობა გაჩნდეს მომიტინგეებსა და მოსახლეობას შორის. ძირითადად, ამაზე მუშაობენ.“

აქვე უნდა ითქვას, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა გულისწყრომა არ ვრცელდება უკლებლივ ყველა ტელეკომპანიაზე. მათი თქმით, ობიექტურობით გამოირჩევიან „კავკასია“ და „მაესტრო“.

ტელეკომპანიებისადმი საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილის ამგვარ დამოკიდებულებას ლოგიკური ახსნა მოეძებნება. მართალია, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაშუქებისას ბალანსის ფორმალურ დაცვას ყველა ტელევიზია ცდილობს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ, კადრირების, ქრონომეტრაჟისა და დღის მნიშვნელოვანი თემების შერჩევის მიხედვით, მაუწყებელთა ნაწილის სიმპათია ხელისუფლებისკენ, ნაწილისა კი ოპოზიციისკენ იხრება. პირველ პირობით ჯგუფში შეიძლება შევიყვანოთ „იმედი“, „პირველი არხი“ და „რუსთავი ორი“, მეორეში კი - „მაესტრო“ და „კავკასია“, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია უკლებლივ ყველა არხის ეთერშია წარმოდგენილი და ამბობს იმას, რისი თქმაც სურს, მაგრამ საქართველოს უახლოესი ისტორია გვიჩვენებს, რომ რევოლუციური ცვლილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა იმდენად სათქმელის შინაარსს, რამდენადაც - ფორმას: ხალხის კრიტიკული მასის ქუჩაში გამოსაყვანად საჭიროა ოცდაოთხსაათიანი, ერთ თემაზე ფოკუსირებული მაუწყებლობა, როგორც ამას თავის დროზე „რუსთავი ორი“ და „იმედი“ აკეთებდნენ და, რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით „მაესტრო“ ცდილობს. სანიმუშოდ გამოდგება ვიდეორგოლები, რომლებიც გამუდმებით ტრიალებს ტელევიზიის ეთერში:


„მერაბიშვილი, უგულავა, თარგამაძე, ადეიშვილი - ამ ძალადობაში სააკაშვილმა ქართველი ხალხი გაცვალა. ჩვენ მეტნი ვართ. დაიცავი საქართველო.“

უნდა ითქვას, რომ ერთი თვის წინ თავდასხმა „მაესტროს“ თანამშრომლებზეც განხორციელდა. ჟურნალისტებზე ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევების მატება აშფოთებს სახალხო დამცველ სოზარ სუბარს, რომლის თქმითაც, სამართალდამცავი სტრუქტურები არ ცდილობენ მსგავსი დანაშაულის გახსნას, რაც, თავის მხრივ, ძალადობის წახალისებას იწვევს. სახალხო დამცველმა ასევე ილაპარაკა იმ მიზეზებზე, რომლებიც საზოგადოების ნაწილს აგრესიისკენ უბიძგებს.

„ტელეჟურნალისტებზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი არის მედიის მფლობელების დამოკიდებულება და სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობა, რის გამოც ჟურნალისტები ხშირად, იმის ნაცვლად, რომ გაავრცელონ ობიექტური ინფორმაცია, გვევლინებიან პროპაგანდის იარაღად და ამის გამო ისინი არიან სრულიად დაუცველები. ეს იწვევს საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი, როგორც უკვე ვთქვით, ყველაზე მეტად ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” არ სწყალობს. 30 აპრილს ოპოზიციის ლიდერებმა არხის ხელმძღვანელობას ახალი ბრალდებები წაუყენეს, პირველ მაისს კი ტელევიზიის თანამშრომლებს ეგრეთ წოდებული „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს. სამსახურში მისულ ჟურნალისტებს შეახსენებდნენ, რომ უნდა ემსახურებოდნენ ხალხს და არა ხელისუფლებას.

”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” წაყენებული ბრალდებების ნაწილი, შესაძლოა, არც იყოს საფუძველს მოკლებული, თუმცა ისიც საფიქრებელია, რომ მხოლოდ დაბალანსებული სიუჟეტებით ოპოზიციის გულის მოგება, ანუ საზოგადოებრივი აზრის რადიკალური ფორმირება შეუძლებელია. მედიის ამგვარი ქცევით ძნელია ხელისუფლების „მყისიერი დამთავრება“. მთელი რიგი მიზეზების გამო, რევოლუციური ცვლილებებისთვის საჭირო ისტერიული გარემო მხოლოდ თბილისით შემოისაზღვრება. არადა, ოპოზიციას, როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა 2009 წლის 13 მარტს საინფორმაციო სააგენტო „ახალი ამბები - საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მეტად რთული ამოცანა აქვს გადასაჭრელი. ზურაბიშვილმა ოპოზიციის მთავარი სამიზნე, პრეზიდენტი სააკაშვილი, ბერძნული მითოსის პერსონაჟს, ანტეოსს, შეადარა. ანტეოსი, ზღვის ღმერთ პოსეიდონისა და მიწის ქალღმერთ გეას შვილი, როცა მიწას ეხებოდა, მეტოქეთათვის უძლეველი იყო. ჰერაკლემ ანტეოსი ჰაერში აიტაცა, მიწას მოსწყვიტა და დაახრჩო.

„სააკაშვილიც არის ერთგვარი ანტეოსი“, - განაცხადა მაშინ დავით ზურაბიშვილმა, -„რომლისთვისაც მიწის როლს სამი რამ ასრულებს. პირველი: ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც იგი ეყრდნობა; მეორე: მეტ-ნაკლები მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან, როგორც სტაბილურობის გარანტისა, და მესამე: ხალხის ნიჰილიზმი. თუ ამ სამ კომპონენტს გამოვაცლით, მაშინ სააკაშვილის მარცხი გარდაუვალი იქნება.“

ცხადია, ოპოზიციამ იცის, რომ მედიის გარეშე მიხეილ სააკაშვილს ამ სამი კომპონენტიდან იოლად ვერც ერთს გამოაცლის, მით უფრო, რომ „ხალხის ნიჰილიზმის“ დაძლევა მედიის დახმარების გარეშე საერთოდაც შეუძლებელია, თუმცა ისიც ცხადია, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმით, შეურცხყოფის მიყენებით, საქმიანობაში ხელის შეშლითა და დაშინებით, მედია ვერასოდეს გაძლიერდება და პოლიტიკურ პარტიებსაც სამომავლოდ მავან ანტეოსთან ბრძოლაში მხოლოდ ჰერაკლესა და სხვა მითიური გმირების იმედად ყოფნა მოუწევთ.


ქართველი მწერალი, რომელიც კანადაში ცხოვრობს, რუსულად წერს და, უმეტესწილად, ფრანგულ ენაზე იბეჭდება

მარიამ ჭიაურელი

ელენე ბოჭორიშვილი
ამ დღეებში ჩეხეთის მედია იუწყებოდა ლიტერატურულ სიახლეზე, რომელიც იმდენ ქვეყანასთან არის დაკავშირებული ამა თუ იმ სახით, რომ, ცოტა არ იყოს, დამაბნეველია... საქმე ეხება რომანს სახელწოდებით “ფაინა, ანუ როიალის ამბავი”. ის ჩეხეთში გამოიცა, ავტორია ქართველი მწერალი ელენე ბოჭორიშვილი, რომელიც კანადაში ცხოვრობს და წერს რუსულად. და საინტერესოა, რომ არც “ფაინა, ანუ როიალის ამბავი” და არც ბოჭორიშვილის დანარჩენი რომანები არასოდეს გამოქვეყნებულა რუსულად ან ქართულად. ყველაა გამოქვეყნებული ფრანგულად, ზოგი მათგანი რამდენიმე სხვა ენაზე. სალიტერატურო წრეებში ამ
“ფაინა, ანუ როიალის ამბავი”-ს ჩეხური გამოცემა.
ტექსტებს ფართო გამოხმაურება ახლავს, ელენე ბოჭორიშვილს ცნობილ კოლეგებს ადარებენ, მათ შორის გაბრიელ გარსია მარკესს.


ჩეხეთში მისი წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით ელენე ბოჭორიშვილი პრაღაში იყო ჩამოსული და რადიო თავისუფლების სტუდიაშიც გვეწვია.



საუბარი დავიწყეთ შეკითხვით, წერდა თუ არა მხატვრულ ტექსტებს საქართველოში, სადაც დაიბადა, განათლება მიიღო და რამდენიმე წელი სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა.

იხ. აუდიოვერსია.



გალა-წარმოდგენა თბილისში


გიორგი გვახარია

6 მაისს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი ”იავნანა” გრანდიოზულ კონცერტს გამართავს - გალა-წარმოდგენაში პაატა ბურჭულაძის გარდა იმღერებენ თანამედროვე საოპერო ხელოვნების ვარსკვლავები ამბროჯიო მაესტრი და თამარ ივერი-ჯავახიშვილი.

”საოპერო ხელოვნების გოლიათი იტალიიდან” - ასე წარმოადგენენ ამბროჯიო მაესტრის 6 მაისს დაგეგმილი გალა-კონცერტის ორგანიზატორები... თუმცა არა მხოლოდ საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” წარმომადგენლები; იტალიელ ბარიტონს თაყვანისმცემლებმა ”გოლიათი” ჯერ კიდევ ”ლა სკალას” სცენაზე, დებიუტის შემდეგ შეარქვეს ”ფალსტაფში”. თითქმის ყველა, ვისაც იგი სცენაზე უნახავს, ამბობს, რომ მაესტრის არაჩვეულებრივ ხმასთან ერთად მაყურებელთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი აქვს - მისთვის სიმღერა იქცევა თავისებურ დიალოგად პუბლიკასთან.. ”მომღერალი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია” - უთქვამს მასზე დირიჟორ რიკარდო მუტის..

დღესდღეობით თითქმის არ არსებობს ბარიტონის პარტია მაესტრის რომ არ ემღეროს სცენაზე. რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, რომ დიდ მომღერალს ჩვენი ოპერის მოყვარულები მხოლოდ ცალკეული დუეტებისა თუ არიების შესრულებით გაიცნობენ და ვერ იხილავენ რომელიმე ერთი საოპერო პერსონაჟის როლში... მაგრამ შეიძლება ასე უფრო დავრწმუნდეთ იტალიელი მომღერლის სამსახიობო ნიჭში, გარდასახვის მის უნარში - როცა მაესტრის - როგორც ამბობენ, გოლიათს რომ ჰგავს სცენაზე, შეუძლია გარეგნობაც კი შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ ვის მღერის და ვისთვის მღერის. მითუმეტეს, როცა მას ისეთი პარტნიორები ჰყავს, როგორებიც პაატა ბურჭულაძე და თამარ ივერი-ჯავახიშვილი არიან.

ვერდის, მოცარტის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ქართველი მომღერალი, რომელიც წარმატებით მღერის მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა დიდი საოპერო თეატრის სცენაზე - ლასკალა იქნება ეს, მეტროპოლიტენ ოპერა, თუ პარიზის ”ოპერა-ბასტი”, ისევ იმღერებს სამშობლოში... ბოლო დროს თამარ ივერის რეპერტუარი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა - გასული წლის ბოლოს ნიუ-იორკში თამარმა ”დონ-ჯოვანიში” იმღერა დონა-ანას პარტია, ნიუ-იორკის ოპერის სცენაზე... 6 მაისს ივერი-ჯავახიშვილი, როგორც ჩანს, ამ სიახლესაც წარმოადგენს თბილისელი ოპერის მოყვარულების წინაშე.

6 მაისს, მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების სოლისტებისთვის დაუკრავს თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. შემოსული თანხმა მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
XS
SM
MD
LG