Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ამ კვირაში დასავლეთში დაიბეჭდა ერთი სტატია, რომელიც გაახარებს გურულებს, სპორტის ქართული ტრადიციული თამაშების მოყვარულთ და, საერთოდ, ყველას. სტატია “ქრისჩენ საიენს მონიტორმა” დაბეჭდა. ეს არის რეპორტაჟი შუხუთიდან, ლანჩხუთის რაიონის იმ სოფლიდან, სადაც წელს, აღდგომა დღეს, ლელო ითამაშეს. “ქრისჩენ საიენს მონიტორის” კორესპონდენტი პოლ რიმპლი შუხუთში ლელოს თამაშს გატაცებით აღწერს. ის თავიდანვე ერთ ფაქტს ამცნობს მკითხველს: მსაჯი აქ არ არსებობს, რადგან არ არსებობს თამაშის წესებიო. ამერიკელ ჟურნალისტს უზარმაზარ მოედანზე რაგბის თამაშს მოაგონებს ლელო, რომლის დროსაც მოთამაშეები ისევე დარბიან, როგორც პამპლონაში ხარების დევნისას - მოგიახლოვდება ხარი და უნდა გაიქცე. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო იკრძალებოდა, რიმპლის ცნობით, ლელოს ამ სოფელში ოდითგანვე თამაშობენ. ოთხმოცს მიტანებულ შუხუთელს, მჭედელ დურსუნ აბხაძეს, ჟურნალისტისთვის განუმარტავს: თუ მოთამეშე დაეცა, თამაში მაშინვე ჩერდებაო. თამაშის არეალი სოფლის ტერიტორიაა, ორ მდინარეს შორის. შუხუთის შუა გამავალ გზაზე თურმე სოფლის მღვდლის მიერ ბურთის დადება თამაშის დაწყებას ნიშნავს. ბურთი კი უმძიმესია - 35 გირვანქას, ანუ 16 კილოგრამს, იწონის. ჟურნალისტს ვერ დაუდგენია, საიდან მოდის ეს თამაში, ვინ შემოიღო და რატომ თამაშობენ მას მაინცდამაინც აღდგომა დღეს. ეს, უბრალოდ, სოფლის ტრადიციაა და, ადგილობრივი ჟურნალისტის თამაზ იმნაიშვილის ცნობით, როგორც “ქრისჩენ საიენს მონიტორი” აუწყებს მკითხველს, ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთს შორის1855 წელს შუხუთთან გამართული ბრძოლის ხსოვნას უკავშირდება. სოფლის მღვდელმა, მამა საბამ, ამერიკელ ჟურნალისტს აუხსნა, რომ ლელო დაკავშირებულია წინაქრისტიანული პერიოდის რიტუალთან, რომელიც ამ არეალში ანდრია პირველწოდებულის მიერ სახარების ქადაგებასთანაა გადაჯაჭვული. ლელო ტრადიციაა. ცხადია, არ არის კარგი, როცა ხალხი ერთმანეთს ურტყამს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს საუკეთესო საშუალებაა ვაჟკაცობისა და სიცოცხლისუნარიანობის გამოსავლენად, ამბობს მამა საბა, ყოფილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე.

ლელოს რიტუალი, ამ სტატიის თანახმად, იწყება აწ გარდაცვლილი ხარაზის სახლში - ისვე კერავდა ლელოს ბურთს. ეზოსთან იკრიბებიან სოფლელები და, ტრადიციულად, ერთად ტენიან ბურთს ქვიშით, მიწითა და ღვინით, მას მერე, რაც წასულების ხსოვნისა შეისმება. შემდეგ ბურთი ეკლესიაში მიაქვთ და მღვდელი აკურთხებს მას. სწორედ ამ წესს უკავშირებს სტატიის ავტორი თამაშის აკრძალვას კომუნისტურ ეპოქაში. პოლ რიმპლი აღწერს სალაღობო მომენტებს ლელოს აკრძალვის დროიდან. მისივე ცნობით, ერთადერთხელ არ შემდგარა თამაში - 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. ის თავის მკითხველს 9 აპრილის თაობაზეც ესაუბრება მოკლედ. ლელოს ტრადიციასთანაა დაკავშირებული თამაშის შემდეგ სოფელში ბოლო გარდაცვლილის ოჯახში ბურთის მიტანა. ასე იყო ამჟამადაც, როცა “ქრისჩენ საიენს მონიტორის” კორესპონდენტი შეესწრო შუხუთში ლელოს, რომელიც მოთამაშეთა დაზიანების გარეშე დასრულდა. ბოლოს, გამარჯვებულმა ქვემოშუხუთელებმა ბურთი მიიტანეს ფირცხალაიშვილების ოჯახში, სადაც შარშან მოულოდნელად გარდაიცვალა ვაჟი, აკო. მეორე დღეს ოჯახი, მთელ სოფელთან ერთად,სასაფლაოზე გავიდა. ფირცხალაიშვილის ოჯახს ერგო, მათი გარდაცვლილი შვილის ხსოვნის პატივსაცემად, ლელოს ბურთი.

დასავლეთის პრესაში საქართველოზე ამ კვირაში იყო კიდევ ერთი სტატია, რომელიც “გარდიანმა” დაბეჭდა. წერილის სათაური დადებითია: “გაყინული კონფლიქტები დნობას იწყებს” - ასე ასათაურებს მას საიმონ ტისდალი, რომელიც თვლის, რომ ბრიუსელის, ანუ ევროკავშირის, ზეწოლით ევროპის “ველური აღმოსავლეთი” ყინულისგან თავისუფლდება, მაგრამ პრობლემები რჩება.

მისი აზრით, პრაღაში, ევროკავშირის სამიტზე, ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას მიწვევა გაზაფხულის მაუწყებელია ევროპის აღმოსავლეთში. ის სომხეთ-თურქეთის ურთიერობის გამოსწორების დაწყებაზეც წერს და ამბობს, ევროკავშირი, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის გაწევრიანება შეაჩერა, ბედნიერად გრძნობს თავს კავკასიასა და შავი ზღვის არეალში თურქეთის გავლენის გაზრდით, რადგან ეს მას ხელს აძლევსო. საქართველოს შესახებ პასაჟი შეეხება შეხვედრას, რომელიც, გაზეთის ცნობით, გასულ კვირაში შედგა ძველ მტრებს - საქართველოს ოფიციალურ პირებსა და რუსეთის და სამხრეთი ოსეთის წარმოადგენლებს - შორის კარავში. მართალია, საქართველომ დაიჩივლა, რუსებმა შექმნეს ცხელი სატელეფონო ხაზი, მაგრამ ნომერი არ მოგვცესო, “გარდიანის” ამ სტატიის ავტორი ამბობს, ეს წინსვლის მსგავსი შეხვედრა იყოო. შემდეგ გაზეთი მოლდავეთზე, ასევე, ბელორუსიაზე წერს და ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის ინიციატივას ეხება. იქვე ტისდალი წერს, რომ ამ დადებითი მოვლენების გვერდით არის ხელის შემშლელი ფაქტორები, როგორიცაა აზერბაიჯანის უკმაყოფილება თურქეთისა და სომხეთის დაახლოებით. მაგრამ, მისი აზრით, უდიდეს “მუდმივ უცნობად” რჩება რუსეთი, რომელიც გარშემო მიმდინარე მოვლენებით თავს ალყაშემორტყმულად გრძნობს. ყველა საკითხში - იქნება ეს სამხრეთელი ოსებისთვის პასპორტების დარიგება, უკრაინის გაზსადენი, ნატოს წვრთნა საქართველოში თუ სხვა - რუსეთი დარჩება მთავარი სიტყვის მთქმელად რეგიონში, სადაც ის კვლავ აცხადებს პრეტენზიას გავლენის სფეროზე. რუსეთი მართლაც ფიქრობს, რომ მას ვეტოს უფლება აქვს, ასრულებს სტატიას “გარდიანი”, მაგრამ ზუსტად ახლა ევროკავშირი ცდილობს აჩვენოს, რომ ეს ასე აღარ არის.
XS
SM
MD
LG