Accessibility links

logo-print

საითკენ მიდის თბილისში მიმდინარე ”საკნების” საპროტესტო აქცია - რადიკალიზაციისა თუ, პირიქით, ვითარების განმუხტვისკენ? .

ამ შეკითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მაინც უნდა გამოიკვეთოს. გასულ კვირაში მხარეებისთვის დიალოგის მოწოდებამ აქტიური ხასიათი მიიღო და ამ მოწოდებისადმი რადიკალური ოპოზიციის შიგნით დამოკიდებულებამაც არაერთგვაროვანი მიმართულებები აჩვენა: უფრო რადიკალური და ნაკლებად რადიკალური.დიალოგის შანსი თითქოს გაჩნდა, თუმცა იმის მინიშნებით, რომ თუ ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყება, ამ პროცესის პარალელურად თავისი როლის შესრულება უნდა განაგრძოს საპროტესტო აქციებმაც და თან აქციები სხვა ფორმაში უნდა გადავიდეს: გამოსვლების ერთგვარმა არაფორმალურმა ლიდერმა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ სატელევიზიო ”საკნიდან” გამოსვლა გადაწყვიტა, რათა რაიონებიდან დედაქალაქისკენ ხალხს ფეხით გამოუძღვეს. როგორ მიდის კვანძის გახსნისკენ პროცესი, რომელიც თბილისში 9 აპრილის საპროტესტო აქციით დაიწყო?

გასულ კვირაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა საქართველოს ხელისუფლებას და მის ოპოზიციას მოუწოდეს დაიწყონ ”ღია და ჭეშმარიტი” დიალოგი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. მათ მოხსენებაში, რომლის შინაარსიც 30 აპრილს გახდა საჯარო, ნათქვამია, რომ ოპოზიციის მოთხოვნა დაიწყოს დიალოგი, მაგრამ აუცილებლად მხოლოდ ერთ საკითხზე, პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის საკითხზე, დიალოგის დაწყებას ხელს არ უწყობს.

” არც ხელისუფლების მიერ ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობის გამორიცხვა უწყობს ხელს დიალოგის დაწყებას. შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე უნდა იყოს ერთგვარი ამოცანა დიალოგისა და არა მისი წინაპირობა”, - ნათქვამია მოხსენებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ სწრაფი ვადამდელი არჩევნების მთელი სერია ხელს არ უწყობს დემოკრატიულ სტაბილურობას საქართველოში. თუმცა მომხსენებლები მთლიანად აღიარებენ საქართველოს მოქალაქეთა უფლებას და სურვილს გამოხატონ თავიანთი შეხედულება ქვეყნის ხელისუფლების მიმართ.

მოქალაქეები, რომლებმაც გადაწყვიტეს საკუთარი პროტესტის სრულად გამოხატვა, საპროტესტო აქციებს აგრძელებენ სხვადასხვა აქტიური ფორმით, მათ შორის, პირველ რიგში, დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე ადგილას რკინის კონსტრუქციებით გაშენებულ ”საკნების ქალაქში ” ცხოვრებით, ისე როგორც, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ბათუმელი აქტივისტი გოჩა დონდუა ცხოვრობს. მან გვითხრა, რომ ამ სახით ის “რუსთაველის გამზირზე“ მასის პროტესტს გამოხატავს, თუმცა ჩვენი საუბრის მომენტში გამზირზე მასა არ ჩანდა.
ეს არის მასის პროტესტი? სადაა მასა? -ვიკითხე მე. მიპასუხა: ”მე ვარ მასა. არ დაგინახავთ? 200 000 ათასი ადამიანი არ დაგინახავთ? კარგი, 200 000 თუ არა, 20 000 ხომ იყო.”

”საკნების” ბინადრები, ძირითადად, რაიონებიდან ჩამოსული სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან. ლიდერების კვალდაკვალ ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი თუ დაიწყება, ეს დიალოგი უნდა შედგეს ერთ საკითხზე: გადადგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გადადგომამდე ავანსად ოპოზიციის ლიდერებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადადგომაც მოითხოვეს - მათ თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს უნდა დაუბრუნდეს. ”იქ არიან ღირსეული ჟურნალისტები და დროა ისინი ოპოზიციის და ხალხის მხარეს გადმოვიდნენ”, - თქვა ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ხუთშაბათს. ოპოზიციის და ხალხის მხარესო, ანუ ოპოზიცია და ხალხი გააიგივა, ისევე როგორც ჩვენ მიერ მოყვანილ ჩანაწერში გააიგივა ქუჩის ”საკნის” ერთ-ერთმა ნებაყოფლობითმა პატიმარმა საკუთარი პროტესტი მასის პროტესტთან.

ისევ საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა: პარასკევ დილით მაუწყებლის შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერები მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის სირცხვილის დერეფნის გასაკეთებლად მივიდნენ. ტელევიზიის თანამშრომლებს იმ დილით სათითაოდ მოუწიათ ”სირცხვილის დერეფნის” გავლა, ოღონდ საკითხავია, რისთვის? იმისთვის, რომ ისინი, როგორც ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელევიზიაში მუშაობენ, თუ იმისთვის, რომ ოპოზიციის მხარეს არ გადადიან?

მაგრამ დავუბრუნდეთ ყბადაღებულ დიალოგს. საუბრის დასაწყისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების რჩევა მოვიყვანეთ - რჩევა, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ოპოზიციამ დაიწყოს მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე. რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მაგალითად, ექს-საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ამ რჩევის გამო ევროსაბჭოს მომხსენებლები საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა, ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კი თავის კომენტარში ხაზგასმით თქვა, რეკომენდაცია რეკომენდაციააო. ხუთშაბათს ოპოზიციის ლიდერები თბილისში დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამ შეხვედრაზე იყო მსჯელობა დიალოგის თემაზეც. შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ, მისი აზრით, ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი ამოწურულია და დროა საპროტესტო გამოსვლები უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს. მოგვიანებით იყო ოპოზიციის ლიდერების შეხვედრები ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, პეტერ სემნებისთან. ეს იყო შეხვედრები დიალოგისთვის წინაპირობის მოსასინჯად. პეტერ სემნებისთან შეხვედრის შემდეგ ”ალიანსი თავისუფლებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, განაცხადა, რომ, მისი აზრით, ინსტიტუციონალური ცვლილებების შემთხვევაში, ავტომატურად დადგება დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების საკითხი. ამით გამსახურდიამ თქვა, რომ მომხრეა დაიწყოს სერიოზული დიალოგი ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე. ალიანსის მეორე ლიდერის, აკაკი ასათიანის, განცხადებასაც მოვიყვანთ: ” საპროტესტო გამოსვლები საზოგადოების გამოფხიზლების ხასიათს ატარებს, მაგრამ კონკრეტულ შედეგებს ვერ მოიტანს. უმჯობესი იქნებოდა ოპოზიციას თავიდანვე მოეთხოვა პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა, სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო კოდექსის დახვეწა და დაბალანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ არც ახლაა გვიან.”ცვლილებების შესახებ დიალოგში ჩართვისთვის მზადყოფნა გამოხატა ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ პოლიტიკურმა პროცესმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს, მაინც გაურკვეველია. აქციების ორგანიზატორი ძალა ხომ ჭრელია.

საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობის აშკარა კლების პირობებში, გამოსვლების ერთგვარმა არაფორმალურმა ლიდერმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იმავე ”უცნობმა”, სატელევიზიო ”საკნიდან” გამოსვლა გადაწყვიტა იმისთვის, რომ სათავეში ჩაუდგეს რაიონებიდან საქართველოს მოქალაქეების თბილისისკენ ფეხით მსვლელობას მთავარი მიზნის, სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადადგომის მისაღწევად. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის სიმბოლო ”საკანია”, იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ციხეა და ციხის კარი გასატეხია. ”უცნობის” სატელევიზიო საკნიდან გამოსვლით და თბილისისკენ მსვლელობის ორგანიზებით რა შეიძლება შეიცვალოს აქციის ფორმაში? - ვკითხეთ ფილოსოფოს გიგა ზედანიას.
მან გვიპასუხა: ”ამ ფორმით ის მიზნები ვერ იქნა მიღწეული, რა მიზნებიც იყო დასახული. ამიტომ დროა რაღაც გამოსავალი მოიძებნოს თავად ”უცნობისთვისაც” - მართლა 2013 წლამდე ხომ არ იჯდება იმ ”საკანში” - და გამოსავლი იქნება ის, რომ ის ერთგვარი პილიგრიმის როლს იკისრებს.”

გიგა ზედანიამ თქვა, არჩეული ფორმით და სიმბოლიკით მიზნები ვერ იქნა მიღწეულიო. მას ვთხოვეთ განემარტა, მისი აზრით, რატომ ვერ გაამართლა ჩანაფიქრმა, რატომ ვერ იქნა მიღწეული მთელი საქართველოს დარაზმვა ”საკნების” პროტესტში მონაწილეობის მისაღებად.

” საკანი ჩემთვის უკავშირდება ციხისა და ქურდული მენტალიტეტის იდეალიზაციას საბჭოთა კავშირში. შესაბამისად, ის განცდა, რომ საკანში კარგი ხალხი ზის, დღეს ვერ იმუშავებდა; ეს ფორმა, გარდა იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლებისადმი პროტესტია, აჭარბებს ამ პროტესტს და, გინდა არ გინდა, ხდება ქურდული მენტალიტეტის აპოლოგია და ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ფორმა იქნა მოფიქრებული ძალიან ცუდად.”

მაგრამ ეს გიგა ზედანიას მოსაზრებაა.საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ”უცნობის” მიერ არჩეული პროტესტის ფორმა ზუსტი და წარმატებულია - სატელევიზიო პატიმრის როლში მსახიობი და მომღერალი ” უცნობი” საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის უკვე გმირია. მას ურეკავენ პირდაპირ ეთერში მხარდამჭერები და თაყვანისმცემლები, სახალხო გმირს უწოდებენ, ამხნევებენ, ეუბნებიან, რომ ბოლომდე მის გვერდით იდგებიან, რომ მასზე დარდობენ და მისთვის ლოცულობენ, რჩევებს აძლევენ. სატელევიზიო შოუში ”საკანი 5” ხშირად არის ასეთი საუბრები:

”უცნობი”: ალო, გისმენთ.

მაყურებელი ქალი: გამარჯობა. ძალიან გვიხარია ღამის მოსვლა, რომ თქვენ და თქვენს გადაცემას ვუყუროთ.მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს. არ შეიძლება უნიჭო sms-ი ცენზურაში გაატაროთ, რომ ამ დებილების ასპარეზი არ იყოს?!”

გიგა ზედანიას აზრით, შოუს ავტორმა ისიც ვერ გათვალა, რომ განსხვავებული ხედვის, განსხვავებული პოზიციის ადამიანების და, მათ შორის, ხელისუფლების წევრების შეფასების მსგავსი ფორმა ჩვენს საზოგადოებაში დიდად არ მოეწონებოდათ. ზედანიას თქმით, ქართული საზოგადოებისათვის, სადაც აფასებენ თავის ღირსეულად დაჭერას, შეუძლებელია მისაღები იყოს სხვების და საკუთარი თავის გაშარჟებისა და პაროდირების ფორმა.

მაშინ, თქვენი აზრით, რა არის შედეგი სატელევიზიო შოუსი, რომელიც უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს? - ვკითხე გიგა ზედანიას. პასუხი: ”ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა იმ საკანში და ბოლომდე დააფრქვია საკუთარი სიბრძნე, გვაჩვენა, რას წარმოადგენდა. ყველას არ ვგულისხმობ. გამოჩნდა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც შემორჩენილი ჰქონდათ ძველი სიმბოლური კაპიტალი.მაგრამ დღევანდელ სამყაროში ეს კაპიტალი არ მუშაობს. მე მგონი, ამის ჩვენება, საკუთარი განზრახვის საწინააღმდეგოდ,ამ შოუმ მოახერხა. ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი აფექტურობა, ასევე სრული დომხალი, რომელიც უკავშირდება ძველ საბჭოთა ტრადიციებს, მასზე დადებულ რელიგიურობას, რაღაც უცნაურ წარმოდგენას ეროვნულობაზე, ასევე რუსებზე - ამის ჩვენება მოხდა შოუში ”საკანი 5” და ეს კარგი იყო. რაღაც კრისტალიზაცია მოხდა და მოხდა გაცნობიერება იმისა, რა პრობლემები გვაქვს საზოგადოების ცნობიერებაში.”

გიგა ზედანიას შეხედულებით, წლევანდელი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში ქუჩის პოლიტიკასთან გამომშვიდობების ეტაპს ჰგავს, თუმცა ვნახოთ.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი აქციების შედეგად მიხეილ სააკაშვილი არ გადადგება? ”ასეთ შემთხვევაში მივიღებთ დიქტატურას”, - განაცხადა გასულ კვირაში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ... სხვა, უფრო უცნაურ და თან გლობალური მნიშვნელობის შედეგზე მიგვანიშნა ცოტა ხნის წინ ოპოზიციის სხვა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ. მან ასეთი რამ თქვა: ”კი, მიხეილ სააკაშვილის ხელშია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოსპობა, თუკი ის არ იქნება კერა დაძაბულობისა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განმუხტვა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც წავა მიხეილ სააკაშვილი და სწორედაც ეს თემა უნდა იყოს სალაპარაკო.”

პოლიტიკური ლიდერის ასეთ მოსაზრებას კი საქართველოში საზოგადოების ნაწილი იოლად იზიარებს. ” სააკაშვილს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც კი გამოუწვევია”, - ლაპარაკობენ ამ ნაწილში და მთელ ამ ლაპარაკში, მითქმა-მოთქმაში, აურზაურში უნდა დავსვათ შეკითხვა, რომელიც სატელევიზიო შოუში ”საკანი 5” ერთხელ თავად საპროტეტსო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გუბაზ სანიკიძემ, დასვა ასე: ” ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას რამენაირად ეტყობა დღეს, რომ ტერიტორიები დავკარგეთ და დავმარცხდით? არ ეტყობა. რესტორნები გამოტენილია.”

გასულ კვირაში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის ძალითაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის პირობით საზღვრებზე რუსი მესაზღვრეები დადგებიან. ”ეს ქმედება ეწინააღმდეგება აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს და არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, - ნათქვამია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.. მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირმაც.
XS
SM
MD
LG