Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია იმნაძე - ადამიანის უფლებათა დამცველი


26 აპრილი, კვირა
დღეს „ზონდერბრიგადა“ მორიგეობს, ესე იგი იწვიმებს (არც ერთ ჩვენს მორიგეობას უწვიმოდ არ ჩაუვლია. ის ბაყაყებიც ალბათ ჩვენს ჯინაზე დაჭყლიტეს კუს ტბაზე). მე და გივი ბოროტად ვსარგებლობთ თავისუფლების მოედნის მიუდგომლობით და თავისუფალ დროს მერიოტის აუზზე დავძვრებით. ამ საღამოს, აუზიდან გამოსვლისას, არეულობა დაგვხვდა. აღმოჩნდა, რომ ვიღაც არანორმალური მანქანით შემოვარდნილა მოედანზე და რამდენიმე საკანი დაუზიანებია. ყველაზე მეტად ბიძინა გუჯაბიძე ღელავს. სიტუაციის განმუხტვას დაველოდეთ და დისლოკაციის ადგილისკენ გავეშურეთ. შუაღამისას ვიწყებთ მორიგეობას.
ნათია იმნაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:37 0:00
ღამის სამი საათია და მორიგ წრეს ვარტყამთ „საკნების ქალაქს“. ვიღაც გვატყობინებს, რომ ორთაჭალაში სპეცრაზმი გროვდება და, სავარაუდოდ, საკნების დარბევას აპირებს. ორთაჭალაში, "ციხეებთან", მართლა გვხვდება სპეცრაზმელებით სავსე სამი ყვითელი ავტობუსი. უკან მოვყვებით. მე მერიის ავტობუსების სპეცრაზმისთვის გამოყენებას ვაპროტესტებ. ინტრიგანს მეძახიან და ვჩუმდები. პარლამენტამდე ვდიეთ. ოთო ამბობს, ჯერ ჩვენ დავდევთ, მაგრამ ერთი თუ შემოტრიალდნენ, მტრისასო. დავესწარით პარლამენტის დამცველი სპეცრაზმის როტაციას.
ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. არავინ უცემიათ.

27 აპრილი, ორშაბათი
მაინც სამსახურში აღმოვჩნდი. ამბების გასაგებად. დღის წესრიგშია სანოძე და მისი ბუშტი. წუხანდელი ღამენათევი ვარ და სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, უნიჭო ხუმრობა მეგონა. არადა... „კრეტინიზმსაც საზღვარი აქვს“, ვამბობ და სხვა ოთახში ვინაცვლებ.
აქ კორკოტას შემთხვევას განიხილავენ. „ფულია, აბა რა არი?!“, ცხარობს ერთი. ასჯერ ვატრიალებთ ერთსა და იმავე კადრებს. მგონი, მაინც პირადობის მოწმობა უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მოქალაქისთვის პირადობის მოწმობის წართმევაც, რბილად რომ ვთქვათ, არაა მთლად მიზანშეწონილი, მაგრამ მომხდარს სულ სხვა დატვირთვას აძლევს.
ზრდილობის გულისთვის ვკითხულობ, ვინაა მორიგე და სახლში მივდივარ.

28 აპრილი, სამშაბათი
კორკოტა სამსახურიდან დაითხოვეს. მეწყინა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები დაგვღუპავს. უახლოეს წარსულში ამავე არხის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ ისეთები ილაპარაკა ინტერვიუში, წესით, პირველი ის უნდა წასულიყო, მაგრამ პრინციპი „ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი კუდს“ ისევ ძალაშია.
ორი გიორგი გაცხარებით ბჭობს, არის თუ არა პირადობის მოწმობა ნივთი და, შესაბამისად, მისი წართმევა - ძარცვა. ყოველი შემთხვევისთვის დუმილის უფლებას ვინარჩუნებ.
სხვა ყველაფერი ძველებურადაა. მივეჩვიეთ შემოვლითი გზებით სიარულს. ისეთი ადგილები ვისწავლე, წარმოდგენა რომ არ მქონდა. შემოსავლების დეკლარაციაც ჩავაბარე და ბეწვზე გადავრჩი ჯარიმას. მართალია, გამგეობამდე მისვლას საათნახევარი მოვუნდით, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ და ვალმოხდილი სახით ვბრუნდებით სამსახურში.
ისევ მორიგეობა. წვიმას აპირებს. თორმეტისთვის საღამოს ჯგუფი მშვიდობიან ღამეს გვისურვებს და მიდის, თუმცა პროგნოზი არ მართლდება და ღამის სამ საათზე რამდენიმე კაცის თელავში გაგზავნა გვიწევს რესპუბლიკელი ლომიძის სანახავად, რომელსაც მანქანა დაუწვეს და მას მერე დაკითხვაზე ჰყავთ, ჯერ თბილისში, მერე – თელავში. დარჩენილებს ნერვიულობაც არ გვაცალეს, ვიღაცების საძებრად მივდივართ პოლიციის განყოფილებებში. ერთგან არ გვიშვებენ. ვუხსნით, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები ვართ და ყველგან გვაქვს შესვლის უფლება. დაცვა უაზრო თვალებით გვიყურებს და, ბრძანებას ვასრულებთო, გვეუბნება. კარგად ვიჩხუბეთ. როგორც იქნა, შევედით. რომელიღაც სამმართველოს უფროსმა მიგვიღო და ბოდიშებად დაიღვარა. მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. გვპირდება, რომ პირადად აუხსნის ყველა ცვლას, ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვიშვან დაუბრკოლებლად. სამი განყოფილება მოვიარეთ, მაგრამ ვისაც ვეძებდით, ვერ ვიპოვეთ.
„თელაველები“ ტელეფონსაც აღარ პასუხობენ.
დილისკენ, როგორც იქნა, გამოჩნდნენ მშივრები და უბედურები. ლომიძის ახსნა-განმარტება ჩამოიტანეს: რაღაც დამალევინეს და ცდილობდნენ, ცრუ ჩვენებები გამოეტყუებინათო.

29 აპრილი, ოთხშაბათი
დღე, პრაქტიკულად, ამოვარდნილია. ძირითადად მეძინა. ინტერვალებში საია-დან დარეკეს, არასწორი გვარი გვითხარი და სხვაზე გამოვწერეთ ორდერიო. შალვა რამიშვილმა დარეკა. შევპირდი, მალე მოვალ-მეთქი. ამასობაში ლომიძემ აღიარა, რომ თვითონ დაწვა მანქანა. თანაპარტიელები ზეწოლაზე ლაპარაკობენ. ყველაზე ვბრაზდები და ისევ ვიძინებ.

30 აპრილი, ხუთშაბათი
როგორც იქნა, გაზაფხულდა. მორიგეობამდე ციხეში გავიარეთ. შალვა აფორიაქებულია, ყველაფერი აინტერესებს. დაწვრილებით განვიხილავთ პოლიტიკურ პროცესებს და მათ მონაწილეებს. „ლიდერია საჭირო“, ასკვნის შალვა. „და ცოტა ფანტაზია“, ვაგრძელებ. ეზოში გავდივართ. ტრადიციული შოკოლადით გვიმასპინძლდებიან. დღეს განსაკუთრებით გემრიელია – დილიდან არაფერი მიჭამია. ამინდი მაინც თავისას შვრება. ყველა კარგ ხასიათზეა. პატიმრები თავის ამბებს ჰყვებიან, თან, როგორც წესია, გვეკითხებიან, „სვაბოდაზე“ რა ხდება. ეგ რომ ვიცოდეთ, რა ხდება, რაღა გვიჭირს?!
აღმოჩნდა, რომ დღეს აღარ ვმორიგეობთ. სადღაც გულიც კი გვწყდება. „მატროსოვზე“ მივდივართ ბარაკების დასათვალიერებლად. ბუნტის მერე აღარ ვყოფილვართ და გვაინტერესებს, მართლა ისეა განადგურებული, როგორც ამბობენ თუ არა. აღმოჩნდა, რომ დიდი არაფერი. მაქსიმუმ ერთ კვირაში შეიძლება ყველაფრის აღდგენა. ახლა გასარკვევია, რამდენ ხანს აპირებენ პატიმარი ქალების გაჩერებას რუსთავში და რა ხდება ბუნტის გამოძიებასთან დაკავშირებით.

1 მაისი, პარასკევი
დაგროვილ წერილებს ვკითხულობ. უძილობა თავისას შვრება და ერთი და იმავე წინადადების სამჯერ წაკითხვა მიხდება. როგორც იქნა, ბოლოში გავედი. აივანზე დიდი შეკრებაა. თემა – შეიძლება თუ არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლად დაკვალიფიცირდეს მუქარა არაჟურნალისტზე. მშვენოს აზრით, კანონიერებისკენ მოწოდება, თუნდაც უხეშ ფორმებში, მუქარადაც კი ვერ დაკვალიფიცირდება. ძველ შემთხვევებს ვიხსენებთ, როცა ჟურნალისტებისადმი მუქარა ჩინოვნიკებისგან მოდიოდა და რისთვისაც დღემდე არავინ დასჯილა. ისევ ორმაგი სტანდარტი.
ღამის ორ საათზე გიორგი რეკავს და დაღლილი ხმით მეუბნება, რომ რუსთაველის მიდამოებში ვიღაცები ცემეს. მივდივართ. გვიყვებიან, როგორ ჩატენეს მანქანაში, ერთი-ორი წამოარტყეს, აქციებზე რა გინდათო, ნარკოლოგიურში წაიყვანეს. დაწვრილებით ვიწერთ და მოვდივართ. ერთ-ერთი მანქანის ნომერი, როგორც ამბობენ, ემთხვევა დაჩის გადაღებულ კადრებზე დაფიქსირებულ მანქანას, რომელიც რას აკეთებს, ჯერ არ ვიცით. დაჩი ხვალ მოიტანს ჩანაწერს და ვნახავთ. შემთხვევის ადგილზეც გავიარეთ, მაგრამ კამერის ნასახი არაა გარშემო. „რა მნიშვნელობა აქვს, ჩანაწერს მაინც არ მოგვცემდნენ“, თავს იმშვიდებს ამუ. ტელევიზიასთან და ავლაბარში ვურტყამთ წრეს. ზოგს ძინავს, ზოგი – მორიგეობს. ერთი შეხედვით, სიმშვიდეა. ოთხისთვის ოფისში ვბრუნდებით და ვნატრობთ, აღარაფერი მოხდეს.

2 მაისი, შაბათი
ყველა დასაძინებლად წავიდა. მე, როგორც ჩანს, დღის ბოლომდე ძილი არ მიწერია. დაცვა ჩამოვლას აკეთებს და გაკვირვებული სახით მიყურებს. ნამდვილად არ ვეგონე შენობაში.
გიორგიც მოვიდა. მე წუხანდელ ამბებს ვუყვები, ის – გადაცემა „პატრულს“. დღიურებს ვაკითხებ და ვალს ვადებ, მადლობა თქვი, რომ არ დავწერე, დილის 6 საათზე თელავში პურს და სიგარეტს როგორ ეძებდით-მეთქი.
რადიო "თავისუფლებაში" ჩაწერა მაქვს და ვცდილობ, არ დამეძინოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG