Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელოვანის არჩევანი


მას მერე, რაც მიხეილ სააკაშვილმა ელდარ შენგელაია წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა, საქართველოში ისევ დაიწყო ხელოვანისა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულებაზე მსჯელობა. ოპოზიციამ კინორეჟისორი გაკიცხა - უფრო მეტიც, ელდარ შენგელაია საჯაროდ გაკიცხა მისმა ძმამ, გიორგი შენგელაიამ. მოკლედ, პოლიტიკურმა ცხოვრებამ ისევ დაუპირისპირა ერთმანეთს ოჯახის წევრები, როგორც 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოში... ამ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ალბათ, იმ ხალხმა უნდა აიღოს, ვინც ქმნის პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში; თუმცა პასუხისმგებლობა, ცხადია, არც ცალკეულ პიროვნებებს ეხსნებათ...სხვა საქმეა, რომ არჩევანის გაკეთება ექსტრემალურ სიტუაციაში, პოლიტიკური ზეწოლის პირობებში, ხელოვან ხალხს ყოველთვის უჭირდა. და არამარტო საქართველოში.

ამ მხრივ, ნამდვილად მისასალმებელია რუსთაველის თეატრის ახალი პროექტი, სახელწოდებით ”ორშაბათის შეხვედრები ექსპერიმენტულ სცენაზე”...პროექტი, რომელიც ხელოვან ხალხს საშუალებას აძლევს უშუალოდ დაელაპარაკოს საზოგადოებას... დაელაპარაკოს იმაზე, რაც თავად მიაჩნია საჭიროდ. როგორც წესი, პოპულარულ არტისტებს დღეს ტრიბუნას მოყვითალო ჟურნალ-გაზეთებსა და ტელეგადაცემებში უთმობენ... და, აბა, იქ ხომ არ დაიწყებენ საუბარს მხატვრის მოვალეობაზე, სინდისზე, არჩევანზე, ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაზე, იმაზე, რაც განსაკუთრებით ჩვენს ”სამოციანელებს” აღელვებდათ ყოველთვის - მათ შორის, ელდარ და გიორგი შენგელაიებს, მერაბ კოკოჩაშვლს... აპრილში ”ექსპერიმენტული თეატრის” სტუმარი სწორედ მერაბ კოკოჩაშვილი იყო -
ადამიანი, რომელმაც არჩევანის თემას, ხელისუფლებისადმი ინტელექტუალის დამოკიდებულებას ფილმიც მიუძღვნა, - ”ცხელი ზაფხულის სამი დღე”, - ერთ-ერთი იშვიათი ფილმი, რომლის ეკრანებზე გამოსვლა 80-იანი წლების დასაწყისში პირადად შევარდნაძის ბრძანებით შეფერხდა.

”იმ დროს, როცა ფილმი ეკრანებზე არ გაუშვეს, ოჯახის წევრებმა სასამართლო მომიწყვეს: ჭორი დადის ქალაქშიო, რომ შენ თანახმა ხარ რაღაც ამოჭრა ფილმშიო... ჩემმა სიდედრმა - არაჩვეულებრივად რბილი ქალი იყო - თქვა, შვილო, კამეჩებს ნუ ეომებიო.. უმცროსმა კი მითხრა... თუკი ამოჭრი, ე.ი. მატყუარა ხარო... სიდედრმა ტირილი დაიწყო: შენ გაჩერდი, თორემ სახლიდან წავალო. ეს იყო უკომპრომისობა 14 წლის ადამიანის”, - გვითხრა მერაბ კოკოჩაშვილმა.

უკომპრომისობა და კომპრომისი - საბჭოთა 60-იანელებისთვის კომპრომისი ყოველთვის მისაღები იყო... ეს კომპრომისი იდეალიზმის ერთ-ერთი გამოხატულება იყო: დავუთმოთ ერთმანეთს და უკეთ ვიცხოვრებთ... დავუთმოთ ხელისუფლებას, ის კი მუშაობის საშუალებას მოგვცემს...უფრო მეტიც, შევეცადოთ კეთილშობილი გავხადოთ ხელისუფლება - ბოლოს და ბოლოს, სილამაზემ ხომ უნდა იხსნას სამყარო? ამ თვალსაზრისით, საბჭოთა ეპოქა არაა მდიდარი თუნდაც გუსტავ კურბეს მსგავსი მხატვრებით - იმ კურბესი, ორდენი უკან რომ დაუბრუნა ხელისუფლებას და 1870 წელს წერილით მიმართა კულტურის მინისტრს. პოეტი რატი ამაღლობელი იხსენებს:

”ბავშვობაში წავიკითხე წერილი და დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმის გამო, რომ კურბე სთხოვს, თავი შეიკავოს ნებისმიერი დაჯილდოებისგან, რადგან ძალაუფლება და ძალმოსილი ხელისუფლება, რომელიც აჯილდოებს ხელოვანს, ესაა უზურპაცია ხელოვნების... თუკი ვინმეს არ გაეგება ხელოვნების, ესაა ხელისუფლება და ყველაზე არაკომპეტენტური ორგანო არის ხელისუფლება და მან არ უნდა გადაწყვიტოს ხელოვანის დაჯილდოების საკითხი.”

თუმცა მსგავსი ფაქტი საქართველოს უახლოეს წარსულსაც ახსოვს. შევარდნაძის ეპოქა უკვე სრულდებოდა, როცა მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა ღირსების ორდენზე უარი უთხრა სესილი გოგიბერიძეს. მერე კი განაცხადა:

”როდესაც ადამიანს ღირსებას ართმევენ, მას ღირსების ორდენი აღარ უნდა მიანიჭო, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეიძლება მიაყენო შეურაცხყოფა, ხელფასი არ მისცე, გაუყინო და შემდეგ ორდენი მისცე. 37 წელს მეტი არაფერი ხდებოდა.”

როგორც ხედავთ, არტისტის პროტესტი მაშინ უფრო ცხოვრების სოციალურ სფეროს ეხებოდა... მოგვიანებით ნოდარ მგალობლიშვილი ისევ გამოჩნდა ”პროტესტანტთა” რიგებში..დღეს იგი იმ არტისტებს მიეკუთვნება, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ... როგორც მისი თანამოაზრეები ამბობენ, ხალხის გვერდითაა. მაგრამ ძალაუფლება ხომ მარტო ხელისუფლებას არ ნიშნავს? ძალაუფლება ხომ ხალხსაც აქვს - უფრო სწორად, უმრავლესობას. ამაზე, სხვათა შორის, კიდევ ერთი 60-იანელი, ლანა ღოღობერიძე, საუბრობდა:

”ხელისუფლება, ანუ ძალაუფლება, რომელიც ემყარება კოლექტივს, მასას, უმრავლესობას, და ხელოვნება, რომელიც ემყარება ინდივიდს... ძალაუფლება, რომელიც სპობს ყველაფერს ინდივიდუალურს, ინტიმურსაც კი. ეს შეუთავსებელი ცნებებია, პრინციპში, და ამ ჭიდილშიც იბადება ხშირად ხელოვნება.

მაგრამ კოლექტივისა და ინდივიდის კონფლიქტში დიდი ხელოვნება მაშინ იბადება მხოლოდ, როცა არიან კოლექტივისგან გამიჯნული არტისტები - შერეკილები, რომელთაც ვიღაც დასცინის, ვიღაც დევნის, ვიღაც ემუქრება, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ სიყვარულის ფორმულის ძიებას და ძალადობას ებრძვიან.

სხვათა შორის, სწორედ ”შერეკილები” ახსენა მიხეილ სააკაშვილმა ელდარ შენგელაიასთან შეხვედრაზე - კინორეჟისორის წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოების ცერემონიალზე: ”ყველა თამამ ოცნებას უწერია განხორციელება და ყველა გაბედულ იდეალისტს აქვს ახალი იდეალის მიღწევის საშუალება. ამაში დასარწმუნებლად უყურეთ ”შერეკილებს”... ეს ის შემთხვევაა, როცა ხელისუფალმა ის ფილმიც კი თავის სასარგებლოდ გამოიყენა, რომელიც უშუალოდ ხელისუფლების, იდეოლოგიის, ზევიდან მართვის წინააღმდეგაა მიმართული... ძნელი სათქმელია, როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტყვების მოსმენის დროს ხელოვანი... ხომ არ ეტყვის ხელისუფალს - ეს ფილმი სულ სხვა რამეზეაო?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG