Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 4 მაისი 2009


”კვირის პალიტრა” პატიმრობაში მყოფ მერაბ რატიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ჰყვება, როგორ დაეხმარა ფინანსურად გაერთიანებულ ოპოზიციას. ჰყვება დაკავების შესახებ და იხსენებს: ”მათ სჭირდებოდათ ჩემი იზოლირება. უნდოდათ, პროვოკატორის და ცილისმწამებლის როლი შემესრულებინა. როგორც გითხარით, ჯერ უნდა ”მეღიარებინა”, რომ ვარ რუსეთის აგენტი და შემდგომ მიმეცა ცრუ ჩვენებები ოპოზიციის ლიდერებზე. ამით უნდოდათ გაემყარებინათ ის ”ბრალდებები”, რომლებიც ”ვანოფიქჩერსის” ანტიჯაშუშური სერიალებით თავს მოახვიეს საზოგადოებას. ალბათ, გახსოვთ, 2007 წლის 5 ნოემბრიდან როგორ ფილმებს ატრიალებდნენ ტელევიზიით. ჩვენებებს ითხოვდნენ გოგა ხაინდრავაზე, პაატა დავითაიაზე, შალვა ნათელაშვილზე, სხვა პოლიტიკოსებზეც მიმანიშნებდნენ”, - ასეთ პასუხს სცემს პატიმარი მერაბ რატიშვილი ”კვირის პალიტრის” ერთ-ერთ შეკითხვას.

ამავე გაზეთში ნახავთ ინტერვიუს გია გაჩეჩილაძესთან, იმავე ”უცნობთან”, რომელიც თავის გეგმებს უზიარებს ჟურნალისტს: ”ახლა წყდება საიდან დავიწყებთ. შეიძლება, აჭარიდან დავიწყოთ, იქნებ, ზუგდიდშიც ჩავატაროთ აქცია-კონცერტი. მერე ერთ პროტესტ-კონცერტს ჩავატარებთ ქუთაისში და იქიდან ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ წავალთ. ეს ჩვენი გოლგოთაა. ეს გზა გასავლელი გვაქვს, რომ მოვინანიოთ ის, რაც ოცი წლის განმავლობაში ერთმანეთს და ჩვენს ქვეყანას გავუკეთეთ. უწმინდესმა და უნეტარესმა მიკურთხა ეს გზა. ყველაფერი თბილისში დიდი ეროვნული შერიგებით დამთავრდება”, - ამბობს ”უცნობი” ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”მთელი კვირა” შვიდ მაისს ხელისუფლების მიერ აქციების შესაძლო დარბევაზე წერს. დღევანდელ ნომერში ქვეყნდება ინტერვიუ პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძესთან, რომელიც ამბობს: ”ჩვენ რომ ვინმესთან გარიგება ან მორიგება გვდომოდა, ამას მოვახერხებდით. მაგრამ აქ არ არის საუბარი გარიგებაზე. აქ არის საუბარი პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკებაზე, თუ როგორ გავარღვიოთ ის მოჯადოებული წრე, როდესაც პარლამენტის წინ მიმდინარე ქუჩის აქციას მოჰყვება ხელისუფლების შეცვლა.” - დავით ბაქრაძეს მიაჩნია, რომ ”არსებული ფორმით აქციები ძალიან შორს არის მასიური პოლიტიკური უკმაყოფილების გამოხატვისგან.”

ბაქრაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება ”ვერსიაშიც”. აი ერთი ციტატა ამ ინტერვიუდანაც, სადაც პარლამენტის სპიკერი ამბობს: ”წყლით სავსე პარკის სროლის დრამატიზებას ნუ მოვახდენთ. ეს კრიმინალი არაა. თუმცა ცალსახად ვიტყვი, თანამდებობის პირისგან ეს, მსუბუქად რომ ვთქვა, არასერიოზული საქციელია. ჩემთვის ცნობილია,მ რომ სანოძეს ამის გამო სამინისტროს შიგნით გარკვეული ადმინისტრაციული სასჯელიც დაეკისრა. გისოსებს მიღმა ადამიანის წყლით სავსე პარკის სროლისთვის ვერ მოხვდება, მით უმეტეს, არ ჩანს, რეალურად სად გადააგდო - ეზოში, მომიტინგეებსა თუ თავის თანამშრომლებში. წამლის ფაქტს რაც შეეხება, არც ის ადამიანები დასჯილან, ვინც მას მოიხმარდნენ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში პოლიტიკური პროცესების მიზანშეწონილობის გამო კანონის აღსრულება სრული მოცულობით ვერ ხდება. ესეც არის ფასი, რომლის გადახდაც გვიწევს”, - ამბობს დავით ბაქრაძე ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ვასილ სანოძის მიერ ნასროლი წყლით სავსე პარკის ერთ-ერთი სამიზნე იპოვნა ”ასავალ-დასავალმა”. გაზეთი მკითხველს კონსერვატიული პარტიის ლიდერის - ზვიად ძიძიგურის - ძმასთან, კობა ძიძიგურთან, ინტერვიუს სთავაზობს, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ინციდენტი. ”ასავალ-დასავალშივე” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან, რომელიც ამბობს: ”ზვიად გამსახურდიას არც ფული ჰქონდა და არც ტელევიზია, მაგრამ მთელმა საქართველომ იცოდა, რა უნდოდა ეროვნულ მოძრაობას. აი, ეს არის გასაკეთებელი დღესაც!”. ”ასავალ-დასავლის” კორესპონდენტის შეკითხვებს უპასუხებს ლევან გაჩეჩილაძეც.”შეიძლება, უბრალოდ, ტაქტიკა შევცვალოთ, თორემ იმ ერთადერთ მოთხოვნას, რასაც სააკაშვილის გადადგომა ჰქვია, ჩვენ არ შევცვლით”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე და აზუსტებს, რომ ტაქტიკის შეცვლა მხოლოდ ვითარების მშვიდობიანი ფორმით გამწვავებას ნიშნავს.

”ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უნდა გადაწყდეს ან თოფით, ან დიალოგით, ხომ? აბა, ბუნებაში სხვა მეთოდი არ არსებობს. ჰოდა, თოფის წინააღმდეგი ვართ და, ესე იგი, რჩება დიალოგი და რაღაც ეტაპზე რაღაცაზე უნდა დავილაპარაკოთ”, - ამბობს ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი დავით საგანელიძე. ”კვირის ქრონიკა” ბეჭდავს მის კომენტარებს. ამავე გაზეთს ესაუბრება ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც თვლის, რომ სააკაშვილთან მოლაპრაკებების წარმოება შეუძლებელია და ის ძალაუფლებას არ დათმობს. ”ვაშინგტონიდან უნდა უთხრან. არაერთხელ მითქვამს, ერთი ზარია ვაშინგტონიდან საკმარისი და ეს წავა”, - ასე ფიქრობს შალვა ნათელაშვილი.

”ახალი თაობის” კორესპონდენტი უმრავლესობის წევრ ალექსანდრე შალამბერიძეს გაესაუბრა. შალამბერიძე ოპოზიციას მოთხოვნას უწუნებს: ”ოპოზიციის დაყენებული მოთხოვნა, რომ სააკაშვილი უპირობოდ უნდა გადადგეს, არის შეცდომა. ამ მოთხოვნით ოპოზიციამ ძალიან მაღლა ასწია თამასა. ოპოზიცია ასე შედეგს ვერ მიიღებს. დღეს ოპოზიცია ზეწოლას იმ მიმართულებით უნდა ახორციელებდეს, რომ სააკაშვილმა ძალაუფლება შეიზღუდოს. ძალაუფლების ნაწილი - ამ შემთხვევაში, მთავრობა - გადასცეს ოპოზიციას”, - ამბობს ნაცმოძრაობის წევრი ალექსანდრე შალამბერიძე ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”24 საათში” გაეცნობით ინტერვიუს ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის შვილთან - დეგი დუდაევთან. ინტერვიუ თბილისშია ჩაწერილი: ”საქართველო ჩვენთვის მეორე სამშობლოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მამაჩემის ძმა, ბიძაჩემი, ზვიად გამსახურდია იყო. განსხვავებული რელიგიის მიუხედავად, მსგავსი ტრადიციები, ისტორია და კულტურა გვაქვს, მსგავსი მენტალიტეტი და კავკასიური სული. ამიტომაც ჩემთვის კავკასიაში ყველაზე ახლობელი ქართველი ხალხია”, - ამბობს ჯოჰარ დუდაევის შვილი.
XS
SM
MD
LG