Accessibility links

logo-print

ნულოვანი ჯამის თამაში


ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში ვითარება იძაბება. ჩნდება დოკუმენტური მასალა, რომელიც სულ უფრო უარესი სახით წარმოაჩენს როგორც ხელისუფლებას, ასევე – ოპოზიციას. საით მივყავართ მოვლენების განვითარების ლოგიკას?

ჯერ კიდევ 9 აპრილის აქციამდე იყო ცნობილი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება გარდაუვალი იქნებოდა. სავარაუდოდ, დაპირისპირება ორი სცენარით შეიძლებოდა განმუხტულიყო - ან ერთ ძალას მეორე უნდა დაეჯაბნა და ბრძოლა პირწმინდად მოეგო, რასაც კონფლიქტოლოგების ენაზე ნულოვანი ჯამის თამაში ჰქვია, ან ორ ძალას შორის დიალოგი უნდა გამართულიყო და დაპირისპირება ორივე მხარისთვის მეტ–ნაკლებად მისაღები ზავით დასრულებულიყო.

ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ერთადერთი და რადიკალური მოთხოვნის ფონზე – რომ უნდა გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – დიალოგს თუ მოლაპარაკებას საფუძველი თავიდანვე გამოეცალა. მომიტინგე ოპოზიციაში ყველა პოლიტიკური პარტია ერთნაირად რადიკალური იყო განცხადებების დონეზე, მაგრამ აქციების დაწყებიდან რამდენიმე დღეში გამოკრთა პრეზიდენტთან შეხვედრისა და მისი მოსმენის სურვილი, თუკი მიხეილ სააკაშვილი კრიზისიდან გამოსვლის რაიმე გეგმას შესთავაზებდა საზოგადოებას.

ამ მომენტში, როდესაც ოდნავი იმპულსი ორივე მხრიდან იგრძნობოდა, შეხვედრა არ შედგა, რადგან პრეზიდენტიც და ოპოზიციის ლიდერებიც მათთვის უკეთეს დროს და უკეთეს სასტარტო პირობებს ელოდებოდნენ. თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, შეხვედრის გადადებამ სათავე დაუდო მოვლენების განვითარებას „მკაცრი“ სცენარით. დაიწყო მიტინგიდან წასული ადამიანების ცემა, რომელთა რიცხვმა, სახალხო დამცველის მონაცემებით, 80–ს მიაღწია. შედეგად, ოპოზიციის აქტიურმა წევრებმა დაიწყეს თვითორგანიზაცია საზოგადოების დასაცავად. სულ რამდენიმე დღეში ორგანიზატორებს ორი მამაკაცი მძიმედ შემოელახათ, რამაც დაადასტურა ის საფრთხეები, რაც ექსტრემალურ ვითარებაში თვითშემოქმედებას ახლავს ხოლმე. ამასობაში, ბადრი ბიწაძემ მომიტინგეებს ბეისბოლის ჯოხები დაურიგა – როგორც განმარტა, თავის დასაცავად. აგრესიით ცნობილმა ვასილ სანოძემ კი, რომელსაც მოქმედების თავისუფლება შეზღუდული აქვს საკუთარი ზემდგომების მხრიდან, მეტი რომ ვერაფერი მოიმოქმედა, აივნიდან წყლით სავსე პარკების სროლა დაუწყო მომიტინგეებს. მისი თანმხლები პირი კი ფოტოკამერამ იმ ტირის თოფით დააფიქსირა, საიდან ნასროლი ტყვიებითაც მომიტინგეები დაზარალდნენ. ამასობაში, ახალგაზრდები მიხეილ სააკაშვილს მორიგ რესტორანში მიუცვივდნენ და პატრულთან სერიოზული შეხლა–შემოხლაც მოუხდათ. პოლიციელი თავგატეხილია, ერთი ახალგაზრდა კი – დაკავებული.

კვირას რამდენიმე საკანში ერთი მანქანა შევარდა, მიანგრია იქაურობა და გაიქცა. დაზიანდა გოგონა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის ბოლოს უფრო მეტად დამძიმდა.

მოკლედ, ყოველდღიურად კონფლიქტის რამდენიმე კერა ჩნდება და ძალადობას არც ერთი მხარე არ ერიდება, ოღონდ, ხელისუფლება უფრო ჩუმ–ჩუმად, შეფარულად ძალადობს, ოპოზიცია კი არ მორცხვობს და აცხადებს, რომ თავს ყველა მეთოდით დაიცავს, მათ შორის, ჯოხითაც და მუშტითაც.

ეს დაძაბული ფონი კიდევ მეტად დაამძიმა ინფორმაციამ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შესახებ თურქეთში, სადაც ის ოთხი დღით კურორტ ბოდრუმში დასასვენებლად ჩავიდა. მართალია, პრეზიდენტის პრესსამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ „მაესტროს“ და „კავკასიის“ მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ, პირადად მოესმინათ სასტუმროს თანამშრომლების განმარტება ბოდრუმიდან, რაც სააკაშვილის იქ ყოფნას უტყუარად ადასტურებდა.

დღეს ძალადობისა და არაადეკვატურობის ნებისმიერ გამოვლენას ორივე მხარე მკერდით იცავს და არავის სურს შეცდომის აღიარება. ბიძინა გეგიძეს და გიორგი კორკოტაშვილს არაერთი ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანი დაუდგა გვერდით. ოპოზიციის ბანაკში, თავად გეგიძის გარდა, არავის უთქვამს, რომ მათი ქცევა არასწორი იყო. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც წარბშეუხრელად განმარტა, ვასილ სანოძე წყალს საკუთარ თანამშრომლებს ასხამდა ხუმრობითო.

გამოდის, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას ნახევარი ნაბიჯითაც არ სურს უკანდახევა. ახლა უკვე შეიძლება წარსულ დროში ვთქვათ, რომ დროის გაყვანის ტაქტიკას ორივე მხარე განიხილავდა როგორც უპირატესი სასტარტო პოზიციის მოპოვების შანსს მოლაპარაკების პროცესში. მაგრამ, თუ უახლოეს დღეებში რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, სიტუაცია სწრაფად გადადის ნულოვანი ჯამის თამაშის რეჟიმში, სადაც არც დიალოგისთვის და არც მოლაპარაკებისთვის ადგილი აღარ დარჩება.
XS
SM
MD
LG