Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შევცვალოთ საფრთხის ფორმულა?


როგორც სახალხო დამცველის აპარატში თავმოყრილი მასალები ადასტურებს, 9 აპრილის შემდეგ 80–ზე მეტი მომიტინგეა ნაცემი ნიღბიანი თუ უნიღბო პირების მიერ. პატრული ამ ფაქტებზე არ რეაგირებს, მათ შორის, მაშინაც, როდესაც დაზარალებულები დახმარებისთვის უშუალოდ მიმართავენ. ამ პირობებში, საზოგადოების ერთმა ნაწილმა მომიტინგეების დაცვა გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ თბილისში შეიქმნა არაპოლიტიკური მოძრაობა, სახელწოდებით „ერთად“. მისი მიზანია საზოგადოების იმ ნაწილის თვითორგანიზაცია, რომელიც მზად არის დაამყაროს წესრიგი იქ, სადაც პოლიცია კანონდარღვევებს უპასუხოდ ტოვებს. ამ საქმის სულისჩამდგმელი და ლიდერია გიორგი კორკოტაშვილი, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიცნო, როგორც „პირველი არხის“ პოპულარული თოქ–შოუს – „ნაცნობის“ – წამყვანი, კეთილი და კაცთმოყვარე ადამიანი.

გიორგი კორკოტაშვილის განცხადებების თანახმად, ახლად დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოაყალიბებს სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტებს, რომლის წევრები შექმნიან მობილურ ჯგუფებს არასამთავრობო ოგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად. თითოეული ჯგუფი შეეცდება დაეხმაროს ძალადობის პირისპირ უმწეოდ დარჩენილ ადამიანებს და, იმავდროულად, მოახდინოს კანონდამრღვევი პირების იდენტიფიკაცია. მთელი ამ წამოწყების მიზანია, თბილისში აღიკვეთოს საპროტესტო აქციების მონაწილე ადამიანების უმოწყალოდ ცემა და მათი ქონების ხელყოფა.

საზოგადოება უკვე მიეჩვია, რომ საქართველოში პერიოდულად ჩნდებიან განუკითხავი ძალაუფლების მქონე ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებისთვის არასასურველ პირებს ფიზიკურად უსწორდებიან. ჯერ კიდევ შარშანწინ, 7 ნოემბრის აქციის წინა დღეებში, საპროტესტო მიტინგების მონაწილეთა ფიზიკური შეურაცხყოფა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უყურადღებოდ დარჩა; ხოლო შარშან, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ლამის სასიკვდილოდ სცემეს ოპოზიციის 20–მდე აქტივისტსა და მხარდამჭერს, რითაც აგრეთვე არ დაინტერესებულან ის პირები, ვისი პირდაპირი მოვალეობაც ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვაა.

როდესაც ძველ ამბებს მომიტინგეების მიმართ ანგარიშსწორების ათეულობით ახალი ფაქტიც დაემატა, საზოგადოებაში ბუნებრივად გაჩნდა წესრიგის დასაცავად განსაკუთრებული ზომების მიღების მოთხოვნილება. ერთი მხრივ, ნებისმიერი სასიკეთო საქმისთვის საზოგადოების თვითორგანიზაცია დადებითი შინაარსის მატარებელია და ტელეკომპანია „კავკასიის“ თოქ–შოუ „ბარიერის“ სტუმრებმაც გასული კვირის ბოლოს ეს ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს. მეორე მხრივ, ჩნდება კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ადვილი არ არის. ყველაზე მწვავე კითხვა ისაა, გიორგი კორკოტაშვილის ინიციატივას ხომ არ ახლავს სერიოზული შეცდომების დაშვების საფრთხე და პოტენცია? მართალია, საჯაროდ გაცხადდა, რომ მობილური ჯგუფების წევრები იურისტებისგან მიიღებენ კონსულტაციებს მოქმედების მანდატის შესახებ, მაგრამ ამგვარი კონსულტაციები გაუგებრობების საფრთხეს არ გამორიცხავს.

ხომ არსებობს ეჭვი, რომ ცალკეული მოქალაქეების ცემა სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ოპოზიციის ლიდერების წყობიდან გამოყვანას და მათი მხრიდან იმგვარი შეცდომების დაშვებას, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა კანონიერად გამოიყენოს? ჰოდა, ვიდრე ასეთი ეჭვი არსებობს, საზოგადოების უპირველეს მიზნად რჩება ამჟამად არსებული ძალადობის აღმოფხვრა იმგვარად, რომ ლეგიტიმური საფუძველი არ მიეცეს უფრო დიდ და სისტემურ ძალადობას. ამიტომ გაცილებით უსაფრთხო ხომ არ იქნება, წესრიგის დაცვისთვის მზადმყოფმა მოქალაქეებმა თავად საქართველოს სახალხო დამცველს შესთავაზონ, ამ საქმეს სათავეში ჩაუდგეს, თავის აპარატთან ერთად? სოზარ სუბარის პირადი ავტორიტეტი და გამოცდილება მაქსიმალურად გამორიცხავს გაუგებრობებს, საზოგადოებაში თავიდანვე დანერგავს ნდობას სამოქალაქო კომიტეტების მიმართ და მობილური ჯგუფების საქმიანობის კანონიერებასაც უზრუნველყოფს.

უცნობია, მოისურვებს თუ არა საქართველოს სახალხო დამცველი პირადად იკისროს პასუხისმგებლობა, მაგრამ თუ სოზარ სუბარი უარს იტყვის ამ ან რაიმე მსგავსი ფუნქციის შესრულებაზე, მით უმეტეს სარისკო იქნება ამ საქმის მინდობა სხვა ადამიანებისთვის, რაგინდ სიმპათიურადაც უნდა გამოიყურებოდნენ ისინი საზოგადოების თვალში.

ვითარება უკიდურესად დაძაბულია და დაპირისპირებულ მხარეთაგან რომელიმეს მხრიდან შეცდომის დაშვებამ, შესაძლოა, საბედისწერო საფრთხე შეუქმნას მთელ საზოგადოებას. სავარაუდოდ, ნიღბიანების ძალადობის ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუკი საზოგადოება თავად აპირებს წესრიგის აღდგენას, ამ საქმეს ადამიანის უფლებების გამოცდილმა დამცველებმა უხელმძღვანელონ და არა, უბრალოდ, ამ საქმისთვის გულანთებულმა ადამიანებმა.
XS
SM
MD
LG