Accessibility links

logo-print

სირცხვილის დერეფანი: დავგმოთ თუ დავფიქრდეთ?


გასული კვირის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა კუთხით გამოვლენილი აგრესია და, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მოწყობილი სირცხვილის დერეფანი. რატომ გაიყო საზოგადოებრივი აზრი ამ მოვლენასთან დაკავშირებით?

ქუჩის აქციებს, როგორც წესი, თან ახლავს მომიტინგეების აგრესია ჟურნალისტების მიმართ. ჩვენი კოლეგები ჩივიან, რომ თავს დაუცველად გრძნობენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ხოლო მომიტინგეები ირწმუნებიან, რომ ჟურნალისტები სპეციალურად ქმნიან პროვოკაციულ სიტუაციებს, რომლებსაც შემდეგ თავადვე იღებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ჟურნალისტები აგრესორად მომიტინგეებს ასახელებენ, მომიტინგეები კი ჟურნალისტებს მიიჩნევენ მოძალადეებად და მატყუარებად.

როდესაც მედიის პრობლემებზე ვსაუბრობთ, საზოგადოების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის ურთიერთობის სქემები დიდი ხნის წინ არის გარკვეული და შეფასებული. ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სრულად გააკონტროლოს საერთოეროვნული ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკა. კონტროლის ყველაზე უტყუარი გზა მედიამფლობელებზე გადის. ტელევიზიების მფლობელები, ფაქტობრივად, თავად არიან ხელისუფლების ნაწილი და იმის მიხედვით იცვლებიან, თუ რამდენად ენდობა მათ საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, ჟურნალისტები სრულიად დაუცველებად გრძნობენ თავს საკუთარი მედიამფლობელის პირისპირ – მათ ვერც შრომითი ხელშეკრულებები იცავს (რადგან ასეთი რამ, როგორც წესი, არ არსებობს) და ვერც შრომის კანონმდებლობა უქმნის მყარ საფუძველს, რადგან ის მთლიანად დამქირავებლის ინტერესებს ემსახურება.

თავისი პროფესიის პატივისმცემელი ჟურნალისტები ტელევიზიებიდან პირველად რამდენიმე წლის წინ წამოვიდნენ. პერიოდულად ერთი–ორი კოლეგა ტოვებს რომელიმე დიდ ტელევიზიას, მაგრამ ჩუმად, საჯარო პროტესტის გარეშე. ხოლო ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც დამქირავებლის ინტერესებს მეტ–ნაკლები ენთუზიაზმით ემსახურება, პერიოდულად ოპოზიციის სამიზნეც ხდება.

როგორც კი რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჟურნალისტს შეუყვირებს ან საჯაროდ დასდებს ბრალს ტყუილების გავრცელებაში, თითოეული ჩვენგანი საკუთარ მოვალეობად მივიჩნევთ კოლეგის გამოსარჩლებას. საქართველოში მოქმედი კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ძალიან ლიბერალურია და ჟურნალისტს დიდ თავისუფლებას ანიჭებს, საჯარო პირებს კი სულ ცოტა უფლებას უტოვებს. ეს კარგია, რადგან პოლიტიკოსის ანგარებიანმა გემოვნებამ ვერ უნდა განსაზღვროს, ვინ გასალანძღია და ვინ – არა, ვინ უნდა მუშაობდეს ამა თუ იმ მედიასაშუალებაში და ვინ – არა, ვის უნდა ჰქონდეს ხალხთან ლაპარაკის უფლება და ვის – არა. რადგან თუ პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებთან ომი წამოიწყეს, მერე ზღვრის დადება შეუძლებელი იქნება: ერთს რეპორტაჟი არ მოეწონება, მეორეს – სტატია, მესამეს – რომელიმე ბლოგი და დაიწყება კუდიანებზე ნადირობა.

ამიტომ ლოგიკური იქნება, საჯარო პირებმა, რომლებსაც მოთმენის მაღალი ვალდებულება აქვთ და რომელთა კარიერა დიდწილად არის დამოკიდებული ჟურნალისტის პროფესიის პატივისცემაზე, ისედაც წნეხის ქვეშ მოყოლილ ჟურნალისტებს თავი ანებონ და პასუხი იმ დამქირავებლებს მოსთხოვონ, რომლებიც არაკეთილსინდისიერ საინფორმაციო პოლიტიკას გეგმავენ და ახორციელებენ.

სულ სხვა როლში არიან საზოგადოების რიგითი წევრები, მოქალაქეები, რომელთა სწორად ინფორმირება ჟურნალისტის მთავარი მოვალეობაა. როდესაც მიტინგზე დგას ადამიანი, რომელსაც ჟურნალისტის მიმართ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია და რომელიც ჟურნალისტისგან მხოლოდ სიმართლის თქმას მოითხოვს, მისი პოზიცია სწორედაც რომ ყურადსაღებია, რადგან თითოეული ჩვენგანი მუშაობს მისთვის – რიგითი მოქალაქისთვის. და თუ ეს მოქალაქე ჩვენს ნამუშევარს აფასებს როგორც ძალადობას მის ცნობიერებაზე, როგორც სიმართლის დამახინჯების სისტემურ მცდელობას, ცხადია, მისი აგრესია უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე დასაგმობი.

შესაბამისად, რამდენადაც მიუღებელია ჟურნალისტის საქმიანობაში ხელისუფლების წარმომადგენლების თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ჩარევა, იმდენადვე გასათვალისწინებელია საზოგადოების თუნდაც ერთი ნაწილის პროტესტი არასწორი, არასამართლიანი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელების გამო. მოქალაქეს არავითარი ბერკეტი არ მოეპოვება ჟურნალისტის სამსახურიდან გასაშვებად ან მასზე ცენზურის განსახორციელებლად. სამაგიეროდ, მას აქვს მორალური უფლება, მოითხოვოს ინფორმაციისა და აგიტაციის გამიჯვნა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, თითოეული ჟურნალისტი ინდივიდუალურ არჩევანს აკეთებს: ზოგი ჩინოსნებს ემსახურება და საზოგადოებას ზემოდან დაჰყურებს; ზოგი კი, პირიქით, საკუთარ თავს საზოგადოების მსახურად მიიჩნევს და ჩინოსნებს ახლოს არ იკარებს. ეს ცოტა გემოვნების და, დიდწილად, ღირსების საქმეა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG