Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უთანხმოება და ბრძოლები სვატის ხეობაში


პაკისტანში განსაკუთრებით რთული არეალია ჩრდილო-დასავლეთი - სვატის ხეობა და მისი მეზობელი ოლქი. პაკისტანის არმია ამტკიცებს, რომ თალიბანთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, მაგრამ მეამბოხეებმა უშიშროების ძალებზე თავდასხმები განაახლეს.

სამშვიდობო გარიგება, რომელსაც საფრთხე შეექმნა, გულისხმობდა, რომ არეალში, ისევე როგორც მის მეზობელ მალაკანდის ოლქში, ისლამური სამართალი, შარიათი, ამოქმედდებოდა, სამაგიეროდ კი, თალიბებს ცეცხლი უნდა შეეწყვიტათ. კვირას მეამბოხეებმა უარი თქვეს შარიათის ამოქმედებაზე, განაცხადეს რა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ეს ნაბიჯი მათთან არ ყოფილა შეთანხმებული. პაკისტანის მთავრობა მოელოდა, რომ მალაკანდის რადიკალი მმართველი, მაულანა სუფი მუჰამადი, რომელიც მთავარი გამრიგებელი იყო ხსენებული შეთანმხებისა, მოახერხებდა დაერწმუნებინა თავისი სიძე და ადგილობრივ თალიბთა ლიდერი, მაულანა ფაზლულაჰი, შეეწყვიტა ბრძოლა. მაგრამ მოვლენები ასე არ განვითარდა.

სვატში, ქალაქ მანგორაში, თალიბანმა, მიუხედავად მთავრობის მიერ გამოცხადებული კომენდანტის საათისა, კვლავ აღადგინა პატრულირება. დღეს პაკისტანის არმიის, სულ მცირე, ერთი ჯარისკაცი იქნა მოკლული და მეორე დაჭრილი, როცა თალიბანმა არმიის კონვოიზე თავდასხმა მოაწყო.

მიმომხილველები ახლა ვარაუდობენ, რომ თალიბანს სურს თავისი გავლენის არეალი გააფართოოს. ეს ეხება, პირველ რიგში, სვატის ხეობის მეზობელ დირის და ბუნერის ოლქებს. ეს ორივე მალაკანდს ეკუთვნის და ორივეზე უნდა ვრცელდებოდეს სამშვიდობო შეთანხმება. პაკისტანის მედიის ცნობით, მუსლიმ ხანმა, თალიბანის წარმომადგენელმა, გამოაცხადა, რომ გარიგებამ ძალა დაკარგა. გასულ კვირაში პაკისტანის არმიამ ახალი შეტევა დაიწყო.კვირას ბრიგადის გენერალმა ფაიაზ მაჰმუდ ქამარმა, რომელიც ბუნერის ოპერაციას მეთაურობს, თქვა, თალიბანს ერთ კვირაში დავამარცხებთო. მისივე ინფორმაციით, ბუნერის ოპერაციის დროს 80 მეამბოხე - მათ შორის, 27 თვითმკვლელი თავდამსხმელი - დახოცეს. მაგრამ პაკისტანელი და ავღანელი მეომრები (მათ გვერდით იბრძვიან უზბეკები და ტაჯიკები) წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ. გენერალ-მაიორმა ტარიკ ხანმა, რომელიც სასაზღვრო ჯარს მეთაურობს, კვირას თქვა, ბუნერის ადმინისტრაციული ცენტრის, დაგარისკენ მიმავალ გზატკეცილს ჩვენ ვაკონტროლებთო: “რასაც ახლა ვაკეთებთ, არის ის, რომ კოორდინაციას ვუწევთ დაგარში განთავსებულ ჯარებთან შეერთებას. თქვენ იცით, რომ ამ დღეებში დაგარში შვეულმფრენის დასაჯდომი ადგილი მოვაწყვეთ. ასევე გავხსენით მალანდრაის გზა. ხელში ჩავიგდეთ ამბელას უღელტეხილთან მისასვლელი გზა. კიდევ 8 კილომეტრი დარჩა გასავლელი.”

სამხედროები და მეამბოხეები ბრძოლას და ურთიერთდადანაშაულებას განაგრძობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები, პირველ რიგში, დირსა და ბურენში, ასევე სხვაგან, განსაცდელში არიან. მხოლოდ ამ ორი ოლქიდან 50 ათასმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG