Accessibility links

საქართველოში, ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ამბოხი მზადდებოდა


მუხროვანის სამხედრო ნაწილში ყოფნისას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ინფორმაცია ამბოხების დასრულების შესახებ, შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გააცნო. მისი განცხადებით, მეამბოხეთა ნაწილი დაკავებულია, დანარჩენები კი - კვლავ თავდაცვის სამინისტროს ემორჩილებიან. მერაბიშვილის ინფორმაციით, ამბოხების ორგანიზატორმა ორმა ყოფილმა ოფიცერმა ოთანაძემ და კრიალაშვილმა ნაწილის ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს და ამჟამად იძებნებიან. შს მინისრტრის განცხადებით, დაკავებულია სატანკო ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი გორგიაშვილი. ვანო მერაბიშვილის მიერ პრეზიდენტისთვის ანგარიშის ჩაბარების ამსახველი კადრების გარდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და რუსთავი 2-მა გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბოხების შესახებ შეკითხვებით ბატალიონის ჯარისკაცებს მიმართავს, თუმცა, პასუხებს ვერ იღებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამთენიისას მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ დავით სიხარულიძის განცხადებით, მუხროვანში ამბოხება მას შემდეგ დაიწყო, რაც ორშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა გაცილებით ფართომასშტაბიანი ამბოხის აღსაკვეთად. ფართომასშტაბიანი ამბოხების მიზნად სიხარულიძემ ნატოს სწავლების ჩაშლა და საქართველოს ხელისუფლების სამხედრო გზით დამხობა დაასახელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამხედრო ამბოხი სხვადასხვა სამხედრო ნაწილში მზადდებოდა. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, შოთა უტიაშვილის ცნობით, ამბოხის ორგანიზატორები იყვნენ ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები, მათი გეგმა შეთანხმებული იყო რუსეთთან და მიზნად ისახავდა მინიმუმ ნატოს სწავლების ჩაშლას და მაქსიმუმ - საქართველოში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის ორგანიზებას. უტიაშვილის განცხადებით, ამბოხებულთა ნაწილს პირდაპირი კავშირი ჰქონდა რუსეთთან, რომლისგანაც დავალებებს და ფულს იღებდა. შსს-ს განმარტებით, მის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე აღბეჭდილია 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროში არსებული სპეცრაზმის დელტას ყოფილი მეთაური გია ღვალაძე, რომელიც ამბოხის დაგეგმვისას საქართველოში 5 ათასი რუსი სამხედროს შემოსვლაზე, ქვეყნის ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის და თბილისის მერის მკვლელობაზე საუბრობს და ახსენებს მის შეხვედრებს გენერლებთან თევზაძესთან, ყარყარაშვილთან, კობალაძესა და ფირცხალაიშვილთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გია ღვალაძე უკვე დაკავებულია, იძებნება მუხროვანის ბატალიონის ყოფილი მეთაური კობა ოთანაძე და ეჭვმიტანილია ორთაჭალაში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი ზაზა მუშკუდიანი.

მუხროვანის ბატალიონში დაუმორჩილებლობის გამოცხადების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე მუხროვანის სატანკო ნაწილის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მამუკა გორგიაშვილმა სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო პროტესტს გამოხატავს და უერთდება დიპლომატიურ კორპუსთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გუშინდელი შეხვედრისას გამოთქმულ მოწოდებას, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების შესახებ. “ჩვენს გვერდით არის ის პირადი შემადგენლობა, რომელმაც საქართველოსთვის იბრძოლა და კვლავ მზად არის” - განაცხადა გორგიაშვილმა და დასძინა, რომ სატანკო ნაწილი ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება და ნაწილის დატოვებას არ აპირებს. ამავე ინტერვიუში გორგიაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადების გავრცელებას არ აპირებდა, სანამ პოლიტიკური ვითარება ჩიხში არ მოექცა და იარაღის გამოყენებით დაპირისპირების საფრთხე არ გაჩნდა.
XS
SM
MD
LG