Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელემედიაზე ძალადობა გრძელდება


5 აპრილს დილით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართული საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა. ტელევიზიის შენობის პიკეტირებისას ოპოზიციის მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ „პირველი არხის“ დილის გადაცემის წამყვანს ნიკა ავალიანს. ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ სცემდნენ ოპოზიციის ახალგაზრდა მხარდამჭერები ჟურნლისტს, რომელიც გაქცევას ცდილობდა. 5 მაისს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ასევე მოექცნენ კიდევ ერთი ტელეკომპანიის - „იმედის“ - თანამშრომლები, რომლებმაც ხელმძღვანელობას საგანგებო განცხადებით მიმართეს და საინფორმაციო პოლიტიკისა და ცენზურის მოხსნა მოითხოვეს.
ნიკა ავალიანს ეგრეთ წოდებულ „სირცხვილის დერეფანში“ მდგომი ახალგაზრდები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ტელევიზიის თანამშრომელმა კართან დადგმული რკინის კონსტრუქციის გაწევა სცადა. ტელევიზიების მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ავალიანს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი სცემდა. ტელევიზიის წინ მომხდარ ინციდენტს შეესწრო ოპოზიციის ლიდერი მანანა ნაჭყებია, რომლის თქმითაც, ლითონის კონსტრუქციის გაწევით ჟურნალისტმა აქციის მონაწილეებს პროვოკაცია მოუწყო:

„ეს იყო აშკარა პროვოკაცია მისი მხრიდან, რასაც მოჰყვა სერიოზული აღშფოთება. ერთ-ერთი ახალგაზრდა მას ალიყურით გაუმასპინძლდა”,- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. - „ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. ნებისმიერ პროვოკაციას უნდა შევხვდეთ ძალიან მშვიდად. არანაირ ანგარიშსწორებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. თუ ამ ადამიანს არ რცხვენია „პირველ არხზე“ მუშაობის, მაშინ არც უნდა გაღიზიანდეს და მშვიდად უნდა გაიაროს ეს დერეფანი.“

თუმცა, როგორც ჩანს, საქმე ასე მარტივად არაა. 5 მაისს საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელმაც დაგმო ჟურნალისტზე განხორციელებული ძალადობა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს უსწრაფესად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი. ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ჩხეიძე შენიშნავს, რომ გამოძიება არ უნდა დაელოდოს დაზარალებული მხარის მიმართვას:

„მართალია, ცემა არის კერძო სისხლის სამართლის დევნის საკითხი და უნდა არსებობდეს საჩივარი, მაგრამ როდესაც ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულია ფიზიკური ძალადობა და ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ვრცელდება, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ვალდებულება დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ამის თაობაზე.“

ომბუდსმენის ოფისის მსგავსად, საგანგებო მიმართვა გაავრცელა „პირველი არხის“ ხელმძღვანელობამაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის თქმით, ნიშანდობლივია ის, რომ რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტების უკანონო ქმედება პოლიტიკური ლიდერების თვალწინ და მათი უშუალო წაქეზებით ხდება:

„ოპოზიციის ხელმძღვანელობა არც მალავს, პირდაპირ აცხადებენ, რომ სურთ მორალური ტერორი მოახდინონ ჩვენს თანამშრომლებზე. მათი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, „საინფორმაციო ველის“ შეცვლა უნდათ, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას და გავაშუქებთ მოვლენებს ისე, როგორც ვაშუქებდით“, - განუცხადა ლევან ყუბანეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლევან ყუბანეიშვილი და ”პირველი არხის” ხელმძღვანელობა მიმართავს საზოგადოებას, ჟურნალისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ პოზიცია ბრძოლის იმ ფაშისტური, შუა საუკუნეების მეთოდების მიმართ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს. - ყოველივე ამის შესახებ ნათქვამია მიმართვაში, რომელიც 5 მაისს გავრცელდა. ასევე 5 მაისს გამოქვეყნდა კიდევ ერთი ტელეკომპანიის - „იმედის“ - თანამშრომელთა მიმართვაც, რომლის ადრესატი ტელევიზიის ხელმძღვნელობაა. კერძოდ, მიმართვაში, რომელსაც ხელს 50-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი აწერს, ნათქვამია, რომ „იმედის” საინფორმაციო სამსახური არაობიექტურად აშუქებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, აკრძალულია არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ექსპერტების გარკვეული ჯგუფის ჩაწერა-გადაღება; აკრძალულია დევნილების პრობლემების გაშუქება და მომიტინგეთა რაოდენობის რეალურად ამსახველი კადრების გადაღება. ჟურნალისტებს დაევალათ სიტყვა ”დევნილის” ნაცვლად ”დაზარალებულის” გამოყენება, ასევე სიტყვა „საკანის“ ნაცვლად „გალიის“ გამოყენება. მიმართვა შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „თხოვნით მივმართავთ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, მოვძებნოთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან და ერთობლივად შევიმუშაოთ მექანიზმები იმისათვის, რათა დავუბრუნოთ “იმედს” საზოგადოების ნდობა და წარსული ღირსება. იმედი გვაქვს, რომ მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობის წინადადებას. ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი მოითხოვს ზედმიწევნით სწრაფ რეაგირებას და ველით თქვენს გადაწყვეტილებას 6 მაისს სამუშაო დღის დასრულებამდე.“ რადიო თავისუფლება ვითარებაში გასარკვევად მიმართვის ერთ-ერთ ავტორს, ვახტანგ მამალაძეს, დაუკავშირდა.

„დაველოდებით ჩვენი ხელმძღვანელობის პასუხს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რას და როგორ გავაკეთებთ“, - განაცხადა მამალაძემ.

ჯერჯერობით თანამშრომელთა მიმართვაზე რეაგირება არ მოუხდენია „იმედის“ ხელმძღვანელობას. ტელევიზიის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი ამბობს, რომ მზადაა განცხადებაში ჩამოთვლილ საკითხებზე და სხვა არსებულ პრობლემებზე ესაუბროს ჟურნალისტებს და გაარკვიოს, თუ ვინ აძლევდა მათ აღნიშნულ დავალებებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG