Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აგრძელებს საშიშ სამხედრო მანევრებს


თბილისთან ვაზიანის სამხედრო სწავლების დაწყების წინ რუსეთმა გაააქტიურა სამხედრო მანევრები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოში გავლებულ პირობით საზღვრებზე. შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რასაც თან დაერთო სამხედრო ამბოხება მუხროვანში, ვითარება საქართველოში და საქართველოს მიმართ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საშიშად შეაფასა და თავის გამოსვლაში 5 მაისს რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა შეწყვიტოს სამხედრო მანევრები საქართველოს წინააღმდეგ.

”მანევრებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გეგმიური უწოდეს. ხოლო რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა გააკეთა განცხადება, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაცია არის საპასუხო ღონისძიება კონფლიქტურ რეგიონებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების კონცენტრაციაზე. ჩურკინის მიერ მოყვანილი არგუმენტის დამადასტურებელი ფაქტები საქართველოს შიგნით გავლებულ პირობით საზღვრებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების კონცენტრაციისა არც რუსეთის მხარეს, არც სეპარატისტებს საჯაროდ არ წარმოუდგენიათ. ამ ეგრეთ წოდებულ საზღვრებამდე მოქმედებენ ევროკავშირის დამკვირვებლები. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიასთან კი საქართველომ კარგა ხანია გააფორმა შეთანხმება, რომლითაც იკისრა ვალდებულება პირობითი საზღვრებიდან 14 კილომეტრიან ზოლში მკვეთრად შეემცირებინა სამხედრო ძალა და ტექნიკა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ რუსეთის მხარეს შეეთავაზა წინადადება თავადაც გადაედგა ანალოგიური ნაბიჯი და თავადაც აეღო ანალოგიური ვალდებულება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ რუსეთმა ეს შეთავაზება არ მიიღო. უკვე გასულ კვირაში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტ ლიდერებთან გააფორმა შეთანხმება საზღვრების ერთობლივი გაკონტროლების შესახებ. ეს შეთანხმება, მართალია, დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და მასთან ერთად ევროკავშირმაც, მაგრამ რუსეთმა სწორედ მის საფუძველზე შემოიყვანა თვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი სასაზღვრო ძალები საქართველოს ტერიტორიებზე გავლებული პირობითი საზღვრების გასაკონტროლებლად. ეს ძალები კი, როგორც ცნობილია, პირდაპირ ფსბ-ს, ანუ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს, ექვემდებარება. რუსეთი საქართველოს დაპყრობილ და დანარჩენ ტერიტორიებს შორის საზღვრების გამაგრებას, ყველაფერთან ერთად, მავთულხლართების გავლებით შეუდგა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს 5 მაისს აფხაზეთის დევნილმა უმაღლესმა საბჭომ მიმართვა გაუგზავნა. ”აფხაზეთიდან დევნილი ასეულ ათასობით ადამიანი და სრულიად საქართველო არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიის შედეგებს, მდინარე ენგურზე ხელოვნურად გავლებულ საზღვარს, რომელიც განასახიერებს კრემლის მიერ ჩადენილ ბოროტებას, ეთნოწმენდას და გენოციდს”, - ნათქვამია მიმართვის ტექსტში. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირება მოახდინონ რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს ხელისუფლებას და მის ოპოზიციას კი მოუწოდებს მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას, რათა ქვეყანამ დაძლიოს შიდაპოლიტიკური კრიზისი და ერთიანი ძალით დაუპირისპირდეს აგრესორს. რა ხდება აფხაზეთში მაშინ, როცა თბილისში მხარეებისთვის შეუძლებელი გახდა დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა? ამას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა განმარტავს: ”გასამმაგდა და გაოთხმაგდა სამხედროთა რიცხოვნება და ტექნიკა, თან მიდის მოსახლეობის დატერორება, ისევ გაიტაცეს გალის რაიონიდან ადამიანები. საინტერესოა ისიც, რომ ჭუბურხინჯიდან აფხაზური პოლიცია განდევნეს და აფხაზური დროშაც ჩამოხსნეს, ანუ ხდება სრული ანექსია. ”

ერთ-ერთი ბოლო ცნობით, 5 აპრილს შუადღისთვის გალის რაიონის სოფლებში: დახაზურგაში, ლეკოხონაში, საბერიოსა და ჭუბურხინჯში რუსებმა დამატებითი სამხედრო ძალა და ტექნიკა შეიყვანეს. ამას გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა მუხროვანში სამხედრო ამბოხებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს წყლებში დამატებით საზღვაო სამხედრო ფლოტის სერიოზული კონცენტრაცია მოახდინა და თან ის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. გთავაზობთ ფრაგმენტს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვიდან, რომელიც ასევე 5 მაისს მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებით გაკეთდა: ”მე მინდა გავაფრთხილო რუსეთის ფედერაცია, რომ ყოველგვარი ესკალაცია ვითარების დაძაბვისა საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო დაძაბვისა ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ეს ყველაფერი ძალიან პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. დაჟინებით მოვითხოვ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან თავი შეიკავოს ამ მანევრებისგან, რადგან ქართველი ხალხი ამას არ წამოეგება. ეს არის ნათელი.”

მიხეილ სააკაშვილის ამ მიმართვას უმალვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ”იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის შიგნით დიალოგი აწარმოოს, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის რაღაც აბსურდული ბრალდებების წაყენებას ცდილობს”, - ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 6 მაისს თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, ნატოს მრავალეროვნული წვრთნები იწყება. რუსეთის პროვოკაციული მანევრების მიუხედავად და მიუხედავად საქართველოში განვითარებული მოვლენებისა, ეს წვრთნები შედგება. ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი პოზიციაა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუციებთან ინტეგრაციის სწრაფი და უპირობო მხარდაჭერა - ეს უკევ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
XS
SM
MD
LG