Accessibility links

logo-print

ოპოზიციამ თბილისის შემოსასვლელების პიკეტირება რამდენიმე დღით გადადო


ოპოზიციის მიერ დაგეგმილი თბილისის შემოსასვლელების პიკეტირება რამდენიმე დღით გადაიდო. 5 მაისს, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სამხედრო გადატრიალებაზე იყო საუბარი, ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა დროებით შეცვალა, 5 მაისის დილიდან მუხროვანის სამხედრო ბატალიონში განვითარებული მოვლენები კი ხელისუფლების მორიგ პროვოკაციად შეაფასა.

5 მაისს, საღამოს ოთხი საათიდან, ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს თბილისის რამდენიმე შემოსასვლელი ერთი საათით უნდა გადაეკეტათ, მაგრამ ამ გეგმას დილიდან განვითარებულმა მოვლენებმა შეუშალა ხელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას აცნობა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება იგეგმებოდა და შესაბამისი შინაარსის ფარული ჩანაწერიც გაავრცელა. პარალელურად ვითარება დაიძაბა მუხროვანის სამხედრო ბატალიონშიც. მაშინ, როდესაც შექმნილ ვითარებაზე პრეზიდენტი სააკაშვილი პირდაპირი ეთერით განცხადებას აკეთებდა, ოპოზიციაც შეიკრიბა და საგანგებო განცხადება გაავრცელა. მათ თბილისის შემოსასვლელების პიკეტირება ორი-სამი დღით გადადეს, გავრცელებულ ვიდეოფირს კი მორიგი სპექტაკლი და პროვოკაცია უწოდეს.

კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, ფიქრობს, რომ ამჯერად, შესაძლოა, ხელისუფლების მთავარი ამოცანა სულაც არ იყო ოპოზიციის დისკრედიტაცია, არამედ იყო საპროტესტო აქციებიდან სხვა, უფრო მნიშვნელოვან, ე.წ. გარე საფრთხეებზე ყურადღების გადატანის მცდელობა. თუმცა კუკავა ამბობს, რომ ის,რაც საზოგადოებამ ნახა, თავიდან ბოლომდე შსს-ს ”ფაბრიკაციაა”. კუკავა ოპოზიციის შეცდომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ მხოლოდ განცხადებებით:

”ჩვენ არ მოვითხოვეთ დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება და ხვალ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მოვითხოვთ დაწესდეს საერთაშორისო ზედამხედველობა ამ ფარულ ჩანაწერებზე.”

კუკავას აზრით, გამოძიება აუცილებელია, რადგან არც ერთი მსგავსი მასალა, რომელიც დღემდე გამოქვეყნდა, სასამართლომდე არ მისულა:

”გაიხსენეთ ჯერ კიდევ 7 ნოემბერს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები, შემდეგ ნინო ბურჯანაძის პარტიელების იარაღით ვაჭრობის ფაქტები, ლევან გაჩეჩილაძე რომ თითქოს რუსულ ტანკებს მოუძღოდა და სხვა მრავალი. რომელიმე ეს მასალა მივიდა სასამართლომდე? არც ერთ ამ დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.”

ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი კი ამბობს, რომ გულუბრყვილობაა ადამიანმა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სამხედრო გადატრიალების ეს ვერსია დაიჯეროს:

”ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი სპექტაკლი და აქვე ვსვამ მთავარ კითხვას: თუ არსებობდა ფარული ჩანაწერი და ხელისუფლებამ ამ შეთქმულების შესახებ წინასწარ იცოდა, რატომ დაელოდნენ იმ მომენტს, როდესაც შეთქმულების განხორციელება დაიწყებოდა? პასუხი ერთია - ეს ე.წ. შეთქმულება თავად მათ მიერ იყო ორგანიზებული საზოგადოების ყურადღების გადატანისა და საკუთარი რეაბილიტაციის მიზნით.”

ოპოზიციური სპექტრის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ”ალიანსი თავისუფლებისათვის” წევრს აკაკი ასათიანს კი ეჭვი აქვს, რომ ამ ფარული ჩანაწერების ადგილი არ იცვლება:

”ამ ფირებს რომ ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა ერთ ადგილასაა გადაღებული. არ ვიცი მსგავსი რამ რატომ ჰგონია ხელისუფლებას გამოსავალი და დაძაბულობის ასე ხელოვნურად პროვოცირება ქვეყანაში.”

წარმოდგენილი სქემით დაგეგმილი სამხედრო გადატრიალების აბსურდულობაზე საუბრობს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილიც:

”კოშმარული სცენარი დაგვიხატეს, რომ უნდა აფეთქებულიყო შსს, რუსთავი 2-ის შენობა, პროკურატურა, რომ ამას აკეთებს 30 ადამიანი და თან საუბრობდნენ, რომ მეტი რად უნდაო. მერე ვითომ უნდა რუსები შემოსულიყვნენ და არჩევნები ჩაეტარებინათ, ჩამოსულიყო ასლან აბაშიძე და ლევან მამალაძე. ეს ისეთი აბსურდული რამაა, რომ არ ჰგავს ბუნებრივს და ძალიან ჰგავს პროვოცირებულს.”

5 მაისს გავრცელებული ვიდეოფირის შესახებ კომენტარი გენერალთა კლუბის საპატიო თავმჯდომარემ გია ყარყარაშვილმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ სიცრუის ეპოქაში ვცხოვრობთ, ხოლო ის, რაც კეთდება, თავზეხელაღებული ადამიანების ნახელავია. შსს-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ ”დელტას” ყოფილი მეთაური გია ღვალაძე სამხედრო ამბოხის ორგანიზებაზე საუბრისას, გია ყარყარაშვილის გარდა, სხვა სამხედრო პირებსაც, მათ შორის, დავით თევზაძეს და კობა კობალაძესაც ასახელებდა. ეს უკანასკნელი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
XS
SM
MD
LG