Accessibility links

logo-print

პიერ მორელი ცხინვალში შეხვედრის ჩაშლის გამო სინანულს გამოთქვამს


პიერ მორელი

პიერ მორელი

5 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ცხინვალში ვიზიტი ჩაიშალა. ამ ფაქტის გამო ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარემ - ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებზე პიერ მორელმა რადიო თავისუფლებას დღეს საღამოს განუცხადა:

”ჟენევის მოლაპარაკებების სამი თანათავმჯდომარის სახელით, კერძოდ კი - გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლის, ელჩ - იოჰან ვერბეკეს, ეუთოს საგანგებო წარმომადგენლის, ელჩ ხრისტოპულოსისა და ჩემი - საქართველოს კრიზისის საკითხებზე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის სახელით სინანულს გამოვთქვამ იმის გამო, რომ ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა წარმოქმნილი იმგვარი წინაღობების გამო, რასაც ზეგავლენა არ მოუხდენია ჩვენს ადრინდელ ოთხ ვიზიტზე ცხინვალში. ჩვენ - თანათავმჯდომარეები კვლავაც მოველით, რომ სამხრეთ ოსეთიდან მონაწილეებს შევხვდებით ჟენევაში, ვიდრე შევუდგებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, რომელიც 18-19 მაისს გაიმართება”.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალში დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ოსურ საინფორმაციო სააგენტო ”რეს”-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ცხინვალის ხელისუფლება ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებს მიიღებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე კოკოითის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ტრანსპორტით შევიდოდნენ და არა ეუთოს ავტომანქანებით. ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ამ პირობის შესახებ გასულ პარასკევს აცნობეს ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებს: ”ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრანსპორტი, რომლებსაც არ აქვთ წარმოამდგენლობები სამხრეთ ოსეთში, არ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ჩვენს ტერიტორიაზე” - განაცხადა 4 მაისს ჩოჩიევმა. გარდა ამისა, ჩოჩიევის თქმით, თუკი ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეები არ დათანმხდებოდნენ ცხინვალის ამ პირობას, ცხინვალის ხელისუფლება ამას ”დიდ ტრაგედიად” არ ჩათვლიდნენ.

ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებმა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოსამზადებლად 4 მაისს სოხუმში გამართეს შეხვედრა.
XS
SM
MD
LG