Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე საქართველოზეც ისაუბრეს


საქართველოში მომხდარზე 5 მაისს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრეს. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელს - რობერტ ვუდს გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტება სთხოვა. ვუდის პასუხი: ”რა შემიძლია გითხრათ, ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. მოვუწოდებთ ყველა მხარეს საქართველოში კონსტიტუციური წესრიგისა და დემოკრატიული პროცესების დაცვისკენ. როგორც გავიგე, არავინ დაშავებულა და რაღაც მსგავსი არ მომხდარა. მეტი ინფორმაცია არ მაქვს”.
რობერტ ვუდმა აგრეთვე განაცხადა: ”რასაკვირველია შეწუხებული ვართ ამ რეგიონში ნებისმიერი სახის არასტაბილურობით, ან პოტენციური არასტაბილურობით. მაგრამ, მე არ შემიძლია ვიცოდე ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ამ დროისთვის ასეთი დეტალები არ გამაჩნია. როგორც ჩანს, ქართველების მიერ ჩატარდება გამოძიება და ვნახავთ როგო წარიმართება ის”. სახელმწიფო დეპარტამენტში 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ ხომ არ წამოჭრის ამ საკითხს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრისას.
ვუდმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ასეც მოხდეს, მაგრამ დაზუსტებით არ იცის, თუმცა, ვარაუდობს, რომ ჰილარი კლინტონი რუს კოლეგასთან შეხვედრისას რუსეთის მიერ 12 აგვისტო შეთანხმების დარღვევის საკითხს წამოჭრის.
XS
SM
MD
LG