Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 6 მაისი 2009


”კარგია, რომ ასეთი ხელისუფლების ხელში ეჭვის უფლება მაინც საყოველთაო უფლებაა”, - ამბობს სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე 5 მაისის ამბების კომენტირებისას ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ”რა ვიცი, ვიღაცა ტიპი ზის და ლაპარაკობს. ასეთივე წარმატებით შეეძლო მაგ ადამიანს ეთქვა, უცხოპლანეტელთა 5 ბატალიონი მიჭერს მხარსო. ამით რამე შეიცვლებოდა?! მე მგონი - არა. კადრები დამაჯერებელია თუ არა, ეს კი არ არის არსებითი, არამედ ქვეყანაში რაც ხდება - ესაა არსებითი და ამაშია პრობლემა”, - აცხადებს კახა კაციტაძე, რომლის აზრითაც, საქართველოს ხელისუფლება აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ავტორიტარულ ხელისუფლებებს ემსგავსება.

”რეზონანსშივე” გია ყარყარაშვილთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ: ”მე რაც გავიგე ამ ჩანაწერებით, თურმე, ჩვენ 6 კაცს დაგვიგეგმია ეს ამბოხი. ვიმეორებ, ავადმყოფებთან გვაქვს საქმე. არ გადამრიოთ, რა ამბოხზეა საუბარი. თუ მე ვამზადებდი გადატრიალებას, მაშინ დამიჭირონ”, - ამბობს ყარყარაშვილი. შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა დაპატიმრებას, ყარყარაშვილი პასუხობს: ”თუ ასეთ საჩუქარს გაუკეთებენ ოპოზიციას, მაშინ მაგარი ბრიყვები აღმოჩნდებიან”, - ამბობს ყარყარაშვილი.

”რეზონანსის” ერთ-ერთი სტატიის ავტორი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე წერს: ”სრული კრახით დასრულდა ნაციონალური ექსპერიმენტი საქართველოში, მაგრამ რა გველის წინ - მორიგი ექსპერიმენტი თუ ქვეყნის გამოყვანა ამ გაუთავებელი ვარდნისგან, მფრინავები ”შტოპორს” რომ უწოდებენ, სამწუხაროდ, ჯერ არ არის გარკვეული. ხელისუფლება აშკარად გადამწიფებულია, ხოლო ოპოზიცია ჯერ თითქოს არ მომწიფებულა საიმისოდ, რომ მოვლენებს ლოგიკური ბოლო ან გაგრძელება მოეძებნოს”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი.

”ბუნტი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!!!” - ასეთია გაზეთ ”ვერსიის” პირველი გვერდის სათაური. ”ჯერჯერობით უცნობია, რა კავშირი აქვს ამ მაგისტრალების გადაკეტვას 5 მაისს გავრცელებულ ინფორმაციასთან, სადაც მამუკა გორგიაშვილი აცხადებს, თბილისისკენ უნდა დავძრულიყავით და იქ დაგვხვდებოდა ოპოზიციაო, მაგრამ ფაქტია, ოპოზიციამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და ვითარება აღარ გაამწვავა”, - წერს “ვერსიის” ავტორი და განაგრძობს: ”გვიან ღამით, ვახტანგ მაისაიას დაკავებისა და შპიონაჟში ბრალდების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება ბადრი ბიწაძის დაპატიმრება, რადგან ღვალაძის მიერ ჩამოთვლილ ჩინოვნიკებს ერთი რამ აერთიანებს - ისინი ბიწაძის მეგობრები არიან და ხელისუფლებას ეს ორომტრიალი სწორედ ამისთვის დასჭირდა, რომ მისი აყვანა ”გააპრავოს”. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლებელია, შინაპატიმრობაში აიყვანონ გენერალი გია ყარყარაშვილი”, - წერს ”ვერსია”. ამ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს: ”ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაძლია კომპლექსი, რომ მისი ქმედება რუსეთის მხარდაჭერად აღიქმებოდა. რუსეთმა თავად დაამტკიცა, რომ ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. ლაპარაკობს, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი და ცდილობს, სწორედ ის დარჩეს საქართველოს ხელისუფლებაში, რათა ბოლომდე მიაღწიოს საკუთარ მიზნებს. ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ მოახდენს კატალიზატორის ეფექტს, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ევროპასა და აშშ-თან ურთიერთობა და არა მგონია, რეალურ ინტერვენციას გეგმავდნენ”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

5 მაისის მოვლენებზე წერს ”ახალი თაობაც” და, მუხროვანთან დაკავშირებული ამბების გარდა, მკითხველს აუწყებს, რომ გუშინ პარლამენტარი პაატა დავითაია ლევან გაჩეჩილაძესთან მივიდა შეხვედრაზე: ”პაატა დავითაიას და ლევან გაჩეჩილაძეს კარგი ურთიერთობა აქვთ. ეს ურთიერთობა არ გაციებულა მას შემდეგ, რაც დავითაია დანარჩენმა ოპოზიციამ პარლამენტში შესვლის შემდეგ მოღალატედ შერაცხა. დღეს დავითაია ცდილობს, რომ შუამავლის როლი ითამაშოს, თანაც მასზე განაწყენებული ოპოზიციის გული მოიგოს. პაატა დავითაია ორი დღის წინ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამ ინიციატივის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარესაც უთხრა”, - წერს ”ახალი თაობა”.

”24 საათის” პირველი გვერდის სათაურები: ”რუსეთთან კოორდინირებული ამბოხი. მიზანი: მინიმუმ - ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლა, მაქსიმუმ - ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობა”, ”ამბოხის პასუხი - ნატოს გაფართოება გაგრძელდება”. ჟურნალისტი წერს, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ამბოხის წინა დღეს ესტონური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ”ნატო რუსეთს მისი გაფართოების შეჩერების საშუალებას არ მისცემს”. ”24 საათი” მკითხველს 5 მაისის მოვლენების ვრცელ ოფიციალურ ქრონიკას სთავაზობს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG