Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ცხინვალის რეგიონის საზღვარზე „ჩინურ კედელს“ არ ააშენებს


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ნაწილები ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს დაჩქარებული წესით აწყობენ. ცხინვალში შეიქმნა სპეციალური სასაზღვრო სამმართველო, რომელსაც რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ნაწილები დაექვემდებარა. ცხინვალში იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქის სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ–პოლკოვნიკი ნიკოლაი ლისინსკი, რომელმაც ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას საზღვრის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის, ვიდეომეთვალყურეობის და ლოკაციის სისტემებით დაცვაზე ისაუბრა. „მავთულხლართიანი ღობეების და რაღაც ჩინური კედლების შექმნის გეგმა ჩვენ არ გვაქვს”, - განაცხადა გენერალმა ლისინსკიმ.

რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დამატებითი მძიმე ტექნიკის და პირადი შემადგენლობის გაგზავნაზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ მითხრა, რომ, მისი ინფორმაციით, ცხინვალში, მესაზღვრეების გარდა, რუსეთმა მოიერიშე ბატალიონებიც განალაგა. ეს კი, პაატა დავითაიას შეფასებით, პროვოკაციების ალბათობას ზრდის.

გასული წლის აგვისტოს ომის მიუხედავად, ქართველი და ოსი ნათესავები, განსაკუთრებით სოფლებში, ერთმანეთთან მიმოსვლას მაინც ახერხებდნენ. დღეს ცხინვალშიც და მოსაზღვრე სოფლებშიც ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, როგორი იქნება საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი. ამ საკითხზე დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
XS
SM
MD
LG