Accessibility links

სამხედრო ამბოხების მონაწილეებმა აღიარებითი ჩვენებები მისცეს


6 მაისს მთელი დღის მანძილზე ტელევიზიით ვრცელდებოდა მუხროვანის ბატალიონში განვითარებული მოვლენების გამო დაკავებული ადამიანების აღიარებითი ჩვენებები. პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. 5 მაისის სამხედრო გადატრიალების მცდელობა, მუხროვანის ბატალიონში განვითარებული მოვლენები და ტელევიზიით გავრცელებული ფარული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის ორგანიზებაზეა საუბარი, ოპოზიციამ ხელისუფლების პროვოკაციად შეაფასა. ექსპერტებს კი გაცილებით მეტი კითხვა აქვთ მომხდართან დაკავშირებით, ვიდრე პასუხი. სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ გადატრიალების რამდენიმე ორგანიზატორს.

სამხედრო დაუმორჩილებლობის ეპიცენტრში, მუხროვანის ბატალიონში, ახლა სიმშვიდეა. ამის შესახებ 6 მაისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სამხედრო ძალების ხელმძღვანელობას შეხვდა, გენერალური შტაბის უფროსმა დევი ჭანკვეტაძემ მოახსენა: ”ნაწილებში სტაბილური სიტუაციაა, ჩვენი დანაყოფები წესრიგშია.”

თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი სამხედრო შემადგენლობას წარმატებული ოპერაციისათვის მადლობა გადაუხადა და 5 მაისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა ასე შეაფასა: ”გუშინდელი ფაქტი ძალიან შემაშფოთებელი იყო. განსხვავება გუშინდელ მუხროვანსა და რამდენიმე წლის წინანდელ მუხროვანის ამბებს შორის ისაა, რომ თუ მაშინ ამბოხება შეიარაღებული ძალების მოქმედმა ოფიცრებმა მოაწყვეს, ახლა იმავე ოფიცრებმა, ოღონდ გაგდებულებმა, სცადეს ამ ამბოხის გარედან ინიცირება. თუ მაშინ მთავრობამ ენის მოჩლექა დაიწყო და დამნაშავეები საპატიო თანამდებობებზე მოაწყო, დღეს ყველა მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.”

მუხროვანში 5 მაისის შუადღისათვის ინციდენტი უკვე ამოწურული იყო. მანამდე საზოგადოებამ ფარული ჩანაწერიც იხილა, სადაც ერთ-ერთი ოფიცერი, გია ღვალაძე, მოსალოდნელი სამხედრო გადატრიალების შესახებ საუბრობს. სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს ამ ფარულ ჩანაწერში მოხსენიებული რამდენიმე პირი - მათ შორის, ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი კობა კობალაძეც. ბუნტის რამდენიმე ორგანიზატორზე ამ დრომდე ძებნაა გამოცხადებული. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა 6 მაისს, განცხადებით გამოსვლისას, თქვა, რომ თითოეულ მათგანზე 50 000 ლარიანი ჯილდოა დაწესებული: ”ჩვენ დაკავებული გვყავს 13 სამოქალაქო პირი, 10-მდე სამხედრო, სამი ადამიანი - ოთანაძე, წკრიალაშვილი და ამირიძე - მიმალვაში არიან და მათთვის ჩვენ ვაწესებთ ჯილდოს 50 000 ლარს.”

პოლკოვნიკები კობა ოთანაძე და გია წკრიალაშვილი სწორედ ის ოფიცრები არიან, რომლებმაც 8 წლის წინ, 2001 წლის მაისში, მუხროვანში ცნობილი ”მშიერი ბუნტი” დაგეგმეს, რის გამოც ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

6 მაისს გავრცელდა რამდენიმე ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენებაც - მათ შორის, ფარული ჩანაწერის მთავარი გმირის, გია ღვალაძისა; ასევე საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეკანის, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას აღიარებითი ჩვენებაც, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. ვახტანგ მაისაიამ აღიარებით ჩვენებაში თქვა, რომ ის დაშიფრული სახის მასალებსა და ინფორმაციას გზავნიდა შესაბამის მისამართებზე რუსეთში, შედეგად კი, 7 000 ევროიან ანაზღაურებას იღებდა: ”პირველ ეტაპზე ანალიტიკური მასალების დავალებას მაძლევდნენ, შემდეგ ოპერატიული მასალების მოპოვებაზე გადავედით. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ინფორმაციის გასაიდუმლოების მიზნით, მომცეს დაშიფრული კომპიუტერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ვაგზავნიდი მასალებს.”

ამ ფაქტის შესახებ კომენტარი მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა:

”ეს კაცი ჩადგა მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურის სამსახურში და მან დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს უსაფრთხოებას მთელი ამ წლების განმავლობაში. მარტო ის რად ღირს, რომ აგვისტოს ომის დროს ყოველ ორ საათში ერთხელ ის გადასცემდა მოწინააღმდეგეს საქართველოს ჯარის პოზიციებს, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა.”

შსს-ს ცნობით, ვახტანგ მაისაიას ქმედებაში იკვეთება ჯაშუშობის ელემენტები. ეს დანაშაული 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მართალია, სამხედრო შემადგენლობამ პრეზიდენტის მადლობა მიიღო და ხელისუფლებამაც განაცხადა, რომ საქართველომ თავიდან აიცილა რუსეთიდან მომავალი მორიგი აგრესია, 5 მაისს მომხდარი ამბოხების გარშემო უამრავი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში - მათ შორის, სამხედრო ექსპერტებშიც. ერთ-ერთი მათგანია ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ვერ მოისმინა, რა გახდა მოტივი სამხედროების დაუმორჩილებლობისა. მისი თქმით, არადამაჯერებელი იყო დაბალი რანგის სამხედროსგან ფარულ ჩანაწერში მოსმენილი საუბარიც. გაჩნდა ბევრი ”რატომ”: ”როდესაც საუბარი იყო რუსულ აგრესიაზე, რომელიც 5 მაისს, 12 საათზე, უნდა დაწყებულიყო და რომლის მოწმეც არ გავმხდარვართ, საბედნიეროდ, თუკი ხელისუფლებას ეს ინფორმაცია ჰქონდა, რატომ არ მიიღო კონტრზომები, რატომ არ მოიყვანა სამხედრო მზადყოფნაში შეიარაღებული ძალები და რატომ არ დაიწყო ევაკუაცია იმ ადგილებიდან, სადაც რუსები შემოსვლას აპირებდნენ?”

სესიაშვილი ამბობს, რომ, თუ ქართველი კაცის დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ რუსეთის მიმართ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ ისინი ერთობლივი ძალებით აპირებდნენ თბილისის აღებას. სესიაშვილი აკეთებს კიდევ ერთ დაშვებას - შესაძლოა ბუნტს სხვა მიზეზი ჰქონდა, რომლის ტრანსფორმირებაც მოგვიანებით შსს-ში მოხდა: ”შეიძლება გარკვეულ სიმართლესთან გვქონდეს საქმე, ან ფაქტები იყოს დამახინჯებული და მოტივიც, თუ რატომ აჯანყდნენ ჯარისკაცები, შეცვალეს.”

რადიო თავისუფლება ესაუბრა უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკს, ექსპერტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბესიკ ალადაშვილსაც, რომელმაც გვითხრა, რომ სამხედრო გადატრიალება, როგორც წესი, ასე მარტივად არ იგეგმება. ბესიკ ალადაშვილი ფიქრობს, რომ ჩანაწერი უფრო კომიქსს ჰგავდა სახელმწიფო გადატრიალებაზე, ვიდრე რეალურ ამბავს: ”თუ იყო მონაცემები სამხედრო გადატრიალების მზადებისა, მაშინ ჩვენს სპეცსამსახურებს ეს ადრევე უნდა აღეკვეთათ და არ უნდა მომხდარიყო ფაქტის წინაშე დადგომა. როდესაც სამხედრო ნაწილი აკეთებს განცხადებას, რომ ის არ ემორჩილება ხელისუფლებას, ეს უკვე ბუნტია, მაგრამ ეს ჩანაწერი ხომ მანამდე არსებობდა.”

მომხდარს გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ კერიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

საქართველო დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკაა და მისი მთავრობის არადემოკრატიული გზით შეცვლის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ქართველ ხალხს სურს სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება და მათ ნებას პატივი უნდა ეცეს.

იყო კიდევ ერთი გამოხმაურება. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელს რობერტ ვუდს გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტება სთხოვა. ვუდის პასუხი ასეთი იყო: ”ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. მოვუწოდებთ ყველა მხარეს საქართველოში კონსტიტუციური წესრიგისა და დემოკრატიული პროცესების დაცვისაკენ. როგორც გავიგე, არავინ დაშავებულა და რაღაც მსგავსი არ მომხდარა. მეტი ინფორმაცია არ მაქვს. შეწუხებულები ვართ ამ რეგიონში ნებისმიერი სახის არასტაბილურობით, ან პოტენციური არასტაბილურობით, მაგრამ მე არ შემიძლია ვიცოდე ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ქართველების მიერ ჩატარდება გამოძიება და ვნახავთ, როგორ წარიმართება ის.”

ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ 5 მაისის სამხედრო გადატრიალების აღკვეთით და, ზოგადად, განვითარებულ მოვლენებზე ყურადღების მიპყრობით ხელისუფლება შეეცადა ძალის დემონსტრირებას, აჩვენა, რომ ძალუძს ისეთი კრიზისული მომენტების მოკლე ვადაში განმუხტვა, როგორიც სამხედრო ბუნტია; გზავნილი გაუშვა დასავლეთის მისამართით და რუსეთის აგრესიის აქცენტირება მოახდინა; გარკვეულწილად, თითი დაუქნია ოპოზიციას და მიანიშნა, რომ ხელისუფლებას შეუძლია აღარ იყოს ლოიალური; დაბოლოს, კიდევ ერთხელ მიიქცია მსოფლიო მედიის ყურადღება.
XS
SM
MD
LG