Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სადაოდ ქცეული სწავლება სტარტს იღებს


ქართველი და თურქი სამხედროების ვაზიანის ბაზაზე.
ქართველი და თურქი სამხედროების ვაზიანის ბაზაზე.
მიუხედავად ზოგიერთი ქვეყნის უარისა, ნატოს მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლება საქართველოში დაგეგმილ ვადებში ჩატარდება. მასში მონაწილე ქვედანაყოფები უკვე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაბანაკდნენ და, ალიანსის სამხედრო მეთაურების ხელმძღვანელობით, წინასწარი მომზადება დაიწყეს, ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლების - ”კოოპერეითივ ლანსერ-ლონგბოუს” - საზეიმო გახსნის ოფიციალური ცერემონია კი 11 მაისს იგეგმება.

ნატოს სამშვიდობო სწავლებებს საქართველოში ყოველთვის ახლდა უსიამოვნო სიურპრიზები. ზოგჯერ ეს იყო ქართველ სამხედროთა ამბოხი, ზოგჯერ შეიარაღებული პროვოკაციები კონფლიქტურ ზონებში და ზოგჯერ დიპლომატიური ხელშეშლის მცდელობა რუსეთის მხრიდან. სამშვიდობო მანევრები,”კოოპერეითივ ლანსერ-ლონგბოუ”, რომელსაც საქართველო სამი კვირის მანძილზე უმასპინძლებს, ამ თვალსაზრისით გამორჩეულია. საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი, 5 მაისს მცდელობა ჰქონდა სამხედრო ამბოხს მუხროვანში განლაგებულ სამხედრო ნაწილში და რუსეთის გაღიზიანებაც ნატოს მანევრების სქართველოში ჩატარების მიმართ უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუმცა ნატოს სადავოდქცეული სწავლებები საქართველოში დათქმულ ვადებში გაიმართება. 6 მაისს ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არმიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს განაცხადა:

“ მე მინდა მივესალმო, რომ ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” სწავლებები დაიწყო ისე, როგორც დაგეგმილი არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მიმდინარეობს ჩვეულებრივ რეჟიმში. ეს ნიშნავს, რომ არანაირი გრაფიკისა ან სხვა რამის ცვლილებები ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და საქართველოს შიგნით არ ხდება.”

თუმცა ნატოს მანევრები საქართველოში შეიძლება მხოლოდ ფორმალურად ჩაითვალოს დაწყებულად: ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ქვედანაყოფების გენერალური რეპეტიცია, ნატოს მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლებები საქართველოში კი ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი მუჩაიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა:

”როგორც მოგეხსენებათ, 11 მაისს არის დაგეგმილი სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია და ყველაფერი მოხდება ნატოსა და ნატოს ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის პროცედურების თანახმად.”

გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი სწავლებაში მონაწილეთა სიაში. ადრე გამოცხადებული 19 ქვეყნის ნაცვლად, საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ ნატოს მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ალიანსის წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის წარმომადგენლები. პროგრამით ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” დაგეგმილი წვრთნის ოფიციალურად დასახელებულ მონაწილეთაგან საქართველოში სამხედროთა გამოგზავნაზე უარი თქვეს ყაზახეთმა, მოლდავეთმა, სერბეთმა და სომხეთმა. თავისი მონაწილეობა შეამცირა აზერბაიჯანმა - სწავლებაში მხოლოდ 8 ოფიცერს გამოგზავნის. როგორც ნატოს შესახებ საქართველოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ქვედანაყოფების ჩამოუსვლელობა რაოდენობრივად არ აისახება დაგეგმილ სწავლებაზე:

”მონაწილე ქვეყნებს ოფიციალურად გამოაკლდა ყახაზეთი, სერბეთი, მოლდოვა. და უკანასკნელი, ვინც უარი თქვა, არის სომხეთი. ყველა ისინი წარმოდგენილნი იყვნენ, სავარაუდოდ, თითო ოცეულით და, სავარაუდოდ, რამდენიმე ოფიცრით. რაოდენობრივად ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს. უბრალოდ, სტატისტიკურად, რა თქმა უნდა, დასანანია.”

თენგიზ გოგოტიშვილის თქმით, სწავლება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ფაზა ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, მეორე ეტაპი კი დაეთმობა არასაშტაბო საველე სწავლებას.

ნატოს სწავლება საქართველოში პირველ ივნისამდე გასტანს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა ნატოს მანევრებს მასში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურები ან თავდაცვის მინისტრები. ”კოოპერეითივ ლანსერ-ლონგბოუ ” რიგით მეექვსე სწავლებაა, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. ნატოს ”მშვიდობისათვის პარტნიორობის” პირველი მრავალეროვნული სწავლება კი საქართველოში 2001 წლის მაისში ფოთში გაიმართა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG