Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 7 მაისი 2009


7 მაისის ქართული ბეჭდური მედიის მთავარი თემა 6 მაისს ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტია. „სისხლიანი ამბები სამმართველოსთან“. გაზეთ „რეზონანსის“ ამ სტატიაში წაიკითხავთ, რომ პირველი არხის თანამშრომლის ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული “9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ წევრების გიორგი ონიანის, რევაზ რევაზიშვილისა და მელორ ვაჩნაძის დაპატიმრებას და ინფორმაციას მათ წამებასთან დაკავშირებით სისხლიანი გიორგობა მოჰყვა. შეფასებას ეგრეთ წოდებული სისხლიანი გიორგობის შესახებ იზიარებს გაზეთი ”24 საათიც”. სტატია, სათაურით „რუსთაველის გამზირიდან პლასტიკურ დაპირისპირებამდე“, ისევე როგორც ამ თემაზე დაბეჭდილი პუბლიკაციების უმრავლესობა, აღწერილობითი ხასიათისაა. რაც შეეხება შეფასებას, გაზეთ „ახალი თაობის“ თანახმად, ქართულმა დემოკრატიამ გამოცდა ისევ ვერ ჩააბარა და საქართველოში სისხლი კიდევ ერთხელ დაიღვარა:

„მართალია, ამჯერად ავტომატები არავის გამოუყენებია, მაგრამ მნიშვნელობა ნაკლებად აქვს, სისხლი ავტომატიდან ნასროლი ტყვიით დაიღვრება, ქვით თუ რეზინის ხელკეტით.“ დღესვე გაზეთი ”ახალი თაობა” მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის წევრთან, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან, რომლის აზრითაც, ხელისუფლებამ ოპოზიცია კანონსაწინააღმდეგო ქცევებში აქამდე ვერ გამოიჭირა. შესაბამისად, ოპოზიცია მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადადგას და ხელისუფლებას არ მისცეს ლეგიტიმური უფლება, დაარბიოს მიტინგები.

რას აპირებს ოპოზიცია სამომავლოდ? პოლიტიკურ ლიდერებთან ბლიც-ინტერვიუებს გაზეთი „ალია“ აქვეყნებს. „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა შარტავას, აზრით, ოპოზიციას აქვს ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი: „ჩვენი ერთად დგომა, საყოველთაო და მასშტაბური საპროტესტო აქციები არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს ფარგლებში, ცარიელი ხელებითა და სავსე გულით. ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმაც და ამოცანაც.” კონკრეტულ გეგმებზე არ საუბრობს ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციის ამოცანაა შეინარჩუნოს სხვადასხვა პიკეტები, რომლებიც სპონტანურად წარმოიქმნა დიღმის შესასვლელთან.“

გაზეთ ”ყველა სიახლის” რესპონდენტებს შორის არის ხელისუფლების წარმომადგენელიც. დეპუტატ დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ოპოზიციამ 6 მაისს კონსტიტუციური წყობის საწინააღმდეგოდ სერიოზული ნაბიჯი გადადგა, როცა პოლიციის შენობაში შეჭრა განიზრახა: „ პოლიციას აქვს უფლება, ყველა ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოების ობიექტი, სადაც დაკავებულები იმყოფებიან. მგონი, საზოგადოების დიდ უმრავლესობას ნამდვილად არ უნდა 1990-იანი წლების დასაწყისში დაბრუნება. მაგრამ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილს სწორედ ეს სურს. სახელმწიფოს შესწევს ძალა და შესაძლებლობა, რომ კანონის ფარგლებში წესრიგის დასაცავად გამოიყენოს ის, რაც საჭიროა“, - უთხრა დავით დარჩიაშვილმა გაზეთ “ყველა სიახლეს“.
XS
SM
MD
LG