Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ეკონომიკურ სარგებელს მოელის საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობიდან“


ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" რუკა
ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" რუკა
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა ევროკავშირის მეზობელ ექვს ქვეყანას ევროპასთან არა მარტო პოლიტიკურად დაახლოებს, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების საშუალებასაც აძლევს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური გამოცოცხლების შესაძლებლობად მიაჩნიათ.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება და სავიზო რეჟიმის გამარტივება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ ინიციატივების მოსალოდნელ ეკონომიკურ შედეგებზე ერთი კვირის წინ ისაუბრა რადიო ”თავისუფლებისთვის” პრაღის შტაბბინაში სტუმრობისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ. თავდაპირველად ბარამიძის მოსაზრება სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ:
„გვინდა, რომ თანამშრომლობა ავიდეს ისეთ დონეზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილდეთ გადაადგილება, მათ ჰქონდეთ საშუალება ლეგალურად წავიდნენ ევროკავშირში, იმუშაონ და უკან დაბრუნდნენ.“

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის სისტემას, ბარამიძის აზრით, ეს საქართველოს დამატებით ინვესტიციებსა და დამატებით სამუშაო ადგილებს მოუტანს. საქართველო ახლაც სარგებლობს ევროკავშირთან გამარტივებული ვაჭრობის პროგრამით, რომელსაც „ჯი–ეს–პი პლუსი“ ეწოდება და რომელიც საქართველოში დამზადებულ 7 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციას შეეხება. გიორგი ბარამიძის კომენტარი:

„როდესაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება, ჯი–ეს–პი პლუსის სია გაფართოვდება და მოიცავს ყველა პროდუქტს, რისი წარმოებაც საქართველოში შეიძლება. ეს ნიშნავს ახალ ინვესტიციებს და ახალი საწარმოების შექმნას.“

ამ სარგებლის მისაღებად საქართველოს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ხელმოწერის გარდა, ევროკავშირის ვალდებულებებიც უნდა შეასრულოს. მათ შესახებ კონკრეტული საუბარი ჯერჯერობით რთულია, რადგან საქმე ჯერ ხელშეკრულების გაფორმებამდე არ მისულა. ზოგიერთი ვალდებულების შესრულების აუცილებლობის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია ლაპარაკობს:
„მას მერე, რაც დეტალურად გაიწერება საქართველოს მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები, შეგვეძლება დეტალურად ვიმსჯელოთ, რამდენად შესრულებადია. ამის წინა დოკუმენტში გარკვეული ჩავარდნები იყო. ესაა სტანდარტიზაციის საკითხები, რომლის ცვლილება დაიწყო და არ დასრულებულა.“

სტანდარტიზაციის საკითხების მოგვარების გარდა, ევროკავშირი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სანაცვლოდ, საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების პირობასაც აყენებს. მათ შორისაა ერთ-ერთი შრომის კანონმდებლობა, რომლის ლიბერალიზაციის გამო ოფიციალურმა თბილისმა არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის მაღალი შეფასება დაიმსახურა. საქართველოს რომ ამ მიმართულებით დათმობებზე წასვლას მოსთხოვენ, ამას „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძეც აღნიშნავს. იგი იმ უპირატესობებზე საუბრობს, რაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჯი–ეს–პი პლუსის პროგრამისგან განასხვავებს:

„თავისუფალი ვაჭრობა ყოველთვის დადებით ეფექტს იძლევა. ეს იქნება იმის საშუალება, რომ ქართველმა მეწარმემ პირდაპირ შეიტანოს პროდუქცია ევროპის ბაზარზე, დამატებითი კვოტებისა და შეზღუდვების გარეშე.“

ვაჭრობისა და მიმოსვლის გამარტივების გარდა, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში გათვალისწინებულია მონაწილე ქვეყნების - მათ შორის, საქართველოს - ფინანსური დახმარებაც. ექსპერტთა ნაწილი ამას დადებით მოვლენად მიიჩნევს, ნაწილი კი შიშობს, რომ დიდძალი უცხოური ფულადი დახმარება კორუფციის საფრთხის მატარებელია. ამასთანავე, ის ხელისუფლებას უბიძგებს ნაკლებად იზრუნოს გადასახადის გადამხდელებზე, რადგან მას შემოსავლის სხვა წყაროები აქვს, ამ შემთხვევაში, უცხოური დახმარების სახით.
XS
SM
MD
LG